ეს არის კლასიკური მაგალითი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისა იმის მიმართ, თუ როგორ იხარჯება, ამ შემთხვევაში, დანიელი მოქალაქეების ფული საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ეს არის საარჩევნო პროცესში პირდაპირი ჩარევა.
„როდესაც წარმატებები და შედეგებია ხოლმე, ყველა ძალიან კარგად პოზიორობს შემდეგ ბანერებთან და პრეზენტაციებზე, მაგრამ როდესაც პრობლემური ხდება რაღაც საკითხი, ყველა რატომღაც დისტანციას იჭერს და მიდის შემდეგ გადამისამართება სხვადასხვა მისამართებზე თუ ორგანიზაციებში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ ავტორიტარიზმის ფესტივალზე, რომელიც ტარდება ეს დღეებია, ვხედავთ, რომ არანაირი გავლენა ქართველი ხალხის რეაქციას ამაზე არ აქვს. უხეშად, პირდაპირ ხდება დარღვევა, მათ შორის, წინასაარჩევნო პროცესისა და პირდაპირ, წინასაარჩევნო კამპანიისთვის, უცხოური დაფინანსებით პლატფორმის მიცემა პარტიებისთვის, რაც არის პირდაპირ ჩარევა საარჩევნო პროცესში. მეორე მხრივ, ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის ბანერები და მისი რეკლამირება ამ ღონისძიებაზე.
დანიის საელჩო, კიდევ ერთხელ, ანგარიშვალდებულია საკუთარი მთავრობის და ხალხის მიმართ და არა ქართველი ხალხის მიმართ და ამიტომაც ალბათ ნაკლებად გულით უდგება ამ საკითხს. იქ რომ გამოფენილი ყოფილიყო რომელიმე დანიელი კრიმინალის ფოტო, დარწმუნებული ვარ, ჩათვლიდნენ ისინი საკუთარ საქმედ და დარწმუნებული ვარ, განმარტებებსაც გააკეთებდნენ, მაგრამ ეხება ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის წარმომადგენლები ისინი არ არიან. ამიტომ, ნამეტანი ზედმეტად ალბათ თავს არ იწუხებენ ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოში დანიის საელჩო ამ დრომდე არ პასუხობს „იმედის“ შეკითხვას, როგორ აღმოჩნდა დანიის მიერ დაფინანსებულ „დემოკრატიის ფესტივალზე“ მსჯავრდებულ სააკაშვილის გათავისუფლების ბანერები და ჰქონდა თუ არა ამაზე საელჩოს რეაგირება.
არასამთავრობო ორგანიზაციამ - „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” თელავში დემოკრატიის სახელით ფესტივალი ჩაატარა, სადაც ტერიტორიის დიდი ნაწილი ოპოზიციური პარტიების პავილიონებს დაეთმო. ფესტივალის ორგანიზატორები, რომლებიც დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტიდან ფინანსდებიან, ოპოზიციის პიარით დაკავდნენ.