მალე ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ჩააბაროს როგორც მექანიკურ, ასევე ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე. შესაბამისად, ის, ვინც გამოცდას გაივლის ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილზე, უფლება მიეცემა მართოს უშუალოდ ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალება. ამ საკითხზე სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა ფორუმზე მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს. მათი უმეტესობა შეშფოთებულია იმ შესაძლო დაბრკოლებებით, რასაც ქალაქის ქუჩებში ახალბედა და გამოუცდელი მძღოლების მომრავლება გამოიწვევს.
"მე ამ სიახლის წინააღმდეგი ვარ" - ამბობს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, რუსთავის ავტოდრომის დირექტორი მევლუდ მელაძე:
- პრაქტიკული გამოცდა, რაც მართვის მოწმობის ასაღებად აქამდე ბარდებოდა, ისედაც ძალიან სუსტი იყო, არ არსებობს ქალაქში მართვის ტესტი, არც არაფერი ამდაგვარი, უბრალოდ, გადიხარ გამოცდაზე, გაზზე ერთი ფეხის დადგმით აბარებ და მორჩა. ახლა კი ამ ყველაფერს დაემატა ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ტრანსპორტზე ტესტირებაც, რაც ისედაც მარტივ გამოცდას უფრო გაამარტივებს. თუ ადრე მანქანის აღმართზე გაჩერებისას ან უკუსვლით ჩაყენების დროს კონუსზე (ცეპლენია) მოქმედება უნდა გეკონტროლებინა, ახლა ესეც გამოირიცხა. აბარებ ძალიან იოლად, მართვის მოწმობა გაქვს, მოძრაობ ქუჩებში და ქმნი საშიშროებას. თეორიულ მხარეზე არაფერს ვამბობ, მიღებული პრაქტიკაა, თუმცა ბევრი ამის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდა. უახლოეს მომავალში შესაძლოა, ავტომატური გადაცემის კოლოფის მქონე ტრანსპორტმა მექანიკური მთლიანად ჩაანაცვლოს, მაგრამ ქალაქში გადაადგილების დროს ეს სირთულეებს არ უნდა ქმნიდეს. რასაკვირველია, ეს ყველაფერი გამოიწვევს ავტომანქანების კიდევ უფრო მომრავლებას, თუმცა ეს არ შეიძლება ხშირი საცობების გამომწვევ მიზეზად დავასახელოთ. მთავარი ისაა, რომ მართვის კულტურა არ გვაქვს - გზაჯვარედინებზე ერთმანეთს გზას არ ვუთმობთ, არ ვიცით, როგორ ვიმოქმედოთ ისეთ გზებზე, სადაც გადაჯვარედინებები გვხვდება, მაგალითად, გმირთა მოედანზე და ა.შ. არ ვიცით, რადგან არ გვისწავლია და საფუძვლიანადაც არავინ გვიხსნის. ასე რომ, მთავარი პრობლემა სატრანსპორტო საშუალებების სიმრავლე კი არა, იმ ადამიანების რიცხვია,
ვინც მართვა სათანადოდ არ იცის. არადა, დღესაც რომ დავიწყოთ ამ თემაზე ზრუნვა, ერთი 20 წლის მერე თუ მივიღებთ შედეგს, რადგან მოცემულ საკითხზე მუშაობა სკოლის ასაკიდანვეა საჭირო და შემდეგ, როდესაც თაობა გაიზრდება, მათ უკვე გონებაში გამჯდარი ექნებათ, სად როგორ უნდა იმოქმედონ და ამით გზებზე ქაოსიც დასრულდება. დღესდღეობით კი ამ პრობლემის გადაჭრის გზა არ არსებობს, სულ ცოტა, უახლოესი 10 წელიწადი მაინც".