იოავ გალანტი ისრაელელ ჯარისკაცებს მზადყოფნისკენ მოუწოდებს. ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ომი არ სურთ, მაგრამ ყველა შესაძლებლობისთვის ემზადებიან. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის განეიტრალებისკენ ისწრაფვის. ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ვითარების ესკალაციის ფონზე, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ფართომასშტაბიანი ომის დიპლომატიური გზით თავიდან არიდება შესაძლებელია. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი ისრაელს თავს დაესხმებიან, ლოიდ ოსტინის განცხადებით, აშშ ისრაელს დაეხმარება.
მესამე მსოფლიო ომის საფრთხე კი რეალური ხდება და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე თეირანში, საჰაერო თავდასხმისას იქნა მოკლული. „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს და შურისძიებით იმუქრება. ჰანიე, ირანში პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად იყო ჩასული. შესაბამისად, ირანის უზენაესი ლიდერი აცხადებს, რომ ირანი ვალდებულია ისმაილ ჰანიეს სიკვდილის გამო შური იძიოს.
„ამ ქმედებით კრიმინალურმა და ტერორისტულმა სიონისტურმა რეჟიმმა საკუთარი თავის მკაცრი დასჯისთვის ნიადაგი მოამზადა და ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია მისი სისხლისთვის შური ვიძიოთ, იმის გამო, რომ იგი ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოწამეობრივად აღესრულა“, - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.
შურისძიებით იმუქრება თურქეთიც. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ეს იყო პალესტინის საქმის, ღაზის წინააღმდეგობისა და პალესტინელების კანონიერი ბრძოლის შელახვის საზიზღარი მცდელობა, რომლის მიზანია მათი დემორალიზება, დაშინება და ჩახშობა. ამის მიუხედავად თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, სიონისტური ბარბაროსობა ვერ მიაღწევს თავის მიზნებს.
თურქეთის პრეზიდენტმა ისლამურ სამყაროს ღაზის სექტორში ჩაგვრის შეწყვეტისთვის ერთიანი პოზიციისკენ მოუწოდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, დედაქალაქით აღმოსავლეთ იერუსალიმში.
ანალიტიკოსის, „ხალხის ძალის“ წევრის დავით ქართველიშვილის განცხადებით, ირანის ფართომასშტაბურ ჩართვას ახლო აღმოსავლეთის „ხორცსაკეპ“ მანქანაში ვერა და ვერ მიაღწიეს. ამიტომ, მისი თქმით, კიდევ ერთი სილა გააწნეს თეირანს და ახლა მთელი მსოფლიო ელოდება საპასუხო ქმედებებს.
„დასრულდა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში, შედგა ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია. ისრაელის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა „ჰამასის“ პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი ისმაილ ხანია. გუშინვე ისრაელმა სარაკეტო დარტყმები მიაყენა ლიბანის დედაქალაქს. შედეგად, ბეირუთში დაიღუპა „ჰესბოლას“ მეორე კაცი, ხასან ნასრალას უფროსი მრჩეველი სამხედრო საკითხებში ფუად შუქრი (ხაჯი მოჰსენი). მასზე ნადირობა გამოცხადებული იყო 1983 წლიდან. მისი ადგილსამყოფელის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, აშშ-ს მიერ დაწესებული იყო ჯილდო - 5 მილიონი დოლარი. მოკლედ, კარგს არაფერს ველოდებით“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ირანში პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იმყოფოდებოდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის პრემიერ-მინისტრები, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჯოზეფ ბორელის პირადი წარმომადგენელი, გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი, თუმცა საქართველოში რადიკალურმა ოპოზიციამ ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტის უკან ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილება დაინახა. ცხადია, რომ ირანი ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოა რეგიონში და როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სწორედ ამის გათვალისწინებით, ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო.
ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს, არის თუ არა მისი ვიზიტი ირანში პოლიტიკური განაცხადი და დასავლეთთან დაშორება, რაზეც პრემიერმა უპასუხა, რომ ეს სამარცხვინო სპეკულაციაა.
„იმდენად სამარცხვინო სპეკულაციაა, რომ არ ვიცი, რა გიპასუხოთ. რაც შეხება ამ თემას, როგორც მითხრეს, პირადად ლომჯარიას ჰქონია დავალებული ამ თემის „აწევა“, თუმცა მაინც და მაინც დიდი წარმატება არ აქვს. ლომჯარიას პატრონებმა დაავალეს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ლომჯარიები არიან მაგალითად, სომხეთშიც, მაგრამ სომეხ ლომჯარიებს ეს თემა სომხეთში არ აუწევიათ. რატომ? იმიტომ, რომ ლომჯარიებს არ დაავალეს იგივე თემა, რაც ქართველ ლომჯარიებს დაავალეს. ასეთი სპეკულაციები სამარცხვინოა.
სომხეთის პრემიერიც ესწრებოდა ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას, რატომ არ გამოვიდნენ სომეხი ლომჯარიები, სომხური „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და სომხური „ფორმულა“ და არ დაგმეს ფაშინიანის ვიზიტი? იმიტომ, რომ არ მიუღიათ ეს დავალება. სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სურს დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავება, მსგავსი განცხადებები კეთდება მათ შორის დასავლეთის მხრიდან და სომხეთის პრემიერიც ესწრებოდა ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ნაცვლად იმისა, ხელისუფლებამ ცივილიზებულ სამყაროსთან, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე იფიქროს, შეგნებულად ირჩევს რუსეთს, ირანს, ჩინეთს, „ჰეზბოლას“ და ქვეყანა ჭაობისკენ მიჰყავს. მისი თქმით, ეს ყველაფერი უნდა შევცვალოთ 26 ოქტომბერს.
„სამწუხაროდ, დღეს საქართველოში გვყავს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარს თავად ამბობს და შეგნებულად ირჩევს რუსეთთან, ირანთან, ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და „ჰეზბოლასთან“ ურთიერთობების გზას, ნაცვლად იმისა, რომ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად საქართველოს წინსვლას, გაჭირვების, სიღარიბის, უმუშევრობისა და უსასრულო ემიგრაციის ტალღის შეჩერებას შეეცადოს. ეს ხელისუფლება საქართველოს მიაქანებს უფსკრულისკენ, რომელსაც რუსეთის ჭაობი ჰქვია, ამიტომ 26 ოქტომბერს ამ ხელისუფლების შეცვლა არის ერთადერთი გზა, საქართველოს გადარჩენისა და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე რადიკალურ ოპოზიციას წარსულს ახსენებს და აცხადებს, რომ 2004 წლის 8 ივლისს, პრეზიდენტი სააკაშვილი ირანში ოფიციალური ვიზიტისას აცხადებდა, რომ ირანი საქართველოს უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პარტნიორია და ორმხრივი თანამშრომლობა გაფართოვდება, თუმცა აშშ-დან რეაქცია მაშინ იყო 0.
„2010 წლის 22 მაისი, საქართველო და ირანი ვიზების გაუქმებაზე და თეირანს და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება, 2011 წლის იანვარში შევიდა ძალაში, აშშ-დან - 0 რეაქცია. 2010 წლის 4 ნოემბერი, საქართველოში ორდღიანი ვიზიტის დასრულებამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩარ მოთაქი, პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა. მხარეებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მხარი დაუჭირა დიალოგისა და ოფიციალური კონტაქტების გაგრძელებას, აშშ-დან - 0 რეაქცია. ეს იმათთვის, ვინც ჩვენი პრემიერ-მინისტრის ირანში ვიზიტზე კაბა-შარვლიდან ხტება თან კიდევ უზნეო რაღაცებს კადრულობს. ვიცი, რომ მათთვის ამას კედელზე ცერცვის შეყრის ეფექტი აქვს, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ხდებოდა მაშინ და რა ხდება დღეს“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
ოღონდ ჯერ ვნახო რომ კოლუმბს ქუნემ მოუვა