ოპოზიციური სპექტრი ხშირად საუბრობს, რომ ოპოზიციური პარტიები უნდა გაერთიანდნენ, რაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობას ზრდის. ამასთან, ეს გაზრდის შანსს იმისა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მივიღოთ კოალიციური მთავრობა და არა - „ქართული ოცნება“ უმრავლესობაში. უნდა აღინიშნოს Edison Research-ის ბოლო სოციოლოგიური კვლევაც, სადაც მმართველ პოლიტიკურ გუნდს, დაახლოებით, 32% აქვს. ამის ფონზე, ხშირად გვესმის დისკუსია, ვინ ვისთან შეიძლება შექმნას კოალიცია?!
ვიცით, რომ ბრიუსელის დეკლარაციას ხელი რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა, რაც თავისთავად გამორიცხავს „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის შექმნის შესაძლებლობას. რთულია განჭვრეტა ეს პარტიები დადებულ პირობას ბოლომდე, პირნათლად შეასრულებენ თუ დაარღვევენ - ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა, როგორც ცნობილია, ამ დეკლარაციაზე ხელი არ მოუწერია „გიორგი გახარია - საქართველოსთვის“. გამოითქვა მოსაზრება, რომ იმ შემთხვევაში თუკი „ქართული ოცნება“ არჩევნებზე საკმარის ხმებს ვერ შეაგროვებს, არსებობს ალბათობა, რომ მან კოალიცია სწორედ გიორგი გახარიას პარტიასთან შექმნას.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ სოციოლოგიური გამოკვლევები პარტიათა შორის ბრძოლის იარაღად იქცა. როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, კოალიციის შექმნის შესაძლებლობა გულისხმობს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლას.
„ბოლო პერიოდში, წინ წამოიწია გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ და ვფიქრობ, ეს შემთხვევითი არაა და ალბათ, ეს კონფიგურაცია იქნება საარჩევნოდ.
ძალიან საეჭვოა, „ქართულმა ოცნებამ“ ხმები იმდენად ვერ აიღოს, რომ ორჯერ უფრო ნაკლები ხმების მქონე პარტიებმა მას სირთულე შეუქმნას. Edison research-ის „დამაჯერებლობა“ კიდევ უფრო ცხადი ხდება სხვა სექციაში, პიროვნულ რეიტინგებში, სადაც ყველაზე მაღალი რეიტინგი სალომე ზურაბიშვილს აქვს, შემდეგ ლომჯარიას, გიორგი მარგველაშვილი და ა.შ. - პიროვნული რეიტინგების ასეთი წყება, არსებულ ქართულ პოლიტიკაში, მეეჭვება, რომ დამაჯერებელი იყოს, მაგრამ სოციოლოგიური გამოკვლევები პარტიათა შორის ბრძოლის ინსტრუმენტია და რეალურად, ჭეშმარიტების თვალსაზრისით, მათი იმედი არ უნდა გვქონდეს.
ასე მარტივად ნუ გავუშვებთ „ოცნებას“ პენსიაზე. თუ 50% ვერც ერთმა პარტიამ ვერ აიღო, შემდეგ საუბარი იქნება იმაზე, რომ შეიქმნას კოალიცია, ოღონდ კოალიციის შექმნის პრიორიტეტი აქვს იმ პარტიას, რომელსაც ყველაზე მეტი ხმა ექნება. თუ დავუშვებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 30% აიღო, ე.ი. მან უნდა შექმნას კოალიცია, თუმცა, თუ ჩავთვლით, რომ მან 0% აიღო (რაც ოპოზიციის ოცნებაა), მაშინ კოალიცია უნდა შექმნას „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ამიტომ, ფრაზა „ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ იყოს კოალიციური მთავრობა და არა იმისთვის, რომ რომელიმე მოვიდეს ხელისუფლებაში ამ ორი პოლუსიდან“, არის „ბლეფი“, რადგან იციან, რომ „ნაციონალები“ ხალხს არ უყვარს, ამიტომ აყრიან თვალებში კოალიციის ნაცარს, რომ „ნაციონალები“ კი არ მოჰყავთ ხელისუფლებაში, არამედ კოალიცია. თუმცა, თუ კოალიცია „ნაციონალებმა“ შეადგინეს, ვინ იქნება ამ კოალიციაში მთავარი? რეალურად, „ნაციონალები“ მოჰყავს ხელისუფლებაში იმ პოლიტიკურ მხარეს, რომელიც ამბობს, რომ კოალიცია სურს. ეს ნაციონალების მოყვანის შენიღბული მეთოდია“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.