"პრემიერს" ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ესაუბრა:
_ მოგესალმებით, საკმაოდ არაორდინარული იყო 2013 წელს საქართველოს პოლიტიკური და გნებავთ, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრება. თქვენ როგორ შეაფასებდით მიმავალ წელს და რა არის განსაკუთრებით თვალშისაცემი პოზიტივი და ნეგატივი, რომელსაც ეს წელი ქვეყანას დაუტოვებს?
_ თვალშისაცემი საკმარისზე მეტია, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კუთხით. თუმცა, რადგან საქმე ახალ წელს ეხება, დავიწყოთ, ტრადიციულად, მიღწევებით: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით; პოლიტიკური პლურალიზმით; უამრავი სატელევიზიო ტოქშოუთი; პრეზიდენტის რეალურად დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით; შემწყნარებლობით განსხვავებული პოლიტიკური აზრის მიმართ; საქართველოსთვის უპრეცედენტო _ უმაღლესი თანამდებობის პირის პოსტიდან ნებაყოფლობითი გადადგომით; ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებით, შაჰდენიზის პროექტის მეორე ფაზის დაწყებით და ა.შ. ალბათ, დამეთანხმებით, ერთი ხელისუფლების ერთი წლისთვის საკმარისზე ბევრია. და მე ვფიქრობ, ამ ნიადაგზე ხელისუფლებას აქვს სიამაყის საფუძველი.
თუმცა, მთავარი ახლა იწყება: მომავალი წელი ახალგაზრდა მთავრობისთვის თვითდამკვიდრებისა თუ ერთგვარი ტესტის ჩაბარების წელი იქნება. და აქვე რამდენიმე მოსაზრება მისთვის არცთუ ია-ვარდით მოფენილ ამ გზაზე.
უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ვანო მერაბიშვილის მიერ ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ და თუკი მერაბიშვილი ცრუობს, ამით წერტილი დაესმება "ნაციონალური მოძრაობის" ერთწლიან კამპანიას მასზე მიმდინარე პოლიტიკური დევნის თაობაზე. ხოლო თუ მერაბიშვილის სიტყვებში სიმართლის მარცვალი ურევია, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მოახდინოს თვითწმენდა საკუთარ რიგებში, რათა არ შეუდგეს იმ მოლიპულ გზას, რომელიც თავის დროზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიარა: როცა ჯერ შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაკავების პროცესში დაიწყეს კანონის მოთხოვნათა იგნორირება და შემდეგ კი კანონი და კონსტიტუცია მთელ საზოგადოებას თავზე გადაახიეს. გამოძიება აუცილებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიის თანახმად, მერაბიშვილმა თავად დაუგო მახე ხელისუფლებას, გააყვანინა რა თავი კამერიდან. თუ ამ ვერსიას არსებობის საფუძველი აქვს, მაშინ სხვა დასკვნამდე მივყავართ, კერძოდ: საქმე გვაქვს ხელისუფლებასთან, სადაც ერთი ნაწილი ახალგაზრდა და გამოუცდელია, ხოლო მეორე _ შედარებით გამოცდილი და ჩასაფრებული.
_ ანუ, მიუთითებთ, რომ "ქართულ ოცნებას" საკადრო პრობლემა აქვს?
_ საკადრო გადაწყვეტილებები და, ზოგადად, საკადრო რესურსი სწორედ ის თემაა, რომელიც შეიძლება ახალი ხელისუფლების აქილევსის ქუსლად იქცეს. ანალოგიას თუ მოვიხმობთ, დღევანდელი სიტუაცია იმ დროს მაგონებს, როცა "მოქალაქეთა კავშირის" ერთი ფრთა, ჟვანია-სააკაშვილის სახით, სამოქალაქო სექტორს აძლიერებდა, კვებავდა, აპიარებდა და გარშემო იკრებდა, დანარჩენი "მოქალაქეთა კავშირი" კი, შევარდნაძის მეთაურობით, უსუსურად აკვირდებოდა ამ პროცესს, საპირწონე ინტელექტუალური ნაკადის შექმნის ნაცვლად. ახლაც, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გარშემო მომხდარმა მოვლენებმა გამოაჩინა, რომ მთელმა "ენჯეო"-სექტორმა თუ მედიის დიდმა ნაწილმა მიზიდულობის ცენტრად "რესპუბლიკური პარტია" არჩია, მაშინ როცა აღმასრულებელი ხელისუფლება ლამის ფეოდალის კარის ციხესიმაგრეს დაემსგავსოს, სადაც უშურველად არიგებენ თანამდებობებს ნათესავ-მეგობრებსა და ნათელ-მირონებზე. ამ ჩაკეტილ სივრცეში "უცხოს" არაფერი ესაქმება, ემანდ დისბალანსი არავინ შეიტანოს ამ საყოველთაო ერთხმიანობაში. აბა, ინტელექტუალური რესურსი და საზოგადოების მხარდაჭერა რა მოსატანია ნათესავისა და ნათელ-მირონის მორჩილება-ერთგულებასთან.
_ კადრების შერჩევის ეს კრიტერიუმი საქართველოს ხელისუფლებისთვის ხომ არახალია?
_ დიახ, როცა კადრების ერთგულება-მორჩილების პრინციპით შერჩევაზე ვსაუბრობთ, არ შემიძლია კიდევ ერთ ანალოგს არ მოვუხმო: ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური და გამოცდილი მენეჯერი შევარდნაძისდროინდელ საქართველოში _ ნუგზარ საჯაიაც, კადრებს ძირითადად ანალოგიური პრინციპით არჩევდა. რამდენად მზად აღმოჩნდა ამ პრინციპით დაკომპლექტებული სახელმწიფო უწყებები და განსაკუთრებით, ძალოვანი სტრუქტურები ჟვანია-სააკაშვილი-ბურჯანაძის მწყობრი შეტევისთვის, ეს 2001-2003 წლებმა ნათლად გვაჩვენა. კარგი იქნება, თუ დღევანდელი ხელისუფლება ან წინამორბედების შეცდომებზე ისწავლის, ან თუნდაც უშუალო წინამორბედის კარგ მაგალითს გაითვალისწინებს, როცა ბიძინა ივანიშვილმა რეალურად კოალიციური მთავრობა მოიყვანა ქვეყნის სათავეში და ფართო პოლიტიკური სპექტრის ხედვა ასახა როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში.
_ არსებობენ ხელისუფალნი, რომლებიც ნაკლებად აღიარებენ საზოგადოებრივ გონსა და გაწყობებს...
_ თუ ხელისუფლებას საზოგადოების მხარდაჭერა, მათ შორის აზრის ლიდერებისა და სამოქალაქო სექტორის განწყობები ნაკლებად ანაღვლებს, მაშინ ის ან ახლომხედველია ან შეუწონადად დიდი ძალის იმედი აქვს. მაგალითად, ასე უკრაინის ლიდერები იქცევიან. გულწრფელად არ მემეტება საქართველოს ასეთი იმედით არჩეული ხელისუფლება არც ერთი და არც მეორე იარლიყისთვის.
- წლის ბოლო "სიურპრიზი" ვლადიმერ პუტინის განცხადება გახდა, რომელსაც თურმე მაშინაც უყვარდა საქართველო და ქართველები, როდესაც რუსული ავიაცია ბომბავდა გორს, ფოთს, სენაკს, თბილისს. ვლადიმერ ვლადიმერის ძე უახლოეს მომავალში უვიზო რეჟიმსაც დაგვპირდა და ფრაზებს შორის ქართული ეკონომიკის აყვავებასაც. რამდენად გჯერათ ამ ყველაფრის, საქართველოს ევროპული არჩევანისა და უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე? რეალურად ვისთვის იყო განკუთვნილი ეს მესიჯები?
_ თქვენ მიერ მოხმობილი ვლადიმერ პუტინის ინიციატივა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების შესახებ, ვშიშობ, საბოლოო ჯამში, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გაუქმების სურვილით არ "დაგვირგვინდეს". სწორედ ასეთ მოლოდინებს აფრქვევენ რუსი ექსპერტები, როცა საუბრობენ, რომ ახლო მომავალში რუსეთსა და სომხეთს საერთო საზღვარი ექნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საბაჟო კავშირს ნიადაგი ეცლება. მე ვეყრდნობი თქვენი საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" მიერ გავრცელებულ, რუსი ექსპერტის მიხეილ ჩერნოვის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ "ტრანსკავკასიური სატრანსპორტო დერეფნების მოდერნიზების ხარჯზე სომხეთ-რუსეთს საერთო საზღვარი ექნება" და ამის განხორციელების სქემასაც სახავს. კერძოდ, თურმე ჯავახეთი უშუალოდ ესაზღვრება თრიალეთის ოსეთს (როგორც ჩანს, გულისხმობს ბორჯომის ხეობას), ხოლო ეს უკანასკნელი _ სამხრეთ ოსეთს. "სამხრეთ ოსეთის" საზღვრების საკითხი კი დაკავშირებული იქნება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთანო", _ ასკვნის ჩერნოვი. და ამ პროექტის განხორციელებისას სამხედრო აგრესიის აუცილებლობასაც ვერ ხედავს, გულისხმობს რა საქართველოს უუნარობას, დაიცვას თავისი ტერიტორიები. ესეც ასე: გაიჭრა საზღვარი პირდაპირ რუსეთიდან სომხეთზე! ეს რას ნიშნავს?! იმას, რომ ე.წ. "სამხრეთ ოსეთსა" და დანარჩენ საქართველოს შორის რუსები საზღვრებს ისე გაავლებენ, რომ სომხეთზე პირდაპირი გასასვლელი გაჭრან, ანუ მათი ბინძური გაგებით "თრიალეთის ოსეთიც" მიითვალონ. ბლეფია?! ძალიან მინდა, რომ დაგეთანხმოთ. თუმცა, თუ ამ ყველაფერს რამდენიმე კვირის წინ პუტინის მიერ სომხეთში გაკეთებულ განცხადებასაც დავუმატებთ, რომ რუსეთი კავკასიიდან კი არ მიდის, არამედ მოდის, მივხვდებით, რომ საქმე სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს. საქართველოს ახალგაზრდა ხელისუფლებას კი, რომელიც ყელმოღერებული გულუბრყვილოდ ამტკიცებს, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციები ამოწურა, საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე უმწვავესი გამოწვევები ელოდება.
_ "პრემიერში" რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში ჩვენ ვწერდით, რომ რუსეთი უახლოეს პერიოდში შეეცდება საქართველოსთან ურთიერთობის დათბობას, ეს პროცესი, შესაძლოა, საკმაოდ ნეგატიურად შემოგვიბრუნდეს. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოხდეს საფრთხეების მინიმალიზება?
_ რამდენიმე ხნის წინ მე წამოვაყენე იდეა ხელისუფლების პატრონაჟით მუშა-ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელშიც საკუთრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შევიდოდნენ პროდასავლური ოპოზიციური პარტიებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები, რომლებიც შეიმუშავებდნენ იმ საფრთხეების კატალოგს, რომელიც გველოდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან ხელმოწერამდე გასავლელ გზაზე, ანუ უახლოესი 1 წლის განმავლობაში. შემდეგ მოახდენდნენ ამ საფრთხეების რეალურობის შეფასებას და დასახავდნენ მათი პრევენცია-ნეიტრალიზაციის გზებს. ანუ შეადგენდნენ ერთგვარ საგზაო რუკას, როგორ აგვერიდებინა რუსული საფრთხეები ევროკავშირისკენ სავალ გზაზე, ისე რომ ემანდ შემთხვევით საბაჟო კავშირისკენ არ გადაგვეხვია. მაგრამ ჩვენი ხელისუფლების გამოცდილება მსგავსი საფრთხეების წარმატებით გაანალიზება-აცილების საქმეში და შესაბამისი ინტელექტუალური პოტენციალი იმდენად "ღრმაა", რომ ანალოგიურ ინიციატივებზე გამოხმაურებებით, ტრადიციულად, თავს არ იწუხებენ.
_ ხელისუფლებამ რეალურად უარი თქვა რეინტეგრაციის პროცესზე და ახალი წლიდან "შერიგების" მდგომარეობაში გადადის. თუმცა ჩვენთვის უცნობია, ვის და რას უნდა შეურიგდეს ის. არსებულ რეალობას, თუ ზაქარეიშვილის უწყების მეშვეობით სახელმწიფო პოლიტიკად ხდის სახალხო დიპლომატიას. ზაქარეიშვილის უწყებისთვის სახელის შეცვლას მიესალმა რუსეთი, რომელიც შემდგომ ნაბიჯად ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმებას ელის. რამდენად სწორად მიდის ამ მიმართულებით მთავრობა, თუნდაც იმ პირობებში, როდესაც იგივე ბატონი ზაქარეიშვილი თვეების განმავლობაში მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის ფაქტსაც კი არ ადასტურებს.
_ ვერაფერს გეტყვით, რამდენად რეალისტურია ხელისუფლების მიდგომები, მაგრამ თავად აფხაზეთის საზოგადოებაში რომ დუღილის პროცესები მიდის, ეს ფაქტია. თუნდაც იმის თაობაზე, გასცენ თუ არა აფხაზური პასპორტები ქართველებზე: ერთი ნაწილი შიშობს, რომ ეს პერსპექტივაში კვლავ აფხაზების ასიმილაციას გამოიწვევს ქართველების მხრიდან, მეორე ნაწილი კი ამით, ერთგვარად, აფხაზეთის ევროპეიზაციას ცდილობს, უფრო ზუსტად კოსოვოს ანალოგის შექმნას, სერბული ანკლავით; საუბრობენ იმაზეც, რომ აფხაზებს ახლო მომავალში ასიმილაციის საფრთხე ქართველებისგან კი არა, ადგილობრივი სომხებისგან ემუქრებათ, აღარაფერს ვამბობ რუსებზე. პრობლემის გადაჭრის ერთადერთ გზად პერსპექტივაში ის მესახება, რომ აფხაზებმა ირწმუნონ, აფხაზური ეთნოსის გადარჩენის ერთადერთი გზა ევროკავშირის კანონმდებლობით შებოჭილი საქართველოა, რომელიც ევროკავშირის წინაშე იქნება პასუხისმგებელი, დაიცვას აფხაზეთის პოლიტიკური, კულტურული და თუ სხვა სახის უფართოესი ავტონომია, რომელიც სამომავლო მოლაპარაკების საგანი უნდა გახდეს.
_ სახელმწიფოს უსაფრთხოება მრავალ კომპონენტზეა დამოკიდებული. მაგრამ უპირატესი მნიშვნელობა ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა. განვლილი პერიოდის ანალიზი გაძლევთ იმის საფუძველს, რომ ცალსახად განაცხადოთ _ ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და პრინციპულ საკითხებზე შეცდომებს არ უშვებს?
_ შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილის პრემიერობის პერიოდმა არსებითი შეცდომების გარეშე ჩაიარა. თუმცა ახალ ხელისუფლებას განსაკუთრებული ყურადღების დათმობა, უპირველესად, საგარეო პოლიტიკურ რეალიებზე მოუწევს, რადგან მსოფლიო პოლიტიკა ის არ არის, რაც ზედაპირულად ჩანს. როდესაც მე ზემოთ საფრთხეების კატალოგიზაციასა და პრევენციაზე ვსაუბრობდი, ამ გზაზე უმნიშვნელოვანესია, ვიცოდეთ ევროკავშირისა და აშშ-ის რეალური მოტივები მათი ცვალებადი ინტერესებიდან გამომდინარე და გვქონდეს კონკრეტული მოთხოვნები მათთან: რაში დაგვჭირდება მათი დახმარება და მივიღოთ ასეთივე კონკრეტული პასუხი, რა დოზით უნდა გვქონდეს მათი მხარდაჭერის იმედი, რათა არ აღმოვჩნდეთ უკრაინის მდგომარეობაში, როცა უკრაინა დიდწილად მარტოა თავისი ევროპული სვე-ბედის გადაწყვეტის საკითხში, მაშინ როცა აშშ, ძველი ევროპა და რუსეთი სირია-ირანის სამშვიდობო პროცესის თემაზე, არ ვიტყოდი გარიგებებით, მაგრამ მოლაპარაკებებით არიან დაკავებულნი. ჩვენ დღეს არ გვაქვს ილუზიაში ყოფნის ფუფუნება.
_ ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, რომელიც "თბილისის განვითარების ფონდიდან" თანხების არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირდება. საპრეზიდენტო არჩევნების წინ "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებდა, რომ მისი სავარაუდო კანდიდატი ივანე მერაბიშვილი იქნებოდა, რომელიც ამჟამად ციხეშია. ახლა უგულავას _ მერობის კანდიდატის ჯერი დგება. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიძლება აღიქვას ეს საქმე პოლიტიკური ოპონენტების დევნად არა მხოლოდ დასავლეთმა, არამედ ქართველმა ამომრჩეველმაც? და რამდენად დააზარალებს ეს პროცესი საქართველოს?
_ მნიშვნელოვანია, დღევანდელმა ხელისუფლებამ პლუსები მინუსებად არ იქციოს. ამ საქმეებს საბოლოოდ პოლიტიკური დევნის სახე რომ არ მიეცეს, ბრალდებები მტკიცებულებებით უნდა იყოს გამყარებული, რომლის საფუძველზეც სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ყველაფერზე ზევით უნდა იდგეს კანონი: ხელისუფლების ამა თუ იმ წარმომადგენლის კომენტარი ვერ შეასრულებს მტკიცებულების როლს. ამიტომ ძალიან ფრთხილები უნდა იყვნენ საკუთარ განცხადებებში და მოზომილი _ ქმედებებში. აქ არის მორალური და ეთიკური მხარე და დღევანდელი ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა მოერიდოს ანალოგიებს წინა ხელისუფლებასთან, ეს არის აქ არსებითი, იმისდა მიუხედავად, დაირღვა თუ არა ამ შემთხვევაში კანონი.
რაც შეეხება საუბარს იმაზე, რომ გიგი უგულავას მიმართ სამართლებრივი დევნა იმიტომ ხორციელდება, რომ ხელისუფლებას მისი, როგორც ძირითადი კონკურენტის, საარჩევნო კამპანიიდან ჩამოშორება სურს, უბრალო სპეკულაციაა, ვინაიდან 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ "ნაციონალურ მოძრაობას" თბილისის მოგების არანაირი შანსი არ აქვს. რაც შეეხება უგულავას ჩამოშორებას თანამდებობიდან, ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, რომელსაც პრეტენზია აქვს დემოკრატიულობაზე, მსგავსი ბრალდების არსებობის შემთხვევაში, მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე თანამდებობის პირს არათუ სასამართლოს გზით უწყდება უფლებამოსილება, არამედ ის თავად ითხოვს უფლებამოსილების შეჩერებას მანამ, სანამ მისი ბრალეულობა-არაბრალეულობის საკითხი არ გადაწყდება. ჩვენთან, გამომდინარე დაბალი პოლიტიკური კულტურიდან და პასუხისმგებლობიდან, მსგავსი მორალური ქმედებების მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ თავისთავად არჩევნების წინ ადამიანს, რომელსაც ბრალად აქვს წაყენებული ათეულობით მილიონის გაფლანგვა, მათ შორის, საარჩევნო მიზნებისთვის, რა თქმა უნდა, უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს. იმიტომ რომ არ დაიშვას პრეცედენტი ანალოგიური ქმედებებისა. უგულავა ჩამოაშორეს არა მხოლოდ თანამდებობას, არამედ ფინანსებს, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებულიყო არამართლზომიერად საარჩევნო კამპანიის წინა პერიოდში. და როცა ვისმენთ მის მომხრეთა პროტესტს მისთვის მერის უფლებამოსილებების შეჩერების თაობაზე, რატომ არავინ კითხულობს იმ ასიათასობით თბილისელის აზრს, რომელიც ფიქრობს, რომ "ნაციონალური" ხელისუფლების პირობებში სწორედ საბიუჯეტო ფულით ხდებოდა წინასაარჩევნოდ პარტიული აქტივობების დაფინანსება, რაც არჩევნების შედეგზე ირიბი ზემოქმედების გავრცელებული ფორმა იყო. რა, მათ უფლებებს არ უნდა დაცვა?!
_ ღამის პირველ საათზე გამოტანილი განჩინება კითხვებს არ აჩენს?
_ რაც შეეხება უგულავასთვის განაჩენის გამოტანის ფორმას, ეს სრულიად სხვა სიბრტყეში არსებული თემაა და არ უნდა განხორციელებულიყო იმ ფორმით, რომ საზოგადოებას "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელ მეთოდებთან გაიგივება მოეხდინა. იმ ფონზე, როდესაც ხმაურია ატეხილი ვანო მერაბიშვილის განცხადების გარშემო, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა, განსაკუთრებული წინდახედულება უნდა გამოეჩინათ უგულავას საქმეზე.
ამდენად, თუ უგულავასა და მერაბიშვილის საქმეებს პოლიტიკური დევნის შტრიხები მიეცემა, მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების არაპროფესიონალიზმის, დაუფიქრებლობისა და გამოუცდელობის გამო. როცა საზოგადოებრივ მხარდაჭერას კარგავ ისეთ საქმეებზეც კი, რომელიც პირდაპირი საზოგადოებრივი დაკვეთაა... ეს შეიძლება ხელისუფლებას მძიმედ შემოუბრუნდეს. ასეთი რამ მე არ მინახავს: დამარცხებულმა სააკაშვილმა 2008 წელს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ქვეყნის ტერიტორიების 20% მიითვისა, თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, ესენი კი ისე ატრიალებენ საქმეს, რომ გამარჯვება დამარცხებისკენ მიჰყავთ. ამას მოხერხება უნდა და როგორ ახერხებენ, ამაზე მე პასუხი არ მაქვს.