“მიხეილის ციხის ამბები” - ახალი წელი “ზონაზე”

“მიხეილის ციხის ამბები” - ახალი წელი “ზონაზე”

მაკა მოსიაშვილი ჟურნალისტია, რომელიც 2007 წლის 19 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დააპატიმრეს... მართალია, მაკას დანაშაული არ უღიარებია, მაგრამ საპყრობილეში ხუთი წელი გაატარა - “მატროსოვის ციხე”, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ვადამდე დატოვა... ისე, ჟურნალისტის დაპატიმრება შეიძლება, პოლიტიკურ ანგარიშსწორებადაც ჩაითვალოს - დაპატიმრებამდე მაკა მოსიაშვილი მაღალჩინოსანი კახელი “ნაციონალების” შავ-ბნელ საქმეებს იძიებდა... საგულისხმოა, რომ საქმეში სააკაშვილის “მარჯვენა ხელი”, ამჟამად ქვეყნიდან გაქცეული ზურაბ ადეიშვილი ფიგურირებს... “ქართული სიტყვა” აგრძელებს ამონარიდების გამოქვეყნებას მაკას ციხის დღიურიდან... სხვათა შორის, სამი შვილის დედის ციხეში დაწერილი დღიური მალე წიგნად გამოვა, რომელსაც ასე ერქმევა - “ამბები მიხეილის ციხიდან”...

აგერ, უკვე მეორე ახალი წელია, თავისუფლებაზე ვარ!

როგორ ვნატრობდი, თურმე, 5 წელი ამ ახალ წელს...

და თუ სისულელეში არ ჩამითვლით, წამიერად, მხოლოდ წამიერად მაინც მაქვს ნოსტალგია ციხის ახალი წლების...

დავჯექი და ჩემი დღიურების ქექვა დავიწყე - თურმე, ყველა ახალ წელს ვწერდი რაღაცას...

ყველა ახალ წელს ვიყავი უცნაური...

2008 წელი, “მატროსოვის” ციხე...

„გუშინ დედა მოვიდა, უკვე 2 კვირაა, “ზონაზე” ვარ... რაც შინ ებადა, ყველაფერი წამომიღო....

გოგოები მეუბნებიან, “მარტოსოვი” ციხეების დედოფალიაო, ჩვენთან შემოდის უმი დედალი, ნიგოზი და თაფლიო.... ბიჭებთან კი არაფერს არ უშვებენ, მარტო „ლარიოკში“ შეუძლიათ იყიდონო...

ვაჩიმ დედაჩემის ამოვლებული ჩურჩხელა გაგლიჯა კბილით და ტკბილად შეექცა. უცებ, მომიბრუნდა და დანანებით მითხრა:

- ჩემი ძმა, ალბათ, „ლარიოკშიც“ ვერ იყიდის ჩურჩხელას, ან თუ იყიდის, რეზინივით იქნება... აფსუს, ნეტა ან მე ვყოფილიყავი „სვაბოდაზე“, ან - დედაჩემი, ან კიდევ - ჩემი ძმა, ერთი პატრონი ხომ მაინც გვეყოლებოდა „გასროკილებს“ ოჯახიდან...

ვაჩის დედას დადუს ეძახიან.

უკვე მეხუთედაა „სროკზე“, ნარკომანია...

გუშინ, დედაჩემი რომ მოვიდა, ჩურჩხელები და ვაშლი მივუტანე. მაკოცა და ჩუმად მითხრა, ვაშლს შევჭამ და ჩურჩხელას - ვერა: ჯერ ერთი, შაქარი მაქვს და „დამბრიდავს“, მეორეც, რომც არ „დამბრიდოს“, ჩემს თეას უყვარს და გამოუზოგავო...

ცრემლებმა დამახრჩო...

აგერ, ერთი საათის წინ შევიკრიბეთ ყველანი ბარაკში... ახალ წელს ველოდებით... გახდა თუ არა 12, მთელი “ზონა” ეზოში გაცვივდა - თურმე, ასეთი ტრადიციაა, „სვაბოდა“ რომ დაიკვებო, ეზოში უნდა ჩაყლაპო სუფთა ჰაერი!..

მერე, ყველა, ჩვენჩვენ „პრახოდებთან“ ამოვედით, ნარზე დავსხედით და დავიწყეთ სიმღერა...

უი, არ მითქვამს? - “ზონას” თავისი ჰიმნი აქვს, საახალწლოდ ხომ შეიწყალებენ ვინმეს, 12 საათზე მას ვუმღერით:

„თოვლიანი გზები,

თოვლიანი მთები.

ნეტავ სად მიდიან

ძველი მეგობრები...“

ერთი საათის წინ, ასე, ღამის 4 იქნებოდა, ციხის უფროსის მოადგილე მოვიდა, ყველას მოგვილოცა და გვითხრა, რომ უკვე ძილის დრო იყო, ნათლუხსაც კი ესმის თქვენი გნიასიო.

წუწუნი დავიწყეთ.

ზვიადი მობრუნდა და მეგრული აქცენტით გაგვეხუმრა:

- ნუ წამაღებინებთ ახლა ამ მუსიკალურ ცენტრს “კარცერში”, ხვალ გააგრძელეთ! აბა, წავედი და დაიძინეთ, მოხუცები ცოდოები არიან, ძილი უნდათ... „სვაბოდა“ ყველას!

2009 წელი, ციხის საკანი

საოცარი დეპრესიის წელი მქონდა....

ციხეში იზოლირება მომინდა და ვთხოვე ადმინისტრაციას. მოკლედ, საკანში ვარ.

დედა ვერ ჩამოვიდა, ფული გამომიგზავნა...

დეიდა მოვიდა... არ შემოუშვეს, მაგრამ რაღაცები შემომიგზავნა...

შარშან რომ უმ დედალს უშვებდნენ, წელს მხოლოდ მოხარშული შემოუშვეს...

საკანში ხუთნი ვართ - მე, ია ბებო, ნუცა, ნინო ქუთაისი, ვიკა ზუგდიდი, ფატი მარგალია.

მოკლედ, მხოლოდ მე ვარ კახელი...

გოგები ფელამუშს ნატრობენ, მე - თათარას.

ისინი ბაჟესა და ღომზე ჰყვებიან ლეგენდას, მე კი ოხშივარიანი ხაშლამა მენატრება...

ყველას კი, სახლში გვინდა...

რა უცნაურია: ციხეში ხარ, მაგრამ მაინც გიხარია.

გიხარია, რომ ცოცხალი ხარ, ახალი წელია, მაგრამ...

მაინც ცუდია, რომ აქ ხარ და მაინც კარგია, რომ არსებობ!

31 დეკემბერს, ასე 11 საათისთვის გეგმიური ჩხრეკა ჩაატარეს: ვინმეს “ბრაგა” ხომ არ ჰქონდა, ეგ შეამოწმეს.

“ბრაგა” ციხის ალკოჰოლური სასმელია, მე ვერ ვსამ - იმ წამს ნაღველა მახსენებს თავს და ვიწყებ კედლებზე სიარულს...

12-იც გახდა და... აი, ყურძნის ლიმონათით ვადღეგრძელეთ 2009 წელი...

მერე, ტელევიზორს ვუყურეთ...

ყველას დაგვეძინა...

სიზმარში მარიამი ვნახე, ვითომ ის ფიფქია იყო და მე კი, - თოვლის პაპა.

დილით ცუდ განწყობაზე გამეღვიძა, მაგრამ არ შევიმჩნიე, ტელევიზორს მივუჯექი...

2010 წელი, “კრიტი”, სად-ის მე-16 დაწესებულება

შარშან, ამ დროს “მატროსოვის” ციხის კორპუსში ვცხოვრობდი, ახლა კი, ახალ წელს რუსთავის მე-16-ში, “კრიტში” ვხვდები.

მოკლედ, გასულ წელს ბუნტი იყო და აქ გამოგვაბუნძულეს...

ამბობენ, ერთი წლით ხართ დასჯილებიო და რა ვიცი, აბა, ერთი წლით თუ უფრო მეტით?!.

დედა ისევ ვერ მოვიდა...

ჩემმა დამ ფული გადმომირიცხა.

„ლარიოკში“ გოზინაყი იყიდება ისეთი, კბილი თუ დაგრჩა, მოგამტვრევს. ჩურჩხელა 3 ლარი ღირს, რეზინი უფრო რბილია, ვიდრე - ის... რომც ვიყიდო, არ მეჭმევა - 15 დღეა, ოპერაცია გავიკეთე... ნაღველა ჩავაბარე პენიტენციალურ სისტემას „გრევად“!

ჩაი მაქვს, სუხარი ვიყიდე და “მიატნი” კამფეტი...

ვაშლი 2 ლარი ღირდა და დამენანა - სიგარეტი ვარჩიე...

საკანში ოცდათხუთმეტნი ვართ, ტელევიზორი გვაქვს ერთი, შავთეთრი, “კორფუჯი” და ანტენა, როგორც უნდა გავუკეთოთ, არაფერს იჭერს - ყველაფერი დახშულია...

რადიოს რამდენიმე არხს იჭერს... 12-ლარიანი პატარა ჩინური რადიოები შემოყარეს მაღაზიაში, ხალხმა კამფეტი არ იყიდა, ის რადიო იყიდა, რომ ახალ წელს გული რამეს გადააყოლოს.

ამანათი ოფიციალურად არ შემოდის. „ფეშენ“ გოგოები ვინც არიან, მათ აქვთ შემოტანის შანსი - ლამაზი ფეხები ყველაფერს აწესრიგებს ციხეში!..

გავბრაზდი და ჩემი ლამაზი ენა გამოვიყენე:

ციხის დირექტორს ისეთი დღე ვაყარე, საცოდავს, ზესტაფონში, თავის მშობლებთან მოუნდა წასვლა, აღარც სამსახური უნდოდა და აღარც - ხელფასი...

მითხრა, თუ ვინმე რამეს მოიტანს, შემოვუშვებ, ოღონდ შენ იქნები თავდები, რომ არ გახმაურდება და რამეს არ შემოაყოლებენო.

აი, „პალაჟენიაც“!

გახმაურებაზე პირობა ვერ დავდე, მჭადს ლოგინში ჩუმად ხომ არ შეჭამდა ვინმე?

ამიტომ, მოხარშული ხორცი და ცოტა ტკბილეულის, ჩურჩხელისა და გოზინაყის ნება დაგვრთო მთელ “ზონას”... არ დართავდა და მოვუყვებოდი ყველა უფლებადამცველს და ჩემს მეგობარ ჟურნალისტს, თუ როგორი იყო სექსი პატიმართან...

არ ვიცი, ამან უშველა თუ არა, მაგრამ “ზონას” იმედი გავუჩინე და ცოტა ზედმეტად ხიბლშიც ჩავვარდი, შესაბამისად, მოთხოვნებიც გამეზარდა - მომავალში, უკვე პრესა მინდოდა შემოსულიყო...

 

ახალი წელი 2010... “კრიტი”, ბეტონის იატაკი... ტელევიზორის გარეშე ცხოვრება, სუხარი და ჩაი...

 

 

2011 წელი იაღლუჯას ახალი ციხე

ზუსტად 10 დღით ადრე გამოცხადებული კარანტინის ფონზე შეგვყარეს “მარშრუტკებში”, გამოსაცვლელიც კი არ შგვარჩინეს - გადაგვიყარეს და 10 დღე დაგვსვეს კარანტინში...

კარანტინი 30 დეკემბერს, 5 საათზე მოიხსნა.

კარანტინი კი ის უბედურებაა, როცა ცხელი წყალიც კი გენატრება.

ერთი ღერი სიგარეტით 6 კაცი “ნაყრდება”...

და ამაზე დიდი საშინელება ციხის დღეებში არაფერია!

ზიხარ ჭოტივით, შეჰყურებ ნესტიან კედლებს...

ამ დღეებში მხოლოდ მოგონებები გაცოცხლებს...

მოკლედ, 30 დეკემბერს მოხსნილმა კარანტინმა შედეგი ის მოიტანა, რომ ამანათების რიგი „სუტკობით“ გაგრძელდა...

დედა ისევ ვერ მოვიდა...

ფული თამრომ დამირიცხა ბარათზე, წავედი ციხის “ლარიოკში”,  3-საათიანი რიგის მერე, 10 ცალი სიგარეტი “პირველი”  ვიყიდე და ერთი ყუთი „ტკბილი ქვეყნის“ გრილიაჟი, მაიონეზი და 10 კვერცხი...

კვერცხები „მინუტკაში“ მოვხარშეთ, მაიონეზში ჩავაწყვეთ და ასე შევხვდით „ციხის ბაჟეთი“ ახალ წელს.

ტელევიზორი არ გვქონდა - არ შემოგვატანინეს...

დავჯექით და მოვყევით ის, რაც ათასჯერ მაინც გვქონდა მოყოლილი...

 

 

2012 წელი, კვლავ იალღუჯა...

ციხის უფროსმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, დეპარტამენტში ბუნტი მექნება, თუ ქალებთან საჭმელს არ შემატანინებთ ახალ წელსო...

ჰოდა, მთელი წლის მშივრებმა, სახლებში დავრეკეთ, ჰარიქა, ყველაფერს, რასაც მოგვიტანთ, გამზადებულს შემოგვიტანენო. პატიმრის ოჯახებმა შინ, საახალწლოდ, კერძი არ გაამზადეს და თუ რამე ჰქონდათ, ციხეში მოიტანეს...

დედა ცუდად იყო და ისევ ვერ მოვიდა...

სხვას გამოატანა ჩურჩხელები...

ჩემს დას ჩემთვის გაუკეთებია, იქნებ, მაკა გამოუშვან და მის სახელზე ამოვავლოთო,

არ გამიშვეს, მაგრამ ჩურჩხელამ კი მოაღწია ჩემამდე. 20 ჩურჩხელიდან ერთი გოჯისხელა დავიტოვე - დავჭერი და ყველას ვაჭამე...

დილით არ ავდექი, ვიწექი 3 საათამდე... ვინც შემოვიდა, საკანში ყველა გავაგდე, ჩემს შვილებთან მინდა ახალი წელი და არა თქვენთან-მეთქი.

კორპუსში “ზონის” უფროსმა მუსიკალური ცენტრი მოიტანა, გოგოებმა დისკოთეკა მოაწყვეს - ცეკვავდნენ. “ზონის”  უფროსმა რომ ვერ დამინახა, მომიკითხა, სადააო და საკანში შემოვიდა.

გამეხუმრა:

- მოსია, ამ წელს საკანში კაცი დაიკვებე და ახლა გეყოფა განდეგილობა, ადექი და წამოდი!..

ცოტა ხანი ვიბოდიალე, მერე ისევ მივაშურე ჩემს ბუნაგს...

მძიმე ახალი წელი იყო...

წინა დღეს ელენე თევდორაძემ ტელევიზორში თქვა, რომ მაია თოფურიას საახალწლოდ შეიწყალებდნენ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

მოიტყუა ელენემაც და მიშამაც...

“თოფუზე” ვიდარდე, დირექტორს ვუთხარი, ძველ ახალ წელს, 12 საათზე, საკნებიდან გაგვიშვი ოთხი გოგო და მაიასთან შევალთ ისე, რომ სიურპრიზი მოვუწყოთ-მეთქი. დამთანხმდა...

ის ახალი წელი არ დამავიწყდება: 12 საათზე მე, ხარაზი და შამათავა მაიას მივადექით, დილამდე ვიხალისეთ, რა არ მოვყევით... მგონი, ეს ყველაზე კარგი ახალი წელი იყო ციხეში - იმ წელს მე და თოფურია გაგვანთავისუფლეს!

2012 წლის 14 იანვარს, ზუსტად 12-ზე “დ” კორპუსის მე-14 საკნის მეკვლე ვიყავი... იმ საკანში წლის ბოლოს აღარავინ იყო - ყველა “სვაბოდის” შვილები აღმოვჩნდით.

და აი, ახლაც, როცა თავისუფლებაზე ვარ, მაინც ყველას თავისუფლებას ვუსურვებ! შინაგანად იყავით თავისუფალნი - მთავარი ესაა და სადაც უნდა იყოთ და როგორც უნდა გრძნობდეთ თავს, მუდამ გიხაროდეთ, რომ კიდევ ერთ ახალ წელს შეესწარით... შესაძლოა, მომდევნო ვეღარ ნახოთ!

 

 

2013 წელი, 21 დეკემბერი, სახლი...

მიუხედავად იმისა, რომ 5 წელი, 9 თვე და 11 დღე გავატარე ციხეში,

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დაკავებისას, დედას დავუტოვე 10 თვის თაკო, 2 წლის ვანო და 4 წლის მარიამი,

მიუხედავად იმისა, რომ 7-წლიანი სასჯელი, მართლაც, არ მეკუთვნოდა,

მომკალით და არ გამიხარდება არავის დაჭერა...

არავინ არასოდეს დამიწყევლია იმის გამო, რომ ციხეში ვიყავი და ისინი - გარეთ!

და კიდევ: არ მიხარია, რომ უგულავას, ღვინიაშვილს, სიბაშვილს, ჭიაბერაშვილს, გვარამიას, ან ვინმეს იჭერენ!

არც ის მიხარია, რომ ვანო, ან ბაჩო ციხეშია!

და მუდამ ვიცოდი, რომ მაია თოფურიასა და ნორა კვიციანის დაჭერა სისასტიკე იყო, უსამართლობა და გარეწრობა, რადგან სუფთა ადამიანების, თან დედების დაჭერა მარაზმია!

მაინც, არ მიხარია, რომ ახლა იმათ იჭერენ, ვინც ადრე ამათ იჭერდა!

აი, ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი და მორჩა!

სამართალი?

განაჩენი?

ეს უკვე გამოიტანა ქართველმა ხალხმა - 2012 წლის 1 ოქტომბერს ხელისუფლება შეიცვალა და ამაზე დიდი განაჩენი აღარ არსებობს!