გახდება თუ არა არჩევნები-2024 ოპოზიციის პოლიტიკური დაშთობის დასაწყისი?

გახდება თუ არა არჩევნები-2024 ოპოზიციის პოლიტიკური დაშთობის დასაწყისი?

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ბევრი რამით განსხვავდება ადრე ჩატარებული არჩევნებისგან. ეს არის პირველი არჩევნები, სადაც ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანია ფაქტობრივად ღიად ფინანსდება უცხო ქვეყნების (აშშ და ევროკავშირი) ფულით. ეს არის პირველი არჩევნები, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს და მის მმართველ პარტიას სანქციებს უწესებენ მისი სტრატეგიული პარტნიორები (აშშ და ევროკავშირი), და ამით ფაქტობრივად აფიქსირებენ საკუთარ პოლიტიკურ პრეფერენციას ამ არჩევნებზე. ეს არის პირველი არჩევნები, როდესაც საარჩევნო პროცესში, როგორც ოპოზიციონერი, არაფორმალურად ერთვება ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის დამრღვევად სცნო. ადრინდელი არჩევნებისგან განსხვავებით, სახელისუფლებო პარტიას ოპოზიციური პარტიების გარდა, უპირისპირდება, ფაქტობრივად, პოლიტიკურ აქტორად გადაქცეული სამოქალაქო სექტორი, რომელიც დიდად არც მალავს ამას. ეს იქნება პირველი არჩევნები, სადაც, დიდი ალბათობით, უნდა ველოდოთ, GEN-Z თაობის ერთი ნაწილის აქტიურ მონაწილეობას, ერთი მხრივს, როგორც საპროტესტო ელექტორატის, მეორე მხრივ, როგორც საპროტესტო მასის, თუკი ოპოზიცია დამარცხდა.

სხვათა შორის, ეს არჩევნები იმითაც განსხვავდება ყველა წინა არჩევნებისგან, რომ ამომრჩეველი დღეს ვერ ხედავს იმ „გმირს“, რომელიც ქვეყანაში დაგროვილ პრობლემათა „გორდიას კვანძს“ გაჭრის. არადა წლების მანძილზე საზოგადოება მიეჩვია ასეთი „გმირების“ გამოჩენას და მათზე მოთხოვნილებაც კი გაჩნდა.

ამ არჩევნებზე გაცილებით მეტი მნიშვნელობა ექნება ავტორიტეტული ინსტიტუტების (მაგ. ეკლესიის) და საზოგადოებრივი აზრის აღიარებული ლიდერების პოზიციებს, რომლებზეც მოთხოვნა ძალიან დიდი იქნება. ყველა მხარე შეეცდება საკუთარ მხარეს გადაქაჩოს ისინი და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. აღნიშნულმა სუბიექტებმაც შესანიშნავად იციან, რომ მათი სამსახური მოთხოვნადია.

ეს არის პირველი არჩევნები, რომელიც ოპოზიციას და ხელისუფლებას სურთ გადააქციონ რეფერენდუმად. ოპოზიციის რეფერენდუმია - „რუსეთი თუ ევროპა“, ხელისუფლების - „ომი თუ მშვიდობა“. დაბოლოს, ეს არის არჩევნები, რომელზედაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ გადის „ნაცმოძრაობის“ გასამართლების დაპირებით, რაც, წესით, უნდა გამორიცხავდეს მასთან ნებისმიერ კოაბიტაციას, ისე როგორც 2012 წელს, რაც შემდგომში „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა ნაწილის დაკარგვად დაუჯდა.

როგორი იქნება 2024 წლის შემდეგ ქართული პოლიტიკური ჟელე, ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ აქ მხოლოდ საქართველოს ამომრჩევლის ელექტორალური ქცევის წესებს განვიხილავთ.

ქართული არჩევნების ბოლო 30 წლის ისტორია და გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ამერიკასა და ევროპაში არსებული „კლასიკური“ საარჩევნო მოდელები ჩვენს სინამდვილეში ნაკლებად ან საერთოდ არ მუშაობენ.

დასავლეთში ამომრჩევლებისთვის პარტიული იდენტიფიკაცია, მათი პროგრამები და პოლიტიკურ კურსი არის ის ფილტრი, რომელიც განსაზღვრავს ამომრჩევლის არჩევანს. ამ დროს, საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობისთვის „პარტიული იდენტიფიკაცია“ და პოლიტიკური პრეფერენციები ძალიან არასტაბილურია, რადგანაც მათთვის პარტიების პროგრამები დიდწილად გაუგებარია, ხოლო პროგრამების რეალისტურობა და მათი რეალიზაციის უნარი ეჭვს იწვევს.

დასავლეთის მიერ ქართული საზოგადოების „ვესტერნიზაციის“ მცდელობების მიუხედავად, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ტოტალიტარული კულტურის ტყვეობაში რჩება. „პატერნალისტური“ მიდგომა, რომ სახელმწიფო არეგულირებს ეკონომიკის უმეტეს ნაწილს და ეხმარება მოსახლეობის ყველა სეგმენტს – ღრმად არის გამჯდარი ამომრჩევლების უმეტესობის გონებაში. მსოფლმხედველური და ფასეულობითი ორიენტაციების აღრევამ, ეროვნული იდეოლოგიისგან გამოშიგნა ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი. თუმცა, საბედნიეროდ, დასავლეთიდან დაფინანსებული კონკრეტული მარგინალური სოციალური ჯგუფების ალტერნატიული სუბკულტურა, ქვეყანაში, ჯერჯერობით, ამინდს ვერ ქმნის. მიუხედავად იმისა, ქართულ ხასიათში ზის სხვა კულტურებისადმი ღიაობა და მათი აგრესიული ფორმით აქ დამკვიდრება, ასეთივე აგრესიულ წინააღმდეგობას იწვევს. შესაბამისად, ამ არჩევნებზე საზოგადოებას ექნება მიუღებლობა იმ პოლიტიკური პარტიების თუ ლიდერების, რომლებიც საზოგადოების თვალში ქართული საზოგადოებისთვის უცხო ულტრალიბერალური ღირებულებების დამკვიდრების ავანგარდში განიხილებიან.

სავარაუდოდ, როგორც ოპოზიციას, ისე ხელისუფლებას გამზადებული ექნებათ რამდენიმე სათადარიგო გეგმა, იმ შემთხვევისთვის, თუკი საარჩევნო პროცესი მათთვის არასასურველი სცენარით განვითარდა. „ქართული ოცნებისთვის“ დამატებით თავსატეხს სალომე ზურაბიშვილის ფაქტორის განეიტრალება წარმოადგენს. მან შეიძლება სერიოზული პრობლემები შექმნას, როგორც არჩევნებამდე ისე არჩევნების შემდეგ, „ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში.

ჩვენ შეიძლება „კომპრომატების დიდი ომის“ მოწმენიც გავხდეთ, რომელშიც გარე აქტორებიც შესაძლოა ჩაერთონ. მათ ხელში ხომ უამრავი ინფორმაციაა თავმოყრილი ქართული პოლიტიკური ცხოვრების სენსიტიურ მომენტებზე.

სადღეისოდ, „ქართული ოცნება“ ფლობს გარკვეულ საარჩევნო უპირატესობას. ე.წ. „სახელისუფლებო რესურსი“ რომ დროებით გვერდით გადავდოთ, ბოლოდროინდელმა პროცესებმა („ლელოს“ ლიდერების მიერ ანაკლიის პორტზე არბიტრაჟის წაგება, გაერთიანების ნაცვლად ოპოზიციის დაქუცმაცება და ოპოზიციური ელექტორატის დაქსაქსვა, ოპოზიციის ფლანგზე ძლიერი ლიდერის არარსებობამ და ა.შ.) ხელისუფლების შანსები გაზარდა. თუ „ქართულმა ოცნებამ“ ეს არჩევნები მოიგო, ქვეყნის კიდევ ერთი ვადით მართვის გარდა, მის წინაშე დადგება პრობლემა - როგორ მოექცეს ოპოზიციას. დღეს შეიძლება ამაზე ბევრი არ ფიქრობს, მაგრამ ეს საკითხი აუცილებლად დადგება. თუ ოპოზიცია დამარცხდება, რთული წარმოსადგენია, რომ დასავლეთმა კვლავ მათზე დადოს ფსონი. ეს კი „ქართულ ოცნებას“ აძლევს საშუალებას, სწორი სტრატეგიის შემთხვევაში ქვეყნის პოლიტიკური ველი ნაწილობრივ მაინც გაწმინდოს გარე ძალების მომსახურე პოლიტიკური სუბიექტებისგან. რამდენად მასშტაბური იქნება მათი პოლიტიკური დაშთობის პროცესი, დიდწილად დამოკიდებული იქნება იმ შედეგზე, რასაც „ოცნება“ ამ არჩევნებზე დადებს და პარტიის ხელმძღვანელობის პოლიტიკურ ნებაზე.