დღევანდელ რეალობაში, როდესაც საქართველო თითქოს ცდილობს ევროპულ ოჯახში ჩართვას, თანაც ისე რომ მემავთულხლართე ისტორიულ დამპყრობელთან „კეთილი ურთიერთობები“ დაამყაროს, კულტურა და ისედაც დაჩლუნგებული შოუ ბიზნესი სულ უფრო და უფრო ქვეითდება და საზოგადოებაც იაფფასიანი ტელე ღრიანცელისა და ჟურნალისტიკის ფონზე, დაბნეულია და ვერ გაუგია, საერთოდ რა არის ღირებული ქვეყნისთვის, რომელსაც საბედნიეროდ ჰყავს ღირსეული და სასახელო შვილები, საკუთარი ძალებითა და შრომით და არა ჩაწყობითა და ნაყიდი დიპლომებით რომ მიაღწიეს საყოველთაო, მაგრამ სამწუხაროდ არა ქვეყნის მასშტაბით ჯეროვან აღიარებას...
წლევანდელი ბოლო სტატია გადავწყვიტე, რომ ასეთი სასახელო ქართველისადმი მიმეძღვნა. თავდაპირველად დამაინტერესა რა ცნობებს წავაწყდებოდი მის შესახებ ქართულ ციფრულ მედიაში. მოლოდინმა ნამდვილად „გაამართლა“ და ასეთი სათაურები ამოვიკითხე: „ქეთი მელუა ქორწილისთვის ემზადება“, „ქეთი მელუა შეყვარებულია“, „ქეთი მელუა გათხოვდა“, „ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი ქეთი მელუაა“. გამარჯობა... ეს ყველაფერი რეალობაა, მაგრამ უმთავრესი ალბათ მაინც მისი შემოქმედებაა, რაზედაც დუმილი არასოდეს დარღვეულა როგორც პრესის, ასევე რაც ყველაზე სამწუხაროა მისი თანამედროვე კოლეგა მომღერალ თანამემამულე ქალბატონების მხრიდან.
მაინც სად უნდა ვეძიოთ ქეთის წარმატების საიდუმლოებას. იღბალი? - გასაგებია, ამის გარეშე ხომ წარმოუდგენელია პოპ მუსიკის სამშობლოში უდიდესი პოპულარობის მოპოვება, თანაც იმ ქვეყნის მოქალაქისთვის, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ რუსთველი და ვაჟა ფშაველა შვა, მათ შესახებ მსოფლიო ინტელექტუალების უმრავლესობას, არც კი სმენია. რას იზამ, ასეთია პატარა ქვეყნის ხვედრი, რომელიც არ ცდილობს საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ასპარეზზე გატანას.
აი ამ პატარა გოგონამ კი საქართველოს სახელი საზღვარგარეთ გაიტანა მხოლოდ წესიერებითა და მაღალი დონის შემოქმედებით. მისთვის უცხოა მადონას, ბრიტნი სპირსის, ლედი გაგასა თუ ბეიონსისათვის დამახასიათებელი მდარე კომერციული სვლები, გაუთავებელი სკანდალები და ერთი სიტყვით რომ ვთქვათ - მაიმუნობა.
ქეთი მელუამ მხოლოდ ალალი სიმღერით მილიონობით მსმენელის მოწონება დაიმსახურა და დღესდღეობით დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ოცდაათწლამდე მუსიკოსთა შორის, შემოსავლით მეშვიდე ადგილზეა და ევროპის მრავალ ქვეყანაში და მათ შორის დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში, არაერთგზის დასახელებელია წლის საუკეთესო მომღერლად...
როგორც ვხედავთ, დოსიე საკმაოდ მრავლისმეტყველია, საქართველოს ყაიდის ქვეყანაში, სადაც სულ უფრო კლებულობს ჭეშმარიტ მამულიშვილთა რიცხვი, გოგონა ალბათ ეროვნულ გმირადაც უნდა ქცეულიყო, მაგრამ მოდით... შემოქმედებას გადავავლოთ თვალი, რომელიც დღესდღეობით 2003-2013 წლებში ჩაწერილ ექვს სტუდიურ ალბომს მოიცავს.
ქეთი მელუა 18 წლის ასაკში ინგლისელმა კომპოზიტორმა და პროდიუსერმა მაიკ ბეტმა აღმოაჩინა. მიუხედავად მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებისა, მის სავიზიტო ბარათად თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ქართველი მომღერალი იქცა. მაიკ ბეტმა შენიშნა დამწყები შემსრულებლის საოცრად მშვიდი აურა და სიდარბაისლე, რაც ხელს შეუწყობდა მისი კომპოზიტორული ჩანაფიქრების განხორციელებას.
21-ე საუკუნის დასაწყისში ელექტრონიკითა თუ ბრიტნი სპირსისეული მდარე კლიპებით გაჯერებული პოპ ინდუსტრიის ფონზე, 2003 წლის სადებიუტო ალბომით Call Of The Search, ქეთი მელუამ ბრიტანეთის საზოგადებას დაანახა, რომ მუსიკა კვლავ უბრალოებითა და სიხალასით ფასობს და იმდენად მოაწონა თავი სხვადასხვა თაობის მსმენელს, რომ ალბომი როგორც ბრიტანეთის, ასევე სკანდინავიის ქვეყნების ჩარტებს ჩაუდგა სათავეში, ხოლო მის ჩაწერაში კი სხვადასხვა დროს ერიკ კლაპტონის, ბილ ბრაფორდის, ბრაიან ენოს, როდ სტიუარდის, Family-ის, Steve Harley & Cockney Rebel-ის ალბომებით აღიარებული მუსიკოსები მონაწილეობდნენ.
მომდევნო ალბომ Piece By Piece-ში აშკარად იმატა ქეთის კომპოზიტორულმა წვლილმა. უცვლელი შემადგენლობით წარმოდგენილი ჯგუფის საკონცერტო შემოქმედებას კი გამორჩეულ ეშხს სძენდა ქეთის თავდაჭერილობა, ზომიერება და უბრალოება სცენაზე. ალბომმა პოპულარობით სადებიუტოსაც აჯობა და ევროპის არაერთ ქვეყანაში არაერთგზის პლატინის სტატუსი მოიხვეჭა. Nine Million Bycicles, Piece By Piece, Spider’s Web, I Cried For You სიმღერებია, რომელთაც საბოლოოდ ჩამოაყალიბეს ქეთი მელუას ხელწერა, როგორც მომხიბვლელი, ემოციურად გაწონასწორებული და იმავდროულად იდუმალი სიძლიერის მქონე მომღერლისა, ერთი შეხედვით, მისი თითქოს არც თუ ისე მძლავრი ხმის ტემბრის მიღმა რომ იმალება...
საინტერესოა ალბომის დამატებად ლენონისა და მაკარტნის ცნობილი თემის - Lucy In The Sky With The Diamonds-ის ვოკალური თვალსაზრისით ისტორიულად ვინძლო ყველაზე სრულყოფილი აკუსტიკური ქავერ ვერსიის გამოტანა, რაც თვალნათლივ მეტყველებს ქეთის ღრმა განსწავლულობასა და ცოდნაზე სხვადასხვა თაობის შემსრულებლებისა Led Zeppelin-ით დაწყებული, ევა კესიდით დამთავრებული.
ჩამონათვალი საკმაოდ შორს წაგვიყვანს - ჯეფ ბაკლი, ჯეიმს ტეილორი, ბობ დილანი, ჯონი მიჩელი, ჩაკ ბერი, Rage Against The Machine არასრული სიაა მუსიკოსებისა, რომელთა რეპერტუარსაც კარგად იცნობს ქართველი მომღერალი.
მესამე ალბომმა Pictures ტრადიციულად შეინარჩუნა უმაღლესი პოზიციები ევროპის წამყვანი ქვეყნების ჩარტებში, თუმც კოლოსალურ წარმატებას ქეთი მელუამ ჰოლანდიის წლიურ ჰიტ პარადში გამარჯვებით მიაღწია.
წინა ორი ალბომის მსგავსად, მსუბუქ ჯაზურ და ბლუზურ არანჟირებით აწყობილი სიმღერები, აქაც მელოდიურობითა და კომპოზიციური სიმწიფით გამოირჩევა. 2007 წლის ალბომით დასრულდა ქეთის მუსიკალური მოღვაწეობის საწყისი ეტაპი.
The House მომღერალმა სამწლიანი პაუზის შემდეგ, 2010 წელს ჩაწერა. მეოთხე ნამუშევარი ევროპის 100 საუკეთესო ალბომის სათავეში მოექცა. პროდიუსერი აქ წარსულში რობი უილიამსთან ნამუშევარი გაი ჩემბერსია. ალბომის მშვიდ მხარეს I’d Love To Kill You განასახიერებს, The Flood არაპროგნოზირებადი გადასვლებით გამორჩეული თბილი და მელოდიური სიმღერაა, ხოლო სიმხნევით აღსავსე A Happy Place კი ორიგინალობით თითქოს ალბომის მეორე ნაწილში მელუა-ბეტის ტანდემის „შემყვან“ God On The Drums, Devil On The Bass-ს ეხმაურება...
მომდევნო - 2012 წლის ალბომ Secret Symphony-ში, ქეთიმ საკუთარ და მაიკ ბეტთან ჩაწერილ სიმღერებთან ერთად, მსმენელისათვის უფრო ხშირად ერიკ კლაპტონის შესრულებით ცნობილი Nobody Knows When You Are Down And Out, ბონი რაიტის ვერსიის მიხედვით Too Long At The Fair და კიდევ რამდენიმე სხვა ცნობილი ჰიტი წარმოადგინა. ნაზავმა აშკარად გაამართლა და ამ თვალსაზრისით ალბომმა ოთხივე წინამორბედს აჯობა.
საერთოდ, ქეთის ალბომებს უცნაური თვისება გამოარჩევთ. ერთის მხრივ პროგრესირება, მეორეს მხრივ კი, თითოეული ალბომის სხვა რომელიმესთან შედარებით გარკვეული კრიტერიუმით უპირატესობა. ანუ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ათწლიანი მოღვაწეობის მანძილზე, მუსიკოსსჩავარდნა საერთოდ არ ჰქონია, რეპერტუარი კი ყოველთვის რაღაც ახალს გვთავაზობს და მელოდიურობის დეფიციტის ეპოქაში, სულ ახალი და ახალი მელოდიებით გვასაჩუქრებს!
სწორედ ასეთი გამოვიდა ქეთის წლევანდელი ალბომი Ketevan-იც. ნამუშევარი რა თქმა უნდა მსოფლიოს წამყვანი ჰიტ პარადების ეპიცენტრში აღმოჩნდა, Love Is A Silent Thief-ის, Chase Me-სა თუ I Never Fall-ის ყაიდის ულამაზესი მელოდიები კი გვატყობინებენ, რომ ქეთის წრფელ და მგრძნობიარე ვოკალზე მორგებული მისივე აკუსტიკური გიტარა, კომპოზიტორული ტალანტის ნიმუშებს მომავალშიც მრავალგზის ააწყობს...
ჩვენ, მსმენელებსა თუ მუსიკოსებს კი, ალბათ მეტი ყურადღების გამოჩენა გვმართებს სახელოვანი თანამემამულის მიმართ. კარგი იქნება, თუ ტელეშოუებში ადგილობრივი პროდიუსერები არა „ფარფლებსა“ თუ „სუპერსტარს“ ეძგერებიან და გილანივით აწივლებენ მომღერლებს, არამედ მასალად ქეთი მელუას სიმღერებს გამოიყენებენ და ტელე წამყვანების საინფორმაციო ღრუებიდან ქართული საზოგადოება წამდაუწუმ მოისმენს საამაყო სიტყვებს: „ქებათა ქება ქეთევანს“!