დანიის მთავრობის ფულადი სახსრებით არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ე.წ. ფესტივალს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა.
„ერთის მხრივ, დაუშვებელია, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩო პირდაპირ აფინანსებს პოლიტიკურ ოპოზიციას - ერევა პირდაპირ პოლიტიკაში და მეორეს მხრივ, ყველა ის დონორი ორგანიზაცია, ყველა იმ სახელმწიფოს საელჩო, რომელიც პირდაპირ აფინანსებს ასეთ პოლიტიკურ პროცესებს, ვეღარ გამოდგება ობიექტურ მსაჯულად არჩევნების დროს და არჩევნების შემდგომ“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
საქართველოში დანიის საელჩო ამ დრომდე არ პასუხობს „იმედის“ შეკითხვას, როგორ აღმოჩნდა დანიის მიერ დაფინანსებულ „დემოკრატიის ფესტივალზე“ მსჯავრდებულ სააკაშვილის გათავისუფლების ბანერები და ჰქონდა თუ არა ამაზე საელჩოს რეაგირება.
არასამთავრობო ორგანიზაციამ - „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” თელავში დემოკრატიის სახელით ფესტივალი ჩაატარა, სადაც ტერიტორიის დიდი ნაწილი ოპოზიციური პარტიების პავილიონებს დაეთმო. ფესტივალის ორგანიზატორები, რომლებიც დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტიდან ფინანსდებიან, ოპოზიციის პიარით დაკავდნენ.