საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილი ადასტურებს, რომ თბილისი აეროპორტის ოპერატორ „ტავ ჯორჯიასთან“ მოლაპარაკებები რთულ ფაზაში შევიდა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყდება.
მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორ კომპანიასთან ე.წ. საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატი აკავშირებს, რაც გულისხმობს აეროპორტის აშენებას, ოპერირებას, სახელმწიფოსთვის გადაცემა და სწორედ აქ არის პრობლემები.
„კომპანიას აეროპორტი უნდა აეშენებინა, გაეწია მაღალი ხარისხის ოპერირება და აეროპორტი რაღაც პერიოდის შემდეგ გადაეცა სახელმწიფოსთვის. მოვიწვიეთ მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ექსპერტები, რომლებმაც თქვეს, რომ საჯარო-კერძო პარტნიორობის მუდმივი განახლება ხდება. საუბარი არ არის იმაზე, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ხელშეკრულებას, თუმცა საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში სახელმწიფოს უჩნდება კონკრეტული მოთხოვნები მმართველი კომპანიის მიმართ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფომ „ტავ ჯორჯიას“ წაუყენა საერთაშორისო პრაქტიკით გათვალისწინებული მოთხოვნები, რისთვისაც სპეციალური კომპანია დაიქირავა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, „ტავ ჯორჯიას“ სახელმწიფოს მოთხოვნებზე დათანხმება გაუჭირდა. გამოდის, რომ თურქები ძველი ხელშეკრულების გაგრძელებას ემხრობიან, რომელიც მათ 2037 წლამდე უხანგრძლივებს თბილისის აეროპორტის ოპერირების უფლებას.
„არსებული ხელშეკრულება მათ აბსოლუტურად ასიმეტრულ მოქნილობას აძლევს - ეს არის მათი მხრიდან არარეგლამენტირებული საქმიანობა, რაც საჯარო-კერძო პარტნიორობის შემთხვევაში, საჯარო ინტერესების გათვალისწინებით ყოვლად დაუშვებელია. დღეს ჩვენ ვართ საკმაოდ რთულ ფაზაში, მაგრამ ჩვენი ძალიან დიდი სურვილია, გრძელვადიანი პარტნიორობის სქემაზე შევთანხმდეთ - „ტავ“-ი დარჩეს საქართველოში და გაუწიოს ოპერირება აეროპორტს, მაგრამ ჩვენი მოთხოვნების გათვალისწინებით, რომლებიც სრულიად ბუნებრივია და შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
„ტავ ჯორჯიას“ სახელმწიფოსთან პრობლემები დაახლოებით ერთი წლის წინ შეექმნა, როდესაც ახალმა მთავრობამ ხელშეკრულების პირობების შესაწავლა დაიწყო. მას შემდეგ თურქულ კომპანიასთან ვერა და ვერ მოხერხდა საერთო ენის გამონახვა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ „ტავ“-თან თანამშრომლობა შეწყდება. სხვათა შორის, გაჩნდა მოსაზრება, რომ თბილისი აეროპორტის განახლება თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით დაიწყოს. „კომერსანტის“ ინფორმაციით, ეს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა კიდეც. მისი თქმით, ფონდმა ამ მიმართულებით კარგად იმუშავა და კომპანიას დაანახა, რომ არსებობს ალტერნატივა.
„შემიძლია საჯაროდაც განვაცხადო: „არ გინდათ თქვენ ასე? ჩვენ გავაკეთებთ უკეთესად!“ და ეს მგონი ინვესტორს დაეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში და საერთო ჯამში, მე მგონი, რომ ღირსეული გამოსავალი ვნახეთ. ჩვენ ვინარჩუნებთ ინვესტორებსაც და მივიღებთ კარგ აეროპორტსაც. პირდაპირ შეიძლება არ მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ირიბად ამან კარგად იმუშავა“, – განაცხადა პრემიერმა. თავის დროზე მან აეროპორტის ასაფრენ ზოლს „სამარცხვინო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ზოლის დღევანდელი მდგომარეობა საშიშია.