შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა

შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა

შოვში მომხდარი სტიქიური უბედურებიდან ერთი წელი გავიდა. რაჭაში, შოვში, მჟავე წყლებთან, მთებიდან ჩამოწოლილმა მეწყერმა 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათგან ერთი დაღუპული ჯერ კიდევ ნაპოვნი არ არის. 32-ე, ბოლო ცხედარი მაშველებმა 2023 წლის 10 სექტემბერს, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ცხედრების მოძიების სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ. სამუშაოებში ჩართული იყო სამსახურის ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე მძიმე ტექნიკა, დრონები, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.

მეწყრის ჩამოწოლის ადგილზე, პირველივე საათებიდან, 400 მეხანძრე მაშველი იყო მობილიზებული. მათ 152 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი.

ამასთან, ჩამოწოლილი მიწის მასისა და დანგრეული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, შოვის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში რამდენიმე სამთავრობო სტრუქტურა ერთობლივად მონაწილეობდა.

სპეციალისტების დასკვნით, 2023 წლის 3 აგვისტოს, ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური, გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა) თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება.

აღნიშნულ პროცესს ხელი შეუწყო ბოლო პერიოდში მომატებულმა ჰაერის ტემპერატურულმა ფონმა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა მყინვარების ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ატმოსფერულმა ნალექებმა. დინამიკაში მოსული კლდეზვავური მასალა და მყინვარული მასის ნაწილი ხეობის ზედა ნაწილშივე ტრანსფორმირდა გლაციალურ ღვარცოფულ ნაკადად. კალაპოტში დიდი სიჩქარით გავლილმა ნაკადმა, ხეობის შუა და ქვედა ნაწილში, ორივე ბორტის გასწვრივ გამოიწვია ფერდობების ძირის გამორეცხვა და ე.წ. სანაპირო ტიპის მეწყრული სხეულების წარმოქმნა-გააქტიურება.