„ქართული ოცნების“ ლიდერის მორიგმა განცხადებამ კვლავ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, 2008 წლის ომი ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული და ეს პროცესი მიმდინარე წლის საპარალამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყებაო. მისი განმარტებით, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების სამართლებრივი ფორმა შეიძლება იყოს პროკურატურისადმი ან საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა ან საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. „შეიძლება ყველა ინსტრუმენტი იყოს გამოყენებული“, - დასძინა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამ პოზიციას ეთანხმება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამტკიცებდა, რომ სწორედ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო ომი.
„რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ ახლა, ამაზე პასუხი არის ძალიან მარტივი - წარიმართებოდა სასამართლო პროცესები ჰააგაში და სტრასბურგში, სადაც ჩვენთვის უაღრესად პრინციპული იყო გამარჯვება. სწორედ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით, ეს პროცესები საქართველომ და ქართულმა ჯარმა მოიგო. ჰააგაში და სტრასბურგში დადგინდა, რომ ქართულ ჯარს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები, არ ჩაუდენია ომის დანაშაული. ეს არის პრინციპული ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით. რაც შეეხება თავად ომის გამოძიებას, მათ შორის ომის დაწყების საკითხს, თქვენ იცით, რომ ამასთან დაკავშირებით უკვე აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია „ნაცმოძრაობას“, კერძოდ „ნაცმოძრაობამ“ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლის თანახმადაც, სწორედ, მათ დაიწყეს აგვისტოს ომი“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები ემსახურება წინასაარჩევნო კამპანიას და რეალურად, თავად „ქართული ოცნება“ უწყობს ხელს „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობას პოლიტიკურ ასპარეზზე. მისი თქმით, მმართველი პოლიტიკური გუნდის მიზანი ამ საქმის გამოძიება რომ ყოფილიყო, ამას დიდი ხნის წინ გააკეთებდა.
„ქართულ ოცნებას“ სჭირდება „ნაციონალური მოძრაობა“, შუა რომ გაიკრიფოს მათი სახით - ეს უკვე კლასიკაა. თუ „ნაცმოძრაობის“ დამარცხვა უნდოდათ, რატომ არ დაიწყეს გამოძიება მაშინვე?! ეს არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი: „გარეჯი საქართველოას“ მეორე სერიაა. ისინი ცდილობენ ყურადღების გადატანას სიღარიბიდან, უმუშევრობიდან, უამრავი ეკონომიკური გამოწვევებიდან და ა.შ. არ უნდათ საუბარი, როგორ მოემსახურებიან საქართველოს, თუ არჩევნებში გაიმარჯვებენ. მათ უნდათ საუბარი, როგორ ჩაძირავენ „ნაცმოძრაობას“.
თავად „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს „ნაცმოძრაობას“, რომ იარსებოს. ეს არის წინასაარჩევნო კამპანია, რათა მოახდინონ „ნაცმოძრაობის“ დისკრედიტაცია და საზოგადოებაში შექმნან უსაფუძვლო შიშის განცდა, რომ თითქოს „ნაცმოძრაობა“ რაღაც საფრთხეს წარმოადგენს, არადა ის საფრთხობელაა. საზოგადოება ერთხელაც უნდა მიხვდეს, რომ ეს ზღაპარია და სხვა რამე მოსთხოვონ „ქართულ ოცნებას“, გარდა იმისა, რომ მუდმივად დამარხონ არჩევნების წინ „ნაცმოძრაობა“ და ამოთხარონ არჩევნების შემდეგ.
„ქართული ოცნება“ ახლა პანიკასა და ისტერიკაშია, მას უნდა, რომ ხმები შეაკოწიწოს. ამიტომ ქმნის ომის საფრთხეს, იგონებს ზღაპარს, რომ არსებობს „გლობალური ომის პარტია“ - აქედან ხალხის ნაწილს აშინებს და ხმებს იღებს. ამ ხმების მოძიების ერთ-ერთი გზა არის „ნაცმოძრაობის“ სახით საფრთხის შექმნა და ამაზე აკეთებს განცხადებებს. „ქართულ ოცნებას“, ალბათ, არჩევნების გაყალბება მოუწევს. შესაბამისად, მას უნდა, რომ გაყალბების აუცილებლობა მინიმუმზე დაიყვანოს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის ლიდერების მხრიდან აქამდეც ყოფილა დაპირება „ნაციონალური მოძრაობის“ დასრულებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, თუკი „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, მას ამჯერად მაინც მოუწევს დაპირების შესრულება და „ნაცმოძრაობა“ გასამართლდება.
„იმის გათვალისწინებით, რომ ახალ-ახალი ინფორმაციები გამოვიდა სამზეოზე აგვისტოს ომთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, მმართველმა პარტიამ საჭიროდ ჩათვალა, რომ ეს საკითხი დაეყენებინა. ასევე, არ გამოვრიცხავ, რომ ამ საკითხის წინ წამოწევას წინასაარჩევნო დატვირთვაც ჰქონდეს. გვახსოვს, 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა მომხრეებთან შეხვედრაზე გამოაცხადა, რომ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ გასამართლდებოდა და ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად სწორედ აგვისტოს ომი დაასახელა, რომელიც მისივე განცხადებით, გარკვეული გარე ძალების ჩარევითა და დაკვეთით დაიწყო.
ასე რომ, ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ თავის დროზე დასახა. დიდი ალბათობით, ამ დაპირებას ის შეასრულებს - ამ დაპირების შეუსრულებლობა მის პოლიტიკურ და რეპუტაციულ იმიჯზე აისახება, რადგან 2012 წელს „ქართული ოცნების“ მომხრეები ელოდნენ სამართლიანობის აღდგენას, რაც ბოლომდე ვერ განხორციელდა და მას დააკარგვინა ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილი. ახლა უკვე, რამდენჯერმე გაცემული პირობიდან უკან დახევა პოლიტიკურად წამგებიანი იქნებოდა. ამიტომაც, „ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში, უნდა ველოდოთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყება.
ეს პერიოდი „ოცნებამ“ უკვე გაიარა - მას უკვე „ნაცმოძრაობა“ საფრთხობელად მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში სჭირდება და ამიტომაცაა, რომ სააკაშვილს თავისუფლად აძლევენ პოლიტიკური გამოსვლების საშუალებას სასამართლოზე. თუკი „ქართულ ოცნება“ არჩევნებს მოიგებს, მას აღარ უდგას იმის საჭიროება, რომ „ნაცმოძრაობა“ ჰყავდეს ისევ საფრთხობელად, მით უმეტეს, თუ მას გასამართლებას უპირებს“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან საუბარში.
ტაკიე ნეუდობნიე ვაპროსი ზადაიოტე ჩტო დაჟე ნე უდობნო ატვეჩატ......
ჰასკაცა?
.ეგრეა ..... ეგრე