„განკაცებულ ღმერთს სიცოცხლეშივე შეურაცხყოფა მიაყენეს, სცემეს, გახადეს, ჯვარს აცვეს, ამის შემდეგ პარიზის ოლიმპიადის მკრეხელური პერფორმანსი ვერ გაგვაკვირვებდა, მაგრამ 2 მილიარდზე მეტი ადამიანის გრძნობები ხომ უნდა გაეთვალისწინებინათ?!“

 „განკაცებულ ღმერთს სიცოცხლეშივე შეურაცხყოფა მიაყენეს, სცემეს, გახადეს, ჯვარს აცვეს, ამის შემდეგ პარიზის ოლიმპიადის მკრეხელური პერფორმანსი ვერ გაგვაკვირვებდა, მაგრამ 2 მილიარდზე მეტი ადამიანის გრძნობები ხომ უნდა გაეთვალისწინებინათ?!“

ყველაფერი დაიწყო იქიდან, არიქა, ლგბტ თემის უფლებები უნდა დავიცვათ, ჰომოსექსუალიზმისთვის ციხეში არ უნდა ჩავსვათო და მთავრდება იმით, რომ ტაში თუ არ დაუკარი ლგბტ პირების ქორწილს, თუ არ მიხვედი მათთან და ლამის, მათი სადღეგრძელო არ დალიე, მაშინ უკვე მტერი და ჰომოფობი ხარ. ბოლო დროს ასეთი ტენდენციაა, ევროპაში კარგ ტონად ითვლება, თუკი შენ წინ წამოწევ ლგბტ თემას. ამის გამოძახილი იყო პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაც, - აცხადებს თეოლოგი ლევან აბაშიძე for.ge- სთან საუბრისას.

ოლიმპიური თამაშები, რომლებიც გადმოცემით, თვით ზევსმა დააფუძნა, ყოველთვის იყო მშვიდობის სიმბოლო, რა დროსაც ომებიც ჩერდებოდა. წლევანდელი პარიზის ოლიმპიადის სკანდალურმა პერფორმანსმა სრულიად აღაშფოთა ქრისტიანული თუ მაჰმადიანური სამყარო და უარყოფითი შეფასებებიც გაჩნდა - სოდომური ვაკხანალია, ეშმაკის მეჯლისი. სამაგიეროდ, კმაყოფილებას ვერ მალავს აშშ-ის გავლენიანი ლგბტ გამოცემა, რომელიც არ ფარავს, რომ ამაზე უფრო ბედნიერები ვერ ვიქნებოდით, ეს უდიდესი მომენტია, დრეგ შემსრულებლები არღვევენ მეინსტრიმს. დრეგ შემსრულებლები, რომლებიც აუდიტორიის გასართობად მოწინააღმდეგე გენდერისთვის დამახასიათებელ როლს ასრულებენ, დღეს გეიკულტურის უფლებებისთვის იბრძვიან. რისი თქმა უნდოდათ ლგბტ ლობისტების მძევლობაში მყოფ ოლიმპიადის ორგანიზატორებს, როცა ამტკიცებენ, რომ დიონისეს კულტს განასახიერებდნენ და არა საიდუმლო სერობას?

- პარიზის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა რა ჩაიფიქრეს, კაცმა არ იცის, მაგრამ რომც ვირწმუნოთ, თითქოს მათ დიონისეს სახე ჩაიფიქრეს, უნდა ეფიქრათ სხვა ადამიანების რელიგიურ გრძნობებზე. ერთ-ერთმა მსახიობმა სწორედაც აღიარა და გამოაქვეყნა კიდეც, რომ სწორედ ლეონარდოს საიდუმლო სერობა ჩაიფიქრეს. მათ უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ ეს არ არის რომელიღაც ელიტარული თეატრი, ოლიმპიადა არის ისეთი წარმოდგენა, რომელსაც უყურებს ორი მილიარდი ადამიანი. ამიტომ არავისთვის არ უნდა მიეყენებინათ შეურაცხყოფა და არავისთვის ეტკინათ გული. თუ აქ იკითხება და, მრავალმა წაიკითხა კიდეც, მკრეხელობა იესო ქრისტეს მიმართ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამას უყურებს უამრავი ქრისტიანი და უყურებს არაერთი მუსლიმანი.

ზოგადად, მუსლიმანები პატივს სცემენ იესო ქრისტეს, რომლის სასწაულების და მეორედ მოსვლის სწამთ, ასევე, ღვთისმშობელ მარიამს, რომელიც იესოსთან და გაბრიელ ანგელოზთან ერთად ყურანში მოიხსენიება...

- რასაკვირველია ღვთისმშობელ მარიამსაც და იესოსაც ძალიან დიდ პატივს სცემენ, ოღონდ იესო ქრისტე განკაცებულ ღმერთად არ მიაჩნიათ. მუსლიმანებისთვისაც იესო ქრისტე არის წმინდანი და დიდი წინასწარმეტყველი. ფაქტობრივად ეს პერფორმანსი მათთვისაც უხამსობა და მკრეხელობა იყო. აღნიშნული პერფორმანსი დაგმო მსოფლიო პატრიარქმაც და ჩვენმა საპატრიარქომაც. რატომღაც გადარეულია მთელი მსოფლიო, არიქა, ვიღაც ჰომოსექსუალს, ლესბოსელს, თუ ტრანსგენდერს შეურაცხყოფა არ მივაყენოთო, მაგრამ მილიარდ ქრისტიანს რომ შეურაცხყოფას აყენებენ, ეს მათთვის არაფერია. ან კიდევ, როგორ მოიხადეს ორგანიზატორებმა ბოდიში? ჩვენ ვწუხართ, თუ ვინმეს ეს ეწყინაო. ეს ნიშნავს, თქვენ ვერ გაიგეთ ჩვენი ჩანაფიქრი, ანუ გაუნათლებლები ხართო. არა მარტო მართლმადიდებლები, მრავალი კათოლიკე ცნობილი მქადაგებელი და ცნობილი ეპისკოპოსი გამოვიდა ამის დასაგმობად.

ფრანგებს რელიგიურ გრძნობებზე თამაშის სამწუხარო გამოცდილება გააჩნიათ. ფრანგული სატირული ჟურნალი- შარლი ებდოც დაახლოებით ამავე სცენარში იყო. ყველას გვახსოვს, მუჰამედის კარიკატურის დაბეჭდვამ 2015 წლის 7 იანვრის ტრაგედია გამოიწვია.

- დიახ, მაგრამ აქ ერთი განსხვავებაა, ჟურნალ შარლი ებდოს ჩვენ არ ვკითხულობთ, მაგრამ როდესაც ტარდება ოლიმპიადა, ეს ნიშნავს, რომ მთელი მსოფლიოდან იღებენ მონაწილეობას სპორტსმენები, ეს ერთგვარი ზეიმია. მართალია, ოლიმპიადას წარმართული საფუძველი ჰქონდა თავიდან, მაგრამ დღესაც ზეიმია, იკრიბებიან, ეჯიბრებიან ერთმანეთს, ამიტომ ამას უყურებენ მსოფლიოს სხვადასხვა ხალხები, ყველა ქვეყანა წარმოადგენს თავის კულტურას.

საინტერესოა, პრეზიდენტ მაკრონთან იქნებოდა ეს ღონისძიება შეთანხმებული? სხვათა შორის, ჩვენს პრეზიდენტზეც ითქვა, რომ მას უნდა გაეპროტესტებინა ოლიმპიადაზე ქრისტიანული გრძნობების შეურაცხყოფა.

- ცხადია, საფრანგეთის პრეზიდენტი პასუხისმგებელია ამ ყველაფერზე, რადგან ეს აუცილებლად შეთანხმებულია პრეზიდენტთან. ეს ოლიმპიადაც შეთანხმებული იქნებოდა პრეზიდენტ მაკრონთან. რაც შეეხება ჩვენს პრეზიდენტს, დაგმობდა თუ არა ამ პერფორმანსს, ეს მისი გადასაწყვეტი იყო. საერთოდ, ბოლო დროს ასეთი ტენდენციაა, რომ ყველაფერში უნდა აღნიშნონ ლგბტ-ობა. ითვლება ასე, თითქოს მათ საუკუნეების განმავლობაში ავიწროებდნენ და ახლა თანასწორობას ითხოვენ, მაგრამ სად თავდება მათი უფლებები და სად იწყება პროპაგანდა, ეს უკვე სხვა საკითხია. ცხადია, ეს გადახრაა მეორე მხარის სასარგებლოდ. ყველაფერი დაიწყო იქიდან, არიქა, მათი უფლებები უნდა დავიცვათ და ჰომოსექსუალიზმისთვის ციხეში არ ჩავსვათო და თავდება იმით, რომ ტაში თუ არ დაუკარი მათ ქორწილს, თუ არ მიხვედი მათთან და ლამის, მათი სადღეგრძელო არ დალიე, მაშინ უკვე მტერი და ჰომოფობი ხარ. ამიტომ, ალბათ, უნდა გამოინახოს რაღაც ნორმალური საშუალო პოზიცია, რომ არავინ ავიწროებს ლგბტ პირებს, მაგრამ თვითონაც ნუ გვავიწროებენ.

ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო სერობა, ანუ იესოს უკანასკნელი ტრაპეზი, როცა იესომ პური და ღვინო აკურთხა და თავის ხორცსა და სისხლს აზიარა მოწაფეები, ისეთი ძლიერი ნამუშევარია, რომელიც ბევრ ადამიანს ფანტაზიას უხსნის. რამდენად შესაძლებელია ეს იდუმალი ფრესკა პოპკულტურას მოარგონ, დაესესხონ მას ლიტერატურაში, რეჟისურაში, მუსიკაში?

- ცნობადი ნამუშევრები ზუსტად ასეა. მონა ლიზაც ასეთივეა, ბევრ ფანტაზიას იწვევს, 10 წლის წინ მონა ლიზაც რომ მოიპარეს და მერე გამოჩნდა, გახდა ცნობადი, კოკა-კოლას რეკლამებშიც გამოიყენება. ახლა ოლიმპიადის ორგანიზატორები თავს იმართლებენ, ეს არ იყო ლეონარდოს საიდუმლო სერობა, არამედ ჰოლანდიელი მხატვრის ნამუშევარი იყოო, რომელსაც არავინ იცნობს, მაგრამ ეს ხომ სისულელეა, ესეც ხომ უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ ლეონარდოს საიდუმლო სერობას ყველა იცნობს, მათ შეიძლება სხვა რამ ჩაიფიქრეს, მაგრამ ხალხი რომ დააკავშირებდა ამას ლეონარდოსთან, ეს უნდა გაეთვალათ. თანაც, მარტო ეს ხომ არ იყო, იქ იყო სხვადასხვა სცენა, მაგალითად, ერთ-ერთი სცენა იყო სიყვარული პარიზში, ჰომოსექსუალური სიყვარულიც იყო, ჯგუფური სიყვარულიც, სამნი შედიან და ა.შ. მოკლედ, ყველაფერი იყო ჰეტეროსექსუალიზმიც, ბისექსუალიზმიც.

როგორც წესი, ასეთ პროპაგანდას ახლავს დიდი დაფინანსება. ფიქრობთ, ეს ღონისძიება დაფინანსებული იყო გლობალური ლგბტ ძალების მხრიდან?

- მე არ ვიცი, ეს რა ძალებია, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, დასავლეთში, ევროპაში არის ასეთი ტრენდი, რომ კარგ ტონად ითვლება, თუკი შენ წინ წამოწევ ლგბტ თემას. ამ ტრენდის თანახმად, აუცილებლად უნდა იყოს ლგბტ პირთა ჩართულობა კორპორაციაში, აუცილებლად უნდა იყოს ერთი ჰომოსექსუალი, ერთი ლესბოსელი სამსახურში, გენერლებს შორისაც უნდა იყოს ერთი ასეთი. მოკლედ, აშკარად რაღაც გადახრაა. ტრამპს რომ ესროლეს და დაცვამ ვერაფერი გააკეთა, დაცვას ჰკითხეს, რის მიხედვით არჩევთ კადრებს, პროფესიონალიზმის და უნარების მიხედვით, თუ გენდერული ბალანსის მიხედვითო, ზუსტად ეს კითხვა დაუსვეს იმ ქალბატონს, რომელიც გადადგა. ასეთი ტენდენციაა, რას ვიზამთ.

ისე, ძველბერძნული მითოლოგიის ღვთაება - დიონისე, რომელიც პოპულარული იყო დაბალ ფენებში და არა არისტოკრატიაში, მართლაც ჩანდა კადრებში თავისი ცისფერი სხეულით...

- კი ბატონო, ეს აშკარად არაქრისტიანული და წარმართული იყო. საერთოდ, დამახასიათებელია ევროპული კულტურისთვის ირონია, პაროდია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამას უყურებს ყველა, დაწყებული ფრანგებიდან, დამთავრებული კორეელებით, უნდა გაითვალისწინო აუდიტორია, ეს ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. შენ შეიძლება არაფერი ისეთი არ გითქვამს, არც გქონია ჩაფიქრებული, მაგრამ უნდა გაითვალისწინო, რომ შეიძლება ვერ გაგიგონ. ჭკუას რომ გვასწავლიან ამ ფეისბუკში, ეს ასე კი არ არის, ისე კი არ არის, განათლებაა საჭიროო, კი ბატონო, ვიღაცა შეიძლება არ იყოს ისე განათლებული, რომ კარგად იცოდეს მითოლოგია, ვაკხანალია და ბახუსი, მაგრამ რატომ უნდა გააკეთო ისეთი რამ, რასაც არასწორად გაიგებენ?! მთავარი, ვინც იყო, იმან თვითონ გამოაქვეყნა ათი სურათი, მერე წაშალა, მაგრამ ეს ადასტურებს, რომ მათთვისაც არ იყო უცხო ლეონარდოს საიდუმლო სერობასთან კავშირი. ძველადაც იყო პაროდია, ირონია. ეს არის კარნავალური კულტურა, როცა ყველაფერზე იცინოდნენ, თავის თავსაც დასცინოდნენ და ეს ხდება ევროპაში. სხვათა შორის, ამას ეკლესიაც იწყნარებდა. საფრანგეთში ამ დონის თავისუფლებაა, რომ ნებისმიერ საკითხზე შეიძლება პაროდია გააკეთო და გააკრიტიკო. ოლიმპიადის გახსნა მსოფლიოში საყოველთაო მოვლენაა და ამიტომ სხვადასხვა კულტურის და მრწამსის ადამიანების აზრი უნდა გაითვალისწინო. ყველას გრძნობა, ყველას ინტერესი მნიშვნელოვანია. როგორც ქრისტიანს, მე არ მიმაჩნია, რომ ამით შეურაცხყოფა მიაყენეს ქრისტეს, ვინაიდან ჩვენი სარწმუნოების ერთ-ერთი ქვაკუთხედი არის სწორედ ის, რომ იესო ქრისტეს ანუ განკაცებულ ღმერთს უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენეს თავის სიცოცხლეში, სცემეს, გახადეს ტანზე და და ჯვარს აცვეს. ამის შემდეგ თითქოს რა უნდა გაგიკვირდეს, მაგრამ ყველა ხომ ერთნაირი არ არის, ვიღაცას სხვანაირად ესმის. აქ საუბარია ორ მილიარდზე მეტ ადამიანზე, რომელიც უყურებდა ამ ოლიმპიადას, ამიტომ რეაქციაც შესაბამისი იყო.