ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ე.წ. დიდი ოთხეულიდან, მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul - იან დე ნული შეირჩა. სატენდერო კომისიამ საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით საუკეთესოდ მიიჩნია და უკვე გაეგზავნა მოწვევა ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად და ხელშეკრულების გასაფორმებლად. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, უკვე მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანია ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და მოლოს (ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის) მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს.
ბელგიურ კომპანიას „იან დე ნული“ 1938 წელს დაფუძნდა და მისი ბრუნვა 2,5 მლრდ ევროა, დასაქმებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი. კომპანია აქტიურად იყო ჩართული პანამის არხის გაფართოების პროექტში, გარდა ამისა, განახორციელა ან ახორციელებს პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის, ევროპაში, გალფის ყურეში, აფრიკასა და სხვა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რომელიც ქვეყნის სავიზიტო ბარათი იქნება, უნდა დააკავშიროს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემები.
ეს არის ქვეყნის სტრატეგიული პროექტი, რომელის მეშვეობით საქართველომ უნდა გაიმყაროს თავისი გეოსტრატეგიული ფუნქცია - დააკავშიროს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემები ერთმანეთს, მოემსახუროს ტვირთნაკადს შუა დერეფანში, რომელიც არის დასავლეთისა და აღმოსავლეთის უმოკლესი და ყველაზე უსაფრთხო გზა დღესდღეობით.
სპეციალისტების განცხადებით, ანაკლიის ნავსადგური შეძლებს საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან განვითარებას, მოიზიდავს საერთაშორისო ინვესტიციებს და შექმნის ათასობით ახალ სამუშაო ადგილს. მეტიც, ანაკლიის ნავსადგურის წარმატებული ფუნქციონირება მიმართული იქნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ შუა დერეფნის სხვა ქვეყნების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ.
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემების მიღება 2029 წელს იგეგმება, რაც გაზრდის ტვირთნაკადს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გავლით. ნავსადგურის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება ხოლო საორიენტაციო ღირებულება – 600 მლნ აშშ დოლარია.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ბელგიურ კომპანია „იან დე ნულ“-თან თანამშრომლობა მთავრობას საშუალებას მისცემს, რომ დათქმულ ვადებში ექსპლუატაციაში მიიღოს ანაკლიის პორტში პირველი საკონტეინერო მზიდი გემები 2029 წლიდან. მისი თქმით, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია ე.წ. დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთია და ის სწორედ საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებზეა სპეციალიზებული.
„პარალელურად იცით, რომ კერძო პარტნიორის შერჩევა მიმდინარეობს. ეს არის პროცესი, როდესაც ჩვენ გამოვლენილი გვყავს ერთი პრეტენდენტი, ვინც კონკრეტული წინადადებები წარმოადგინეს. მასთან მიმდინარეობს წინადადებების დაზუსტება და მუშაობა. ერთი პრეტენდენტი გამოვლინდა, დაფიქსირდა, მაგრამ გამარჯვებულად არ გამოგვიცხადებია. გამარჯვებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოცხადდება, თუ ის პირობები, რომლებიც დასაზუსტებელია, იქნება შესაბამისობაში საკონკურსო პირობებთან.
ამაზე მიდის დიალოგი და ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, დღეს გამოვაცხადოთ გამარჯვებულად ეს კონსორციუმი. შესაძლოა, არც გამოცხადდეს, თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, დიალოგის პროცესში მოხდება შესაბამისობაში მოყვანა წინადადების საკონკურსო მოთხოვნებთან და ამ შემთხვევაში გვეყოლება გამარჯვებული. ვადები არ გვაქვს შეზღუდული. მუშაობს ჩვენი საკონსულტაციო კომპანია, იცით, აყვანილი გვყავს რამდენიმე საკონსულტაციო კომპანია, რომლებიც ჩვენთან ერთად მუშაობენ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ სათანადო ვადებში განხორციელდეს ანაკლიის პორტის მშენებლობა.
„ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ამ სფეროში, რომელიც ძალიან მალე შეუდგება მუშაობას. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენთვის ანაკლიის პორტის განვითარება, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებისთვის, შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში, ჩვენი ფუნქციის განსაკუთრებით გამოკვეთისთვის. ყველაფერი გაკეთდება ამ პროექტის წარმატებით განსახორციელებლად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ პროექტის მთავარი ინვესტორი ჩინური კომპანიაა, ხოლო ბელგიური კი ქვეკონტრაქტორია, რომელიც განახორციელებს ტექნიკურ სამუშაოებს.
„მთლიანად ანაკლიის პროექტში მთავარი ინვესტორი ჩინური კომპანიაა. იცით, რომ გამოქვეყნდა საერთაშორისო გადაწყვეტილება, რითაც დადასტურდა ყველა ის ტყუილი, რომელსაც ჩვენი 4 წლის განმავლობაში ვისმენდით ჩვენი მისამართით და ძალიან მკაფიოდ დაერქვა ყველაფერს თავისი სახელი. დღეს, როგორც ხაზარაძე ვაჭრობდა ანაკლიის პროექტით მაშინ შიდა პოლიტიკური ამოცანებისთვის, ივანიშვილიც ვაჭრობს, უბრალოდ, მასშტაბები შეიცვალა. ის შიდა პოლიტიკური სიტუაციისთვის ვაჭრობდა, ივანიშვილი ვაჭრობს საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით. საბოლოო შედეგი არის ის, რომ ქვეყანას ანაკლიის პორტი დღეს არ აქვს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, ანაკლიის პროექტში შემოსულმა ბელგიურმა Jan De Nul-მა იცოდა, რომ ჩინური კონსორციუმია 49% აქციების მფლობელი და მას ვერანაირ სანქციებს ვერ დაუწესებენ ის დასავლური სახელმწიფოები, რომლებიც მესამე ქვეყნების მეშვეობით ფარისევლურად ვაჭრობენ რუსეთთან.
„თავის დროზე თაღლითმა მამუკა ხაზარაძემ რატომ ვერ უზრუნველყო საერთაშორისო კომპანიების მოზიდვა ანაკლიის პროექტში? იმიტომ, რომ დავალება ჰქონდა ჩაეგდო ეს პროექტი, რადგან საქართველოს ეკონომიკური ნახტომი არ აწყობთ ნეოკოლონისტურად განწყობილ გარე ძალებს. მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul მსოფლიოში ერთ-ერთი გიგანტი ევროპული კომპანია, რომელიც ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავების და ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს“, - აცხადებს გია აბაშიძე.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ საინტერესო სვლა არის, რაც აჩენს ვარაუდს, რომ შეიძლება დიდი ხნის მოფიქრებული მოდელია. მისი თქმით, შენ თუ ჩინეთი მაინც შემოგყავს, ოღონდ შირმას უკეთებ ბელგიურს, ამერიკისთვის ეს აღიქმება ისე, რომ ჭკუაში მოუგე და ხერხი იხმარე. მაგრამ პოლიტოლოგის განცხადებით, ეს არ ნიშნავს, რომ ის კმაყოფილი იქნება, რადგან ჩინური ფაქტორი მაინც იარსებებს.
„ანუ, მომევენა, რომ ქართულ მხარეს მომარაგებული ჰქონდა ეს ვარიანტი. უბრალოდ, ელოდა იმ მომენტს, როცა დაიხურებოდა კონკურსი და არ მოისურვა წინასწარ ძახილი, რომ მე მაინც კარგი ბიჭი ვიქნები და ევროპას შემოვიყვან. თუმცა, ამან შეიძლება დიდად არ შეამციროს დასავლური ზეწოლა ხელისუფლებაზე, შეიძლება სანქციები ვერ დააწესონ, მაგრამ ხელისუფლებასთან გააგრძელონ ჭიდაობა. გვახსოვს ანალოგიური მოვლენები, როდესაც ვერ იღებს რომელიმე ხელისუფლებიდან იმას, რაც სურს, მერე მაინც აგრძელებს დასავლეთი იმაზე ზრუნვას, რომ შეიცვალოს ხელისუფლება და მოულოდნელობები მისთვის ნაკლებად იყოს.
ვვარაუდობ, რომ ეს ძალიან საინტერესო სვლა არის, რომელიც რაღაცებს შეცვლის. თან ვატყობთ, რომ თვითონ ამერიკულ მხარეშიც ბზარია გაჩენილი იმ მხრივ, რომ ზოგიერთი მხარე იძახის, რომ ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვეთ თქვენი კანონი, ზოგი გვეუბნება, რომ საერთოდ არ მიიღოთ კანონიო. მოკლედ, ამერიკულ სივრცეშიც კი არ არის ერთი პოზიცია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.