„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, არბიტრაჟის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, „ლელოსთვის“ ეს გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ წამგებიანი იყო და პარტიამ შანსები კიდევ უფრო დაკარგა.
„ეს გადაწყვეტილება „ ლელოსთვის“ წინასაარჩევნოდ საკონტროლო გასროლა იყო. პრაქტიკულად პოლიტიკურად აბსოლუტურად განეიტრალებულია ლელო და ხაზარაძე, რადგან ყველამ დაინახა, რომ ის თაღლითობები, რასაც მას სამართლიანად აბრალებდნენ, უკვე რეალურად დაადასტურა საერთაშორისო არბიტრაჟმა“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო. იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.