საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აქებს პარიზის ოლიმპიადის გახსნის და დახურვის ცერემონიის „ქვიარ“ სამხატვრო ხელმძღვანელს - თომას ჟოლს სიმამაცისთვის და ამბობს, რომ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიით ყველა ფრანგი ამაყობს, რადგან ეს იყო საფრანგეთისთვის დამახასიათებელი მხატვრული თავისუფლების დემონსტრირება.
ამასობაში საფრანგეთის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის რეჟისორმა თომას ჟოლიმ მის მიმართ მოკვლის მუქარის შემცველი გზავნილების გამო სამართალდამცავ უწყებას მიმართა. ჟოლის მიმართ მუქარა და შეურაცხყოფა უკავშირდება პარიზისის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის იმ ნაწილს, რომელშიც დრეგ არტისტები მონაწილეობდნენ და ბევრმა ეს წარმოდგენა ლეონარდო და ვინჩის ნახატს „საიდუმლო სერობას“ შეადარა და ქრისტიანობის შეურაცხყოფად აღიქვა. გარდა ამისა, ჟოლი აცხადებს, რომ მის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებითაც სოციალურ ქსელში მუქარები მიიღო.
„საფრანგეთში ჩვენ გვაქვს უფლება, გვიყვარდეს, როგორც გვინდა და ვინც გვინდა, გვაქვს უფლება, გვწამდეს, ან არ გვწამდეს... ჩვენ ბევრი უფლებები გვაქვს და იდეა მდგომარეობდა ამ ღირებულებების ჩვენებაში“, - განაცხადა ჟოლიმ, რომელიც უშუალოდ პარიზში არ დაბადებულა, არამედ დაიბადა ნორმანდიაში, ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთში, სადაც ჟანა დარკი დაწვეს.
რაც შეეხება ოლიმპიადის წარსულს, ოლიმპია, სადაც ძველ საბერძნეთში სპორტული ღონისძიებები იმართებოდა, წმინდა ადგილად მიიჩნეოდა და ამ ტერიტორიაზე აკრძალული იყო შეიარაღებული პირის შესვლა. ამ წესის დამრღვევს სიკვდილით სჯიდნენ. მით უმეტეს, ღვთის გმობად მიიჩნეოდა ნებისმიერი მიზეზით მახვილის აღმართვა ქალაქ ოლიმპიაში. ეს გასაკვირი არც იყო, გადმოცემით ხომ ოლიმპიური თამაშების დაარსება ძველი ბერძნების პანთეონის უმაღლეს ღვთაება-ზევსს უკავშირდებოდა, რომელიც, ერთ-ერთი ვერსიით, ქართული წარმოშობის იყო, რადგან კოლხურ-პელაზგურ კუნძულ კრეტაზე დაიბადა.
შინაომებით გატანჯულმა ელადის მმართველმა იფიტიმ აპოლონის ტაძარში დელფოს ორაკულს სთხოვა რჩევა, როგორ შეეწყვიტათ შინაომი. ორაკულმაც მას ოლიმპიური თამაშების აღდგენა ურჩია, რომელიც ყოველი 1417 დღის შემდეგ მეორდებოდა, ანუ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართებოდა.
ეს იყო ძველად, წელს კი პარიზის ოლიმპიადის ახლანდელმა მესვეურებმა ოლიმპიადის მთავარი წესი დაარღვიეს და წმინდა ადგილად მიჩნეული ოლიმპიადის ტერიტორიაზე ნამდვილი ვაკხანალია მოაწყვეს. პარიზის ოლიმპიადის სპიკერმა აღიარა, რომ ცერემონიაზე წარმოდგენილი „საიდუმლო სერობის“ სკანდალური დრაგ-შოუს ვერსია მართლაც შთაგონებული იყო ლეონარდო და ვინჩის საკულტო ფრესკით და ოლიმპიადის რეჟისორმა თომას ჟოლიმ შთაგონება მიიღო ლეონარდოს ნახატიდან.
ტრადიციული ფასეულობების დამცველთათვის ყველაზე მძიმე ოლიმპიადის გახსნისას დრეგ არტისტების გამოჩენა იყო. დრეგ არტისტები, ანუ დრეგ ქუინები ბიოლოგიური მამაკაცები არიან, ოღონდ ქალის ტანსაცმელს იცვამენ, ქალურ მაკიაჟს იკეთებენ და სიმღერითა და ცეკვით ართობენ პუბლიკას.
ცერემონიის ტრანსლაციისას აჩვენეს გრძელ მაგიდასთან მჯდომი ქალი, თავზე ვერცხლისფერი გვირგვინით, რაც პირდაპირ იესო ქრისტეს ალუზია იყო „საიდუმლო სერობიდან“.
„საიდუმლო სერობის“ მიმართ მიტანილი იერიში ახალი არ არის. „საიდუმლო სერობას“, ყველა დროის ამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ხელოვნების ნიმუშს, რომელზეც ქრისტეს მიერ დაწესებული პირველი ლიტურგიაა ასახული, იოლი ბედი არ დაჰყოლია. ამ ნამუშევარს ხშირად ამახინჯებდნენ. პერიოდულად „საიდუმლო სერობის“ ფრესკაზე აღბეჭდილი მაცხოვრის თავზე ხან მილანის გერბს გამოსახავდნენ იმის აღსანიშნად, რომ ეს ფრესკა სწორედ მილანის სანტა მარია დელლე გრაციეს მონასტერშია შესრულებული, ხან კიდევ ტაძრის ბერებმა ქრისტეს და მისი მოწაფეების ფეხებთან კედელზე ამოკვეთეს გასასვლელი კარი, რომელიც მოციქულებს ფეხებს უკვეთდა, ხანაც მეორე მსოფლიო ომის დროს ეს ტაძარი დაარბიეს, ყველა მისი კედელი ჩამოშალეს, მაგრამ გადარჩა მხოლოდ ის კედელი, რომელზეც „საიდუმლო სერობის“ ფრესკა იყო შესრულებული. სულ ბოლოს კი ამ ადგილას ცხენების თავლა გააკეთეს.
ამ იდუმალ ფრესკაში ყველაფერი სიმბოლურია, მათ შორის, ისიც, თუ რატომ ყრია მაინცდამაინც იუდას იდაყვის მახლობლად სუფრაზე მიმობნეული მარილი და რატომ დევს ცარიელი თეფში, ეს ხომ არ ნიშნავდა იუდას მარცხს, რადგან მან ყველაფერი დაკარგა, რაც სიცოცხლეს აზრს ანიჭებდა, ანუ დაკარგა ქრისტეს რწმენა.
პარიზის ოლიმპიადაზე მხოლოდ „საიდუმლო სერობის“ პერფორმანსი არ ყოფილა წარმოდგენილი, აქ იყო ძველბერძნულ მითოლოგიაში ქეიფითა და დროსტარებით გამორჩეული, მევენახეობა -მეღვინეობა-მეურნეობის მფარველი ღმერთი დიონისეც, რომაული ღმერთის - ბახუსის ბერძნული განსახიერება. ლურჯად შეღებილი, თითქმის შიშველი კაცი ღმერთ დიონისეს განასახიერებდა პარიზის ოლიმპიადაზე.
როგორც აღმოჩნდა, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამ მხოლოდ ქრისტიანები არ შეურაცხყო. თურქეთის ლიდერი ერდოღანი პაპ ფრანცისკოს ტელეფონით ესაუბრა და აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლებისა და შემწყნარებლობის საფარქვეშ ილახება ადამიანის ღირსება, დასცინიან რელიგიას და მორალურ ფასეულობებს, რაც ისევე შეურაცხყოფს მუსლიმანებს, როგორც ქრისტიანებს. „ლგბტ ლობიმ დასავლეთი მძევლად აიყვანა“, - მიიჩნევს ერდოღანი.
დონალდ ტრამპი ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას სირცხვილს უწოდებს და ამბობს, რომ მის დროს მსგავსი რეჟისურა გამორიცხული იქნებოდა.
არც ქართველი სპორტსმენები აღუფრთოვანებია ამ პერფორმანსს. ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა აღნიშნა, რომ მისთვის მოუღებელია ის, რაც ვიხილეთ ოლიმპიური თამაშების გახსნისას. ეს არ არის უბრალოდ რაღაც სცენარის დადგმა, ეს არის მიზანმიმართული შეტევა იმ იდეოლოგიაზე, რაზეც საქართველო დგას.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ის, რაც პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე მოხდა, ნებისმიერი მართალი და დემოკრატი ადამიანისთვის თუ უფლებადამცველისთვის მიუღებელია. ეს არის ღირსების, რელიგიური გრძნობების ფეხქვეშ გათელვა. ამდენად, ესენი არიან გაუგებარი რელიგიური რწმენისა და გაუგებარი პოლიტიკური რწმენის ადამიანები.
„რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა მიუღებელია, რომელ რელიგიასაც არ უნდა ეხებოდეს. აქედან გამომდინარე, ერდოღანის პროტესტიც აბსოლუტურად ცივილიზებული, სამართლიანი და სწორია. დღეს მართლმადიდებლებს მოექცნენ ასე, ხვალ მუსლიმანებს მოექცევიან, თუ ეს გაუვიდათ. ეს ჯგუფები ცდილობენ იმის მიღწევას, როგორმე დააკნინონ და დაამცირონ სხვადასხვა ხალხების რელიგიები, ფეხქვეშ გათელონ ის, რაც უზენაესია საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.
რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ოლიმპიადის ცერემონიასთან დაკავშირებით თითეულ ეპიზოდზე მსჯელობა ძალიან შორს წაგვიყვანს. უბრალოდ, რაღაც ეპიზოდები იყო, რომელიც ვიღაცისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ვიღაცისთვის მისაღები, მაგრამ თვითონ ეს გადაწყვეტა, რომ წარმოდგენა მთელ ქალაქზე გაშლილიყო და არ ჩაკეტილიყო სტადიონზე, არაჩვეულებრივი გახლდათ.
„მხოლოდ მივესალმები ამ იდეას, რომ ეს წარმოდგენა ქალაქზე იყო გაშლილი. ფრანგებს სურდათ, ეჩვენებინათ თავიანთი ისტორია, კულტურა, კი ბატონო, ეჩვენებინათ ირონიულად, მაგრამ ფრანგებს ჩვევიათ ეს ირონია. ლიტერატურიდან ჩვენ ვიცით, რომ, ალბათ, ყველაზე ირონიული ერია ფრანგები. ამდენად, მთლიანობაში ჩემთვის მისაღები იყო ეს წარმოდგენა, თუმცა შეიძლება რაღაც ეპიზოდები იყო გამაღიზიანებელი. ამის მიუხედავად, არა მგონია, იმ ეპიზოდებს დაეჩრდილათ ის მასშტაბურობა, რაც ჩაფიქრებული იყო რეჟისორ ჟოლის მიერ. რაც შეეხება „საიდუმლო სერობას“, მე ვერ აღვიქვი, რომ რეჟისორი „საიდუმლო სერობას“ დაესესხა. ალბათ, ყველას ის სურს დაინახოს, რისი დანახვაც უნდა. მე აღვიქვი, როგორც დიონისეს კულტი და მეორე დღეს განვცვიფრდი, როდესაც წავიკითხე, რომ ხალხი იქ ხედავდა „საიდუმლო სერობას“. სხვათა შორის, არც ლგბტ-ობის პროპაგანდას იქ არ დამინახავს. არანაირი პროპაგანდა არ ყოფილა. მე იქ ვუყურებდი დიდ საერთომასშტაბიან სანახაობას ანტიკური ტრადიციების დაცვით“, - აღნიშნა ავთანდილ ვარსიმაშვილმა.
სამყაროს უგვანო აღსასრულისკენ გადაგმული ნაბიჯია ყველა ქმედება, რომელიც სამყაროს დაუწერელ, მაგრამ ობიექტურ, კანონებს ეწინააღმდეგაბა.
უხერხულია, ასეთ თემაზე, გაგებული ტიპის როლის თამაში.