ვინ “გაყიდა” უგულავა და რა შეუთვალა მერაბიშვილმა სააკაშვილს

ვინ “გაყიდა” უგულავა და რა შეუთვალა მერაბიშვილმა სააკაშვილს

მართალია, მმართველი გუნდი არ აღიარებს, მაგრამ ქვეყნის ხერხემალყოფილის, ამჟამად პატიმარ ივანე მერაბიშვილის სკანდალურმა განცხადებამ ქართული პოლიტიკა ლამის ამოაყირავა. ყოველ შემთხვევაში, თუკი მერაბიშვილის განცხადებას, შუაღამისას საკნიდან გამომიყვანეს და მთავარ პროკურორთან წამიყვანეს, რომელიც ჟვანიას საქმესა და სააკაშვილის საბანკო ანგარიშებზე ინფორმაციას მთხოვდა, გიგი უგულავასთვის მერის უფლებამოსილების შეჩერებას და ექსმმართველი პარტიისგან დიდი შეკრების დაანონსებას დავუკავშირებთ, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ “ნაციონალებმა” რაღაც ჩაიფიქრეს, მაგრამ რა? - ამის გამოცნობა არცთუ ადვილია. ისე, ,,ნაციონალებს” შუაღამის დაკითხვა, თუ ასეთ ფაქტს ადგილი, მართლაც, ჰქონდა, არ უნდა გაუკვირდეთ, რადგან სასურველ “აღიარებით ჩვენებებს”, 9 წლის განმავლობაში, სწორედ ღამღამობით იღებდნენ, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ცუდი პრაქტიკა ახალმა ხელისუფლებამაც, აპრიორი, უნდა გააგრძელოს... ასეა თუ ისე, 2013 წლის მიწურულს, ქვეყანაში “ნიუსს”, ანუ მთავარ პოლიტიკურ ამბავს ისევ მერაბიშვილი და მისი პოლიტიკური და-ძმები ქმნიან. მერაბიშვილს “ნიუსის შექმნა” ადრეც ეხერხებოდა - მის შს მინისტრობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, “ვარდების რევოლუციამდე” “მოქკავშირში” განხეთქილება სწორედ მან შეიტანა - ერთ-ერთ დასავლურ გამოცემას სკანდალური ინტერვიუ მისცა, სადაც ამბობდა, “მოქკავშირი”, რომლის წევრი თვითონაც იყო, რეტროგრადებითაა სავსეო... მოკლედ, მერაბიშვილი ქართულ, უფრო სწორად, “ნაციონალურ” პოლიტიკაში ყოველთვის “რაღაც”, არცთუ სუფთა ფუნქციას ასრულებდა. მაინც, ვინაა ვანო მერაბიშვილი? - “ქართული სიტყვა” ექსპერტ მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

 

- ბატონო მამუკა, ბიოგრაფიის მიხედვით, 45 წლის ვანო მერაბიშვილს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არცთუ პრესტიჟული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია, რომ პოლიტიკურიმწვერვალები დაეპყრო”...

- სააკაშვილი თავის გარემოცვაში უსიტყვო შემსრულებლებს აგროვებდა... პარლამენტში ყოფნისას სააკაშვილს ვაკვირდებოდი და მახსოვს, ზურაბ ადეიშვილს მნიშვნელოვანი იურიდიული საქმეების შესრულებას ავალებდა. შემდეგ, გამოიკვეთნენ მერაბიშვილისა და კეზერაშვილის ფიგურები - სააკაშვილის ერთგული, უსიტყვოდ მორჩილი, შესანიშნავი ორგანიზატორები.  მერე, მათ ,,თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენლები - გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი და გიგი უგულავა შეუერთდნენ, რომლებიც უფრო დამოუკიდებელი ქცევით ხასიათდებოდნენ.

- მერაბიშვილს ზოგჯერ ,,რეალობას მოწყვეტილ კაცსუწოდებდნენ. იმასაც ამბობენ, რომ ერთხელ, თითქოს ირაკლი ოქრუაშვილმა თავში წამოარტყა და მათ შორის მტრობა ამ წუთიდან ჩამოვარდა...

- “პანჩურის ამორტყმა”, თავში წამორტყმა და სხვა მსგავსი რამეები ,,ნაციონალებთან” ხშირად ხდებოდა. ერთი პერიოდი ოქრუაშვილს, ასე ვთქვათ, ხაზი, მართლაც, მიჰყავდა, მაგრამ დროთა განმავლობაში, მერაბიშვილმა სააკაშვილის კარზე ავტორიტეტი მოიპოვა. ეს იყო კაცი, რომელიც მწვერვალისკენ ნელა, მაგრამ დაუღალავად მიდიოდა.

- 2002 წელს მერაბიშვილმა ,,ვაშინგტონ პოსტსინტერვიუ მისცა, სადაც ამბობდა, შევარდნაძე დაბერდა და პროცესებს ვეღარ მართავს. პრინციპში, “მოქკავშირშიარსებული განხეთქილება სააშკარაოზე ამ განცხადებით გამოვიდა...

- მაშინ ,,მოქკავშირი” დაშლილი ჯერ კიდევ არ იყო და, მახსოვს, ამ  ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, ჟვანიას ჯგუფის წევრები ამბობდნენ, მიშამ დაგვასწროო. პრაქტიკულად, ასეთი სურათი იყო: “მოქკავშირში” ორგანიზაციული ჯგუფები იქმნებოდნენ, რომლებიც ცდილობდნენ, ერთმანეთისთვის დაესწროთ. მაშინ სააკაშვილის გუნდმა ჟვანიას გუნდს დაასწრო. ,,ვაშინგტონ პოსტისთვის” მიცემული მერაბიშვილის ინტერვიუ თეთრი ძაფით იყო ნაკერი და ეჭვი არავის შეჰპარვია, რომ მერაბიშვილმა სააკაშვილის დავალება შეასრულა, თორემ მაშინ ვანო ის ფიგურა არ იყო, რომ მასთან ასეთ გავლენიან გაზეთს ინტერვიუ ჩაეწერა. ასე დაუპირისპირდა მიშა შევარდნაძეს, თუმცა ეს სხვისი ხელით გააკეთა.

- ესე იგი, სააკაშვილმა, როგორც იტყვიან, გველი სხვისი ხელით დაიჭირა?

- ობიექტურები უნდა ვიყოთ - სააკაშვილი გველს სხვისი ხელით იჭერს, მაგრამ ბრძოლას ცარიელ ადგილზე არ იწყებს - სიტუაციას ამზადებს,  რამდენიმე ფიგურას შეწირავს და მერე, შეტევაზე თვითონ გადადის.

- ისე, ბატონო მამუკა, პოლიტიკაში მოსულმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, მერაბიშვილი კარგი მენეჯერიაო. ალბათ, გახსოვთ, ამ შეფასებას რა აჟიოტაჟიც მოჰყვა. ისიც გემახსოვრებათ, მერაბიშვილმა რომ თქვა, პოლიტიკოს ივანიშვილს არ ვიცნობო...

- ცნობილია, რომ ბატონი ბიძინა სააკაშვილის მთავრობას ეხმარებოდა და მასთან საურთიერთობოდ ვანო თავად სააკაშვილმა მიავლინა. ივანიშვილი ეხმარებოდა თავდაცვის უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამას მერაბიშვილის მეშვეობით აკეთებდა. მერაბიშვილმა იცის, როგორ მოექცეს საჭირო ადამიანებს. მაგალითად, ახალაიასგან განსხვავებით, შეეძლო, დაბადების დღე მიელოცა რიგითი პოლიციელისთვის, დახმარება აღმოეჩინა გაჭირვებულისთვის... ვანო “ნაციონალების” საქმის წარმართვის უბადლო ოსტატია. ივანიშვილმაც ღია მუზარადით, პირდაპირ თქვა სათქმელი და ამით ვანოს ერთგვარი დისკომფორტი შეუქმნა - “ნაციონალების” გუნდისგან წამოვიდა შეკითხვები, ხომ არ ჰქონდა წინასწარი მოლაპარაკება და რატომ მისცა ივანიშვილმა თავს ამის თქმის უფლება.

- “ნაციონალებსანალოგიური შეკითხვა, ალბათ, ზურაბ ადეიშვილთანაც აქვთ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა ,,ყველაზე ნიჭიერი კაციუწოდა...

- ადეიშვილი სხვა ყაიდის კაცია - ნაკლებად გულადი. ივანიშვილმა ადეიშვილი გამიზნულად შეაქო - ეს მის დისკრედიტაციას ემსახურებოდა. ისე, საზოგადოებამ ეს განცხადება, მართალია, უარყოფითად მიიღო, მაგრამ მასში სიმართლის მარცვალი იდო.

- როგორ ფიქრობთ, ,,ნაციონალებმავანო გაწირეს?

- ახლა ,,ნაციონალური მოძრაობა” უფრო მონოლითურია, თუმცა დაპირისპირებები იყო და დღესაც არსებობს. ლიდერებს შორის ინტერესთა კონფლიქტია, სადაც გამოიკვეთნენ ახალაიასა და ადეიშვილის მხარდამჭერი ჯგუფები. ვერ ვიტყვი, მერაბიშვილი გაწირეს-მეთქი... ახალაიამ, კეზერაშვილმა, ადეიშვილმა და მერაბიშვილმა ბევრი რამ იციან. საკმარისია, პატიისთვის არასასურველი ინფორმაცია ერთმა მათგანმა მაინც გააჟღეროს, რომ ყველას დისკომფორტი შეექმნება. ის, რაც უგულავას გარშემო ხდება, სწორედ ,,ნაციონალებისგანაა” გაჟღერებული, სხვანაირად შეუძლებელი იყო, დღევანდელ პროკურატურას ბიუჯეტიდან ფულის გადაქაჩვის ჭკვიანური სქემები გამოეძიებინა. პროკურატურას საამისო რესურსები არ აქვს. 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ, პროკურატურა ციებცხელებაშია: ხან კოჰაბიტაცია, ხან - მეხუთე კოლონა, ხან კი, ხელმძღვანელობა იცვლება, კვალიფიციური კადრების საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 

- ისიც ითქვა, რომ ზემოხსენებული განცხადებით მერაბიშვილმა მესიჯი სააკაშვილს გაუგზავნაო...

- დიახ, საზოგადოებამ უნდა გაიგოს, ამ განცხადების ძირითადი გზავნილი ეს იყო: ყველაფერი ვიცი და თუ არ მიშველით, გვერდით მოგისვამთო.

- გიგი უგულავას ხომ შემოუთვალა, საკანში შენთვის ადგილი მაქვს და ციხის პირობებს შეგაგუებო...

- ეს ხუმრობით თქვა.

- შეიძლება, მაგრამ გიგის მაინც გულზე მოხვდებოდა.

- ალბათ...

- ბატონო მამუკა, პროკურატურა მერაბიშვილის განცხადებაზე გამოძიების დაწყებაზე უარს რატომ ამბობს?

- ამ საქმეში პროკურატურის ჩართვა საჭირო სრულებითაც არაა, საკმარისია, მოკვლევა პენიტენციალურმა სისტემამ ჩაატაროს... მეჩვენება, რომ მერაბიშვილის მხრიდან პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, ,,ქართული ოცნება” კი, ამ პროვოკაციაზე წამოეგო. გიგი უგულავას მერობიდან გათავისუფლებაც პროვოკაციაზე წამოგება და არაკვალიფიციური მოქმედებაა.

- ანუ, საქმე ისევ არაკვალიფიციურ კადრებთან გვაქვს?

- მწყინს, როცა ამბობენ, კვალიფიციური კადრების ნაკლებობააო. ახლახან არასამთავრობო ორგანიზაცია - ,,იურისტთა დამოუკიდებელი საერთაშორისო კლუბი” შეიქმნა, სადაც ყოფილი მოსამართლეები, პროკურორები და ისეთი იურისტები გაერთიანდნენ, ბევრ ქვეყანას რომ შეშურდება.

...საკმარისია, ,,ნაციონალებმა” ხმა ამოიღონ, რომ ახალი ხელისუფლების კრიტიკის ხალისი მეკარგება. ვინ მელაპარაკებიან სახელმწიფოებრივ, ადამიანურ თუ პოლიტიკურ მორალზე? - ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ქვეყანაში მორალი არ ყოფილიყო! ამ დღეებში, თურქეთში, კორუფციის გამო, უზარმაზარი სკანდალი აგორდა; რუსეთში, ერთმანეთის მიყოლებით იჭერენ ქალაქების მერებს; პრაღაში, კორუფციის ბრალდებით, დააკავეს ჩინოვნიკთა ჯგუფი; აშშ-ში, ქალაქ დეტროიტის მერს 28 წელი მიუსაჯეს და რა გაგვიხდა ეს უგულავა, თუ მართლა ამდენი ფული აქვს გაფლანგული? 

- ,,ნაციონალებისულხან-საბას ,,მოშუღარ ძაღლებსხომ არ გაგონებენ?

- ,,ნაცმოძრაობას” სექტას ეძახიან - მის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც  აქტიურად იმართებიან ერთი ჯგუფის მიერ. ის, რომ ,,ნაციონალები” კარგად და ძლიერად ჩანან, მათი სიძლიერის კი არა, ოპონენტების სისუსტის ბრალია.

- ბატონო მამუკა, ამბობენ, შს სამინისტროშინაციონალებისადა მერაბიშვილის კადრები ბრუნდებიანო...

- სად იყვნენ წასულები? საქართველოში არსებობენ ჯგუფები, რომლებზეც არ მოქმედებს პოლიტიკური კონიუნქტურა - როგორ დანაშაულებრივადაც ემსახურებოდნენ დანაშაულებრივ ხელისუფლებას, ასევე, დანაშაულებრივად ემსახურებიან ახალს და დანაშაულზე პასუხს არ აგებენ!

P.S. “ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, სავარაუდო სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტზე, სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო”, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

“20 დეკემბერს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, სოზარ სუბარის დავალებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ადვოკატ დავით ხაჟალიას განცხადების საფუძველზე, ბრალდებულ ივანე მერაბიშვილის მიმართ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹9 დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო”, - იუწყება სუბარის უწყება.

“ჩემი თავი ჭირსაც წაუღია!” - ამ განცხადებას კი, თბილისის უფლებაშეჩერებული მერი, გიგი უგულავა აკეთებს.