რუსები ყოველთვის ეჭვიანობდნენ, რომ ქართველები სინჯებს გამოსაკვლევად ისევ სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვში კი არ ვაგზავნიდით, არამედ ლუგარის ლაბორატორიაში ვიკვლევდით. რიჩარდ ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრი, ანუ ბიოუსაფრთხოების მესამე დონის ლაბორატორია, სადაც ეპიდემიებთან ბრძოლის გზებს სახავდნენ, იმდენად აღიზიანებდა რუსეთს, რომ ამ საქმეში წარმოშობით ქართველი იგორ გიორგაძეც ჩართეს, რომელმაც წერილობით აცნობა ტრამპს, ამ ლაბორატორიაში რუსეთზე ბიოშეტევა იგეგმება ამერიკელების ხელით, ამიტომ უნდა დაიხუროსო. გიორგაძეს არ მოსწონდა ამ ლაბორატორიაში ცე ჰეპატიტის მკურნალობა, რამაც, მისი მტკიცებით, 2015 წელს თურმე 30 ადამიანი შეიწირა, მათგან 24 ადამიანი თურმე ერთ დღეს დაიღუპა. დღეს კი ლუგარის ლაბორატორია მიზანში ამოიღეს ამერიკელებმა და მისი დაფინანსების შეწყვეტით დაგვემუქრნენ, იმის მიუხედავად, რომ აშშ არასდროს აფინანსებდა ამ ლაბორატორიას. ბევრ ადამიანს ჰგონია, ეს ხომ არ არის იმ კულუარული გარიგებების შედეგი, რომლითაც აღნიშნული ლაბორატორიის დახურვით სიამოვნებას მიანიჭებენ რუსეთს?
ამ საკითხების შესახებ for.ge-ს „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ესაუბრა.
მართალია, ხელისუფლება ირწმუნება, რომ აშშ-ის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეწყვეტა კვლევით დაწესებულებას ხელს არ შეუშლის, რადგან საუბარია მხოლოდ 2 მილიონ ლარზე, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორის ქმედებას ასეთი რამ არ შეესაბამება და ამ გადაწყვეტილების მიღმა ბევრი ადამიანი ხედავს რუსეთის გავლენას და კულუარულ გარიგებას. თქვენ რას ფიქრობთ?
- კულუარული გარიგება არ მომხდარა, ეს ყველაფერი არის შეთქმულების თეორია და ჩეკისტური დეზინფორმაცია, რომელსაც რუსეთის ჩეკისტები ავრცელებდნენ. მე გეტყვით სინამდვილეს, რომელიც კარგად ვიცი. სენატორმა ლუგარმა, რომელიც ხელმძღვანელობდა მსგავს პროგრამას, ყველას და, პირველ რიგში, რუსეთს შესთავაზა, რომ შეერთებული შტატები მათთან ბიოლოგიურ ლაბორატორიებს ააშენებდა. ეს იყო ზუსტად იგივე, რაც გვახსოვს საბჭოთა კავშირის დროს, როცა არსებობდა ცოფის წინააღმდეგ, ეპიდემიის წინააღმდეგ ლაბორატორიები. იმ პერიოდში არ დათანხმდა რუსეთი ამ წინადადებას, თორემ სენატორი ლუგარი ყოველ წელს ჩადიოდა რუსეთში და ძალიან ბევრი საქმეც გაუკეთა რუსეთს, ვგულისხმობ მთელი რადიაქტიური ნივთიერებებისგან გასუფთავებას. სენატორი ლუგარი და სენატორი ობამა ორივენი ჩადიოდნენ რუსეთში, მათ შორის, რუსები საიდუმლო ადგილებშიც უშვებდნენ. ალბათ, მილიონები გადაიხადა შეერთებულმა შტატებმა, რომ რადიაციული დაბინძურებისგან გათავისუფლებულიყო მრავალი ადგილი რუსეთში.
ზოგიერთები ფიქრობენ, რომ რუსეთს აღიზიანებდა ზუსტად ის ფაქტი, რომ, მართალია, ეს ლაბორატორია საქართველოში ფუნქციონირებდა, მაგრამ ანგარიშვალდებული იყო აშშ-სთან.
- მე გეტყვით, რაც აღიზიანებდა რუსეთს. მოგეხსენებათ, სომხეთი დათანხმდა, საქართველოც დათანხმდა ამ ლაბორატორიის დაარსებას, მაგრამ რუსეთს არასოდეს არც ერთ ლაბორატორიასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს, არც სომხეთში მდებარე ლაბორატორიაზე, არც ყაზახეთში მდებარეზე, მე მგონი, სომხეთში 2 ასეთი ლაბორატორიაა აშენებული. ეს არის სანეპიდ ლაბორატორია და მეტი არაფერი. მხოლოდ საქართველოს ლაბორატორიასთან დაკავშირებით ჰქონდა გართულება რუსეთს და ეს იმიტომ, რომ სააკაშვილმა გააპიარა და დაარქვა სენატორ ლუგარის სახელი, არადა, არსად არ ჰქვია ლუგარის სახელი. ასევე მოხდა ქუჩებთან მიმართებითაც, სააკაშვილმა ბუშის სახელი დაარქვა ქუჩას, სადმე გეგულებათ ბუშის ქუჩა რომელიმე საბჭოთა რესპუბლიკაში?! ხოლო იმ მონაკვეთს, სადაც რუსეთის საელჩო იყო, სპეციალურად დაარქვა ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელი, ასევე იყო პოლიტკოვსკაიას სახელი მაშინ, როდესაც პოლიტკოვსკაია მოკლეს რუსეთში. ეს ყველაფერი იყო სააკაშვილის პიარის შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, ჩეკისტებიც ამას იყენებდნენ, არიქა, რაღაც ისეთი ხდება საქართველოშიო. რამდენჯერმე შესთავაზეს ქართველმა ექიმებმა, ჩამობრძანდით, ნახეთ ყველაფერი, იმუშავეთ ჩვენთან ერთად ამ ლაბორატორიაში, აბსოლუტურად არაფერი არ იქნება თქვენთვის დაფარული. ეს შეთქმულება და მავნებლობაა, თითქოს ლუგარში რაღაც დაფარული კეთდება, ხალხს უყვარს მითოლოგია. ლუგარის ლაბორატორიამ ძალიან დიდი საქმე გაუკეთა საქართველოს, განსაკუთრებით, კოვიდის დროს. ამის მოწმე ვარ. იქ მუშაობენ ქართველები, ქართველი მეცნიერები, მეტი არავინ, მუშაობენ ძალიან კარგად და ეს ფინანსდება საქართველოს ბიუჯეტიდან.
გამოდის, მცდარია ინფორმაცია, თითქოს ლუგარის ლაბორატორია იმ 95 მილიონიდან ფინანსდება, რომელიც ამერიკამ საქართველოსთვის გაყინა?
- არავითარ შემთხვევაში. ლუგარის ლაბორატორია რამდენი ხანია, ფინანსდება საქართველოს ბიუჯეტიდან. უფრო მეტიც, საქართველოს ხელისუფლება სვამს სრულიად გონივრულ და კორექტულ კითხვას, კი მაგრამ, აი, ჩვენი ბიუჯეტი, არსად არ არის გათვალისწინებული ეს 95 მილიონი დოლარი, რომელ დახმარებაზეა ლაპარაკი? როგორც წესი, ბიუჯეტში გაწერილია გრანტებიც, კრედიტებიც და ყველაფერი, თანაც, გაწერილია თავიდანვე, რომ უნდა შემოვიდეს ამდენი და ამდენი თანხა. არაფერი მსგავსი არ ყოფილა. ეს ძალიან ჰგავს ბლეფს, რომ თურმე ამერიკელები თანხების მოცემას აპირებდნენ და შემდეგ აღარ მოგვცეს. სამწუხაროდ, ეს პიარია.
ფაქტია, ეშერის ლაბორატორიაში არ გვახედებენ რუსები, ლუგარის ლაბორატორიაში კი მათ ყველა ეპატიჟებოდა და, როგორც ვიცი, რამდენიმე რუსიც მუშაობდა ამ ლაბორატორიაში. თუკი მართლაც გაიყინა ლუგარის ლაბორატორიის დაფინანსება, ახლა მაინც თუ დაგვანებებს თავს რუსეთი, რომ არ ვგეგმავთ ბიოშეტევას რუსეთზე ამერიკის ხელით?
- მე რასაც ვხედავ, რუსებმა კარგა ხანია, დაგვანებეს თავი, მით უმეტეს, უკრაინაში ომია და აღარ ახსენებენ ლუგარის ლაბორატორიას. დაავიწყდათ ლუგარი, რადგან სააკაშვილი რასაც აპიარებდა ანტირუსულად, ამის შემხედვარე რუსებიც გვაძახებდნენ, აი, ქართველებს ლუგარის ლაბორატორია გაქვთო. რა არ დააბრალეს საქართველოს, ღორის გრიპის გავრცელება, შავი ჭირის გავრცელება, ყველაფერი თურმე საქართველოში მზადდება და იქიდან გადის. ამ მხრივ გიორგაძე ბარონ მიუნჰაუზენზე უარესია. მახსოვს, წლების წინ ეუბნებოდა რუს ქალ ჟურნალისტს, მე ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები საბჭოთა კავშირის კგბ-ს ოფიცერიო. ამ სიტყვების შემდეგ ჟურნალისტმა ჰკითხა, კი მაგრამ, იგორ პანტელეიმონოვიჩ, სსრკ დაიშალა 1991 წელს, მასთან ერთად დაიშალა კგბ-ც, აღარ არსებობსო, თქვენ ამის შემდეგ იყავით დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, როგორ ახსნით ამ ფაქტსო? გიორგაძემ უპასუხა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, გეუბნებით, ვიყავი, ვარ და ვიქნები სსრ-ის კგბ-ს თანამშრომელიო.
ეს არის საინტერესო, ლუგარის ლაბორატორიასთან მიმართებით ხომ არ ხედავთ კულუარულ გარიგებებს რუსეთსა და აშშ-ს შორის?
- არ ვფიქრობ, რომ ასეთ რაღაცებზე ვინმე ვინმეს ელაპარაკა.
გამყრელიძე როცა ამბობს, ეს ლაბორატორია არის საგანძური, სადაც ბოლო 70 წლის მანძილზე აღმოჩენილი ყველაზე საშიში ინფექციური შტამები ინახებაო, დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში, ამ საშიში შტამების ბედი როგორ წარიმართება და რამდენად დაცული იქნება ეს საშიში შტამები, რომ კიდევ ახალი ბრალდება არ წამოგვიყენონ რუსებმა?
- ეს შტამები დაცულია, რადგან ეხმარება მეცნიერებს იდენტიფიკაციაში, როცა ახალი ვირუსი ჩნდება და არავინ იცის, რა ვირუსია. იყო ასეთი მაგალითი, გერმანიაში სწავლობდა ერთ-ერთი ექიმი, დაამთავრა იქაური სამედიცინო სასწავლებელი, ჩამოვიდა საქართველოში, კონკურსის შედეგად მიიღეს ლუგარის ლაბორატორიაში და მის მეგობარს რომ დაემართა კოვიდი, ამ ახალგაზრდამ ითხოვა ოფიციალურად ნებართვა, დასნეულებულ მეგობარს სახლში მიაკითხა, კოსმონავტივით სკაფანდრით იყო შემოსილი და გამოკვლევების საშუალებით ზუსტად დაადგინა, რომელ დღეს გადაედო მის მეგობარს ვირუსი და ვირუსის განვითარების რომელი ეტაპი იყო. ასეთი კვალიფიკაციის ადამიანები მუშაობენ ლუგარში.