აშშ-მა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი დახმარება შეაჩერა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგად, შეერთებული შტატები 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას აჩერებს, რომელიც პირდაპირ სარგებელს სწორედ საქართველოს მთავრობას მოუტანდა. ენტონი ბლინკენის თქმით, საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ტყუილის შემცველი განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობის ნორმებს.
ამის ფონზე, ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ეს ტენდენცია გაგრძელდეს და კიდევ, დამატებითი სანქციები თუ შეზღუდვები ამოქმედდეს, მათ შორის ევროპაში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების საკითხსაც განიხილავენ. თუმცა, მსგავს შესაძლებლობას ჯერჯერობით ნაკლებად ელიან და მიიჩნევენ, რომ ასეთი მკვეთრი ნაბიჯები უფრო მეტად მიმდინარე წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არის მოსალოდნელი, რაც დამოკიდებულია არჩევნების ჩატარების ხარისხსა და შედეგებზე.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ დასავლეთი გარკვეულ ნაბიჯებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, თანდათან ამოქმედებს და ამით, „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთ შანსს აძლევს, რომ რიტორიკა შეცვალოს და ანტიდასავლური ტონი შეარბილოს. როგორც ძაბირაძემ აღნიშნა, დასავლეთის მხრიდან მსგავსი ნაბიჯები, რაც დახმარების შეწყვეტასა და გარკვეული სანქციების ამოქმედებას გულისხმობს, მომავალშიც გაგრძელდება და ასევე, არ არის გამორიცხული ვიზალიბერალიზაციის საკითხიც კი გადაიხედოს.
„ჩვენი დასავლელი პარტნიორები ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან და ამკაცრებენ სიტუაციას. ხელისუფლებას შანსს აძლევენ, რომ მან შეცვალოს მისი პოლიტიკა და პოზიცია. ამიტომაც არ ხდება მომენტალურად, ყველაფრის დამტკიცება. თუ „ქართული ოცნება“ არ შეისმენს ამ გაფრთხილებას, რაც არ შეისმინა აქამდეც, რა თქმა უნდა, იქნება დამატებითი სანქციები, რომელიც უფრო გაძლიერდება. დასავლეთის მიერ განხორციელებული პოლიტიკა, საქართველოს ხელისუფლების მიმართ, აგებულია ამ პრინციპზე. როგორც კი ხელისუფლება მიხვდება, რა და როგორ უნდა გააკეთოს, ყველაფერი დაუბრუნდება ძველ ნიშნულს.
თუმცა, როდესაც „ქართული ოცნება“ მტრად აცხადებს ჩვენს პარტნიორებს, მოსალოდნელია დამატებითი სანქციები - იქნება ეს კერძო პირებზე, თუ მიმართული საქართველოს ხელისუფლების მიმართ. კულუარული გაფრთხილებები ხელისუფლებას ექნება. ფაქტობრივად, დადგა მოლოდინის რეჟიმი, რომელიც მიმართულია არჩევნებისკენ. სექტემბრიდან უფრო მასშტაბური წინასაარჩევნო კამპანია რომ დაიწყება და დამკვირვებლების პირველი შედეგები იქნება ცნობილი, რაღაც გადაწყვეტილებებს ჩვენი პარტნიორები მიიღებენ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება არჩევნების შემდეგ.
ხელისუფლებას დაუტოვეს კიდევ ერთი შანსი, რომ ნორმალურად ჩაატაროს არჩევნები და სამართლიანი, კონკურენტუნარიანი გარემო შექმნას. თუ ხელისუფლება ამას გააკეთებს, მაშინ არ მგონია, რომ რაიმე კარდინალური ნაბიჯები გადაიდგას, თუ არ გააკეთეს, ყველაფერია მოსალოდნელი. ხელისუფლებას სურს, დასავლეთი დავადანაშაულოთ იმაში, რაშიც დამნაშავე თავად არის. საკუთარი თავის გამართლების მიზნით საუბრობენ იმას, რომ დასავლეთს სურს გააღიზიანოს მოქალაქეები.
დასავლეთი ამბობს: თუ თქვენ გინდათ ევროკავშირში გაწევრიანება, პირობები არის ასეთი - 27 ქვეყანა არის შეთანხმებული გარკვეულ პირობებზე. საქართველოს ხელისუფლება ითხოვს ექსკლუზიურ პირობებს საკუთარი თავისთვის. 27 სახელმწიფო უნდა დაემორჩილოს საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნებს. სწორედ ამის გადაფარვას ცდილობს „ქართული ოცნება“. ეხმარებიან მეგობრებს და არა მტრებს - საუბრობენ „გლობალური ომის პარტიაზე“, ამბობენ, რომ დასავლეთი ცდილობს ომში ჩაგვითრიოს და ა.შ.
ორი წელია ომი მიმდინარეობს უკრაინაში და საბრძოლო მასალებით დასავლეთს უკრაინის მომარაგებაც კი არ შეუძლია სრულფასოვნად, თავად რუსეთიც კი დეფიციტს განიცდის, საქართველოში ომის დაწყება ხელს ვის აძლევს? ეს ყველაფერი არის პროპაგანდის ნაყოფი. თანაც, აკეთებს წინასწარ დაზღვევას: დასავლეთს უნდა აქ რევოლუცია თუ ჩათვლის, რომ არჩევნები არ იქნება სამართლიანი. თუ არჩევნები გაყალბდა, გამოსვლები რომ იქნება, ამაზე ორი აზრი არ არსებობს და ხელისუფლებას სურს ეს ყველაფერი დაბრალდეს დასავლეთს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან ინტერვიუში.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ დასავლეთის მხრიდან გარკვეული დახმრებების შეწყვეტა მიმართულია საზოგადოებაში ნიჰილიზმის გასაღვივებლად და იმისთვის, რომ თავად „ქართული ოცნების“ ერთგული ამომრჩეველი მის წინააღმდეგ განაწყოს. ანჯაფარიძისნ შეფასებით, დასავლეთმა შესაძლოა უვიზო მიმოსვლაც კი შეაჩეროს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ხელისუფლებაში ისეთი პოლიტიკური ძალის მოყვანას, რომელიც მისთვის სასურველია.
„ეს სანქციების არ არის პირველი და უკანასკნელი, კიდევ იქნება დამსჯელი ღონისძიებები, რაც ემსახურება იმას, რომ არჩევნებამდე „ქართულ ოცნებას“ მაქსიმალურად შეურყიონ პოზიციები, მის ელექტორატში დათესონ შიში, უკმაყოფილება და პროტესტის განცდა გააღვივონ. როდესაც მოსახლეობა იგებს ასეთ ინფორმაციას, რომ შეჩერდა დახმარება, შეჩერდა ურთიერთობა - ეს ასოცირდება იმასთან, რომ ეს შესაძლოა მის ცხოვრების დონეზეც აისახოს, მის ბიზნესზე და ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ გარემოზე. ძალიან მიზანმიმართულად ხდება წერტილოვანი დარტყმები სწორედ ამ მიმართულებით, რომ „ქართულ ოცნებას“ ჩამოაშორონ ელექტორატი, მათ შორის მისი ერთგული ელექტორატი. სწორედ ამას ემსახურება ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რომ ვიღაცების კეთილდღეობა ეჭვის და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
ის ეფექტი, რაც მოჰყვება საერთაშორისო კონტაქტების შემცირებას, ხელისუფლების და ქვეყნის იზოლაციას, ამასაც აქვს თავისი ნეგატიური გამოვლინება, რამაც შესაძლოა თავისი როლი ითამაშოს. თუ ჩათვალეს, რომ მათ მიერ შემოღებულმა სანქციებმა ის შედეგი ვერ გამოიღო, რასაც ისინი ელოდებოდნენ, შესაძლოა, იფიქრონ უვიზო რეჟიმის შეჩერებაზეც. ასევე, არ დაგვავიწყდეს, რომ ოქტომბერში უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის დასკვნა, გაიხსნება თუ არა საქართველოსთან მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე. იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც კეთდება, ნულოვანია იმის ალბათობა, რომ მათ თქვან „კი“, - დიდი ალბათობით, იტყვიან „არა“-ს.
არ გამოვრიცხავ, რომ დამატებით, სხვა სანქციებიც დაემატოს. სანქციების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა - ის დახმარება, რასაც ჩვენ აშშ-დან და ევროკავშირიდან ვიღებთ, საკმაოდ მრავალფეროვანია. თუ საჭიროდ ჩათვალეს, შესაძლოა, პროგრამებიც შეაჩერონ. ეს პროგნოზი გამომდინარეობს იმ საბოლოო მიზნიდან, რა მიზანსაც ისახავს ევროკავშირი და აშშ - უნდათ ხელისუფლებაში იხილონ მათთვის მისაღები პოლიტიკური ძალა. შესაბამისად, აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალას მაქსიმალურად შეუწყონ ხელი, თუნდაც ასეთი ნაბიჯებით“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.
მაქსიმალურად შეეცდებიან, ხალხი როგორმე დააშინონ - თუ ამ ხელისუფლებას მისცემთ ხმას ქვეყანას თავზე დაგაქცევთო, მაგრამ საქმე ასე მარტივადაც არ არის.
ქართველის ხასიათი ისეთია, მსხვერპლის მხარეს დადგომას რომ ავალებს კაცს. ასე რომ ხელისუფლებაზე შეტევამ შეიძლება საპირისპირო ეფექტი გამოიწვიოს, რადგან ყველამ შესანიშნავად იცის, რომ ეს ხელისუფლება დასავლეთს, სწორედ თავისი კონსერვატიული, ტრადიციული, სარწმუნოებრივი, სუვერენიტეტის დაცვის და ომში არ ჩართვის პოზიციის გამო არ ეხატება გულზე.
სხვა აქ განსაკუთრებული არაფერი ხდება, ვერც დემოკრატიის ძირის გამოთხრას ხედავს და გრძნობს ვერავინ და ვერც გამოხატვის უფლების შეზღუდვას. არც ტელევიზიებსა და პრესას ხურავს არავინ, ზოგიერთი, კორუფციაში ჩამხრჩვალი, მაგრამ დემოკრატიის შუქურად მიჩნეული ქვეყნებისაგან განსხვავებით.
არჩევნების გაყალბებულად გამოცხადების დიდი იმედიც არ აქვთ, რადგან იციან, არაფერი ასეთი სინამდვილეში არ მოხდება და ვერც მოხდება. არ არსებული გაყალბების დასაცავად კი ქუჩაში ხალხი არ გამოვა. მარტო ენჯეოშნიკები კი დიდი პროტესტის ასაწევად, როგორც ჩანს საკმარისი არ არის.
ასე რომ ერთად ერთი გზა, ამ ხელისუფლების შესაცვლელად ხალხის, აპოკალიფსური მომავლით, დაშინებაა.
ყველაფერი ხელისგულზე დევს, ადამიანს საფიქრალსაც აღარ უტოვებენ
ყოჩაღ ამერიკა ყოჩაღ ...................... ჩემი გეგმის მიხედვით ვითარდება(მწვავდება) ამერიკაში ყველაფერი
ზამთარში ....................... ზამთარში