ირაკლი კობახიძე: სათანადო ვადებში ყველა შესაბამისი მყინვარი იქნება დაფარული მონიტორინგის სისტემით, ეს გარკვეულ დროს მოითხოვს, თუმცა შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ყველა სამუშაო შესრულდება

ირაკლი კობახიძე: სათანადო ვადებში ყველა შესაბამისი მყინვარი იქნება დაფარული მონიტორინგის სისტემით, ეს გარკვეულ დროს მოითხოვს, თუმცა შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ყველა სამუშაო შესრულდება

სათანადო ვადებში ყველა შესაბამისი მყინვარი იქნება დაფარული მონიტორინგის სისტემით, ეს გარკვეულ დროს მოითხოვს, შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ყველა სამუშაო შესრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შოვში განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მონიტორინგის სისტემებთან დაკავშირებულ პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უძღვება.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს, რომელიც შოვში ტრაგედიის შესაძლო თავიდან აცილებასთან დაკავშირებით თეა გოდოლაძის განცხადებას შეეხებოდა.

„არ მინდა, რაღაც კომენტარები გავაკეთო ამ ადამიანის განცხადებებთან დაკავშირებით. გახსოვთ, რომ არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა მისი მხრიდან უშუალოდ ტრაგედიის დღეებში და ყველაზე მძიმე ისაა, როდესაც ტრაგედიის დღეებში შეგნებულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტყუილი რაც მან გაავრცელა იყო ის, თითქოს ტბა იყო დაგუბებული და ეს ტბა მოწყდა მყინვარიდან. არ მინდა, ამაში შევიდე, არ მინდა, ამაზე მეტი კომენტარი გავაკეთო. რაც შეეხება სისტემებს, ამასთან დაკავშირებით გავაკეთე განცხადება ჯერ, როცა მთავრობის დამტკიცების დღე იყო, შემდეგ როცა პარლამენტს ყოველწლიური ანგარიში ჩავაბარე. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უძღვება ამ სამუშაო პროცესს. შვეიცარიელი პარტნიორია ჩართული ამ ყველაფერში და სათანადო ვადებში ყველა შესაბამისი მყინვარი იქნება დაფარული მონიტორინგის სისტემით, ეს გარკვეულ დროს მოითხოვს, თუმცა სათანადო ვადებში, შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ყველა სამუშაო შესრულდება", - აღნიშნა პრემიერმა.