ახლო აღმოსავლეთი რეგიონული ომის ზღვარზეა - ჰამასთან ომის დაწყების შემდეგ, ისრაელი ყველაზე ახლოსაა რამდენიმე ფრონტზე ომის გაჩაღებასთან. რეგიონულ ომში შეიძლება ჩაერთონ ჰამასზე ბევრად ძლევამოსილი მოთამაშეები - ირანი და ლიბანური გასამხედროებული დაჯგუფება ჰეზბოლა.
„1 აგვისტოს ირანის სულიერმა ლიდერმა ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა“, - ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
აიათოლა ალი ხამენეიმ მიზეზად ირანში ისრაელის მიერ ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობა დაასახელა.
ისრაელმა ჰამასისა და ჰესბოლას ლიდერებზე შეტევა გოლანის მაღლობებზე ჰესბოლას მიერ ისრაელელ ბავშვებისა და მოზარდებზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ განახორციელა.
ჰამასის ლიდერის მკვლელობა
„ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანიე დისტანციური მართვის ბომბით მოკლეს, რომელიც თეირანის სასტუმროში ორი თვის ადრე ფარულად შეიტანეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ ტაიმსი“ ავრცელებს.
ამერიკული გამოცემა ირანელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის კუთვნილ შენობაში ფარულად შეიტანეს და ისმაილ ჰანიეს ოთახში ყოფნის დროს აამოქმედეს.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რეზიდენციაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.
ოფიციალური შეფასებით, აფეთქებამ ჩაამსხვრია ფანჯრები და ჩამოანგრია შენობის კედლის ნაწილი, თუმცა თავად შენობას მინიმალური ზიანი მიადგა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სარაკეტო დარტყმა ნაკლებად სავარაუდოა.
ირანული წყაროს ინფორმაციით, თავდასხმის სიზუსტე ჰგავდა დისტანციური მართვის ავტომატს, რომელიც ისრაელის დაზვერვის სამსახურის, „მოსადის“ გუნდმა 2020 წელს ირანელი ბირთვული მეცნიერის, მოჰსენ ფახრიზადეს მოსაკლავად გამოიყენა.
ისმაილ ჰანიეს მკვლელობაზე ისრაელი ოფიციალურად არ საუბრობს, თუმცა დასავლური მედიის ცნობით, ისრაელის დაზვერვის წარმომადგენლებმა შეერთებულ შტატებსა და დასავლეთის სხვა მთავრობებს მაშინვე აცნობეს ოპერაციის დეტალების შესახებ.
სასტუმრო სახლი გამოიყენება დასასვენებლად, ფარული შეხვედრებისთვის და გამოჩენილი სტუმრების დასაბინავებლად.
ირანის ახალმა პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა კი განაცხადა, რომ „ირანი თავის ტერიტორიულ მთლიანობას დაიცავს“, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რის გაკეთებას აპირებენ თავდასხმის პასუხად.
ისმაილ ჰანიეს მკვლელობა ირანის დაზვერვის დიდი კრახია. ჰამასის ლიდერი თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე თავად აიათოლამ მიიღო, ინაუგურაციაზე კი დიდი პატივით შეხვდნენ და მასთან ერთად სხვადასხვა არაბი თუ ირანელი პოლიტიკოსი პოზირებდა.
„ისრაელის რეჟიმი ისმაილ ჰანიეს მკვლელობისთვის „მძიმე ფასს“ გადაიხდის“, განაცხადა ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამად ბაღერ ყალიბაფმა.
ირანის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, ისრაელის ხელისუფლების დანაშაულები ეფუძნება მის უუნარობას, დაუპირისპირდეს წინააღმდეგობის ძალებს.
ყალიბაფის განცხადებით, ისრაელი „სტრატეგიულ შეცდომას“ დაუშვებს, თუ ფიქრობს, რომ წინააღმდეგობის ფრონტის სამიზნეში ამოღება გავლენას მოახდენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.
ირანის პარლამენტის სპიკერმა თქვა, რომ აპარტეიდული ისრაელისა და მისი მთავარი მოკავშირისთვის, აშშ-ისთვის „დაარტყი და გაიქეცის“ ეპოქა დასრულდა.
„ჩვენი მოვალეობაა რეაგირება სწორ ადგილას და საჭირო დროს“, – აღნიშნა მოჰამად ბაღერ ყალიბაფმა.
რეგიონში რთული ვითარებაა - ჰამასთან, ჰეზბოლასა და ირანთან დაძაბულობის ფონზე, ამერიკულმა და ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა ისრაელის მიმართულებით ფრენები გააუქმეს, რის გამოც ათიათასამდე ისრაელელი სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს.
პარალელურად, მოსახლეობას მიმართა ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ: „წინ რთული დღეები გველოდება. ისრაელი ნებისმიერი აგრესიისთვის დიდ ფასს გადაახდევინებს“.
ისმაილ ჰანიეს მკვლელობით შემცირდა შანსი, რომ უახლოეს მომავალში ისრაელსა და ჰამასს შორის ზავი გაფორმდება, რითაც ღაზაში ვითარება განიმუხტებოდა.
ჰანიეს მკვლელობამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ აშშ ცდილობდა, ისრაელი და ჰამასი ცეცხლის დროებით შეწყვეტასა და ჰამასის პატიმრობაში მყოფი ისრაელის მოქალაქეების გათავისუფლებაზე დაეთანხმებინა. მოლაპარაკებებში ჩართული იყო კატარი და ეგვიპტეც.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, 31 ივლისს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვაშინგტონმა „არც რაიმე იცოდა და არც ჩართული ყოფილა“ ჰანიეს მკვლელობაში და დასძინა, რომ მომხდარზე სპეკულაცია არ სურდა.
თუმცა ბლინკენმა აღნიშნა, რომ „ტემპერატურის დაბლა დაწევის საუკეთესო საშუალება“ ისრაელსა და ჰამასს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობაა.
რთული სათქმელია, რამდენად იქნებიან ახლა მხარეები ამისთვის განწყობილი.
აღსანიშნავია, რომ 14 აპრილს ირანმა ისრაელს ერთ ღამეში 170 დრონი, 120 ბალისტიკური და 30 ფრთოსანი რაკეტა ესროლა. მათი 99% ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა, თუმცა თავდასხმა იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ირანმა ისრაელს პირველად შეუტია თავისი ტერიტორიიდან. საბოლოოდ, მაშინ სიტუაცია ჩაცხრა, მაგრამ დაძაბულობა არსად გამქრალა.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან ამბობს, რომ ახლო აღმოსავლეთში ძალიან დიდი კონფლიქტის რეალური საფრთხე არსებობს და რთულია იმის პროგნოზირება სადამდეა ირანი წამსვლელი. მაისაია ამბობს, რომ ორივე ქვეყანა ისრაელიც და ირანიც, ბირთვული სახელმწიფოები არიან. აქედან გამომდინარე, ირანი, დიდი ალბათობით, ისრაელზე თავდასხმას განახორციელებს.
„პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ „ჰესბოლას“ ლიდერის მკვლელობა ისრალეის მხრიდან საკმაოდ ცინიკური იყო და ეს ირანისთვის უდიდესი გამოწვევა გახდა. შესაბამისად, ეს მომენტი მთავარი გამოწვევა იქნება ირანისთვის. მათთვის ისრაელზე მიწვდომა პრობლემას არ წარმოადგენს. სტრატეგიული არაბირთვული შეიარაღების ფონზე, ეს პრობლემა უკვე გეოპოლიტიკურ კონტექსტში მოხსნილია. ორივე ქვეყანას აქვს იმ დონის შეიარაღება, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ დარტყმები განახორციელონ. ისმაელ ჰანიას მკვლელობაც ამას ადასტურებს და ფაქტია, რომ შუაგულ ირანში მისი ლიკვიდაცია მოსადს არ გასჭირვებია. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, რეგიონალური ომი ვიხილოთ. რა თქმა უნდა, ირანი გამოიყენებს შესაძლებლობას, ლიბანიდან, ღაზის სექტორიდან, მათ შორის იემენიდანაც განახორიელოს ისრაელზე თავდასხმას. ასე რომ, ეს უკვე აღმოსავლეთ რეგიონის სიტუაციას საკმაოდ ართულებს.
რა თქმა უნდა, იყო ამერიკისგან მცდელობა, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის მიეღწიათ ისარელსა და პალესტინას შორის, მაგრამ ახლა სიტუაცია შესაძლოა იმაზე მძიმედ წარიმართოს, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. ირანი იძულებულია ისრაელს პასუხი გასცეს“, - ამბობს მაისაია.
მისივე თქით, იმის მიუხედავად, რომ ამერიკა ამბობს მათ არ ჰქონდათ „ჰამასის“ ლიდერის ლიკვიდაციაზე ინფორმაცია, ისრაელის მოკავშირე მაინც იქნება. თუმცა, ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ არჩევნების გამო, დახმარების კუთხით სიტუაცია რთული იქნება. ამერიკის ადმინისტრაციას ამ შემთხვევაში ქმედითი ნაბიჯების გადადგმა გაუჭირდება.
„ჯერჯერობით ირანი ამერიკისთვის მთავარ გამოწვევად რჩება, ამიტომ ამერიკა ისრაელს დაეხმარება. იყო კრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ამ მკვლელობის გამო, თუმცა მოკავშირეებად მაინც დარჩებიან. ცუდი ისაა, რომ ეს დაპირისპირება ამერიკის არჩევნებს ემთხვევა და პოლიტიკურ ელიტას ნაკლებად აქვს შესაძლებლობა, რომ ისრაელს დაეხმაროს. ევროკავშირის სახელმწიფო ქვეყნებს ისრაელის მიმართ განსხვავებული მიდგომები გააჩნიათ, ამერიკასავით ასე, ერთპიროვნულად, მის პოლიტიკას მხარს არ უჭერენ. ესპანეთი, იტალია, გერმანია, სრულიად სხვა დამოკიდებულებით გამოირჩევიან ისრაელის ხელმძღვანელობის მიმართ. აქედან გამომდინარე, ისრაელს ევროკავშირის დახმარების იმედი ნაკლებად უნდა ჰქონდეს. ამიტომ ფსონი ამერიკაზეა დადებული. თანაც თურქეთსა და ისრაელს შორისაც სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერდოღანი სადამ ჰუსეინს შეადარა. ბუნებრივია, ეს, ფაქტობრივად, ერდოღანის პირდაპირი შეურაცხყოფაა. ამიტომ ამ დაპირისპირებაში თურქეთი ვის მხარეს დაიკავებს, რთული წარმოსადგენი არაა. შესაბამისად, ახლო აღმოსავლეთი, რომ იტყვიან, დენთის კასრზე ზის და ნებისმიერ დროს შესაძლოა აფეთქდეს“, - ამბობს მაისაია.