"ბოკერია მოძველებული მანქანით გადაადგილდებოდა, რომელიც სიგარეტის სუნით იყო გაჟღენთილი"

რატომ შეიძინა უშიშროების საბჭომ პრადო, აიფონი, კომპიუტერი და... ჩანთაც.

"ბოკერიას ჩემთვის კომპიუტერი არ დაუტოვებია... ამიტომ შევიძინეთ"

"უშიშროების საბჭოს აპარატს ბევრი რამე სჭირდება, მობილურიც, კომპიუტერიც და ხანდახან კომპიუტერის ჩანთაც"


გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინა იმერლიშვილმა საბიუჯეტო სახსრებით ავტომანქანა, მობილური ტელეფონი, კომპიუტერი და კომპიუტერის ჩანთა შეიძინა. ჩვენ დავუკაშირდით მას და ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ:

ირინა იმერლიშვილი: 

- ეს არის ღია ინფორმაცია და ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ.უშიშროების საბჭოს აპარატს ბევრი რამე სჭირდება, მათ შორის, მობილური ტელეფონი, კომპიუტერიც და ხანდახან კომპიუტერის ჩანთაც.რაც შეეხება ავტომობილს, ტოიოტა "პრადო" არის იგივე მარკის ავტომობილი, რაც მანამდე ჰყავდა უშიშროების საბჭოს მდივანს და მოხდა მისი ჩანაცვლება, ანუ თანხის მხოლოდ ნაწილი გადავიხადეთ.

- ის ავტოპარკი, რასაც იყენებდა უშიშროების საბჭო, ნუთუ იმდენად იყო მოძველებული, რომ მისი სასწრაფოდ განახლება გახდა საჭირო?


-არაფრის დამატება არ მომხდარა, ჩანაცვლდა ერთი ავტომანქანა მეორეთი. დიახ, იყო ძველი მანქანა. უშიშროების საბჭოს მდივანს ემსახურებოდა საკმაოდ მოძველებული, რამდენიმე წლის მანქანა, სადაც დაცვის წარმომადგენლებს მთელი რიგი პროცედურები ჰქონდათ ჩატარებული. 

- ანუ ის მანქანა, რითაც გიგა ბოკერია მგზავრობდა, ისე იყო გამოსული მდგომარეობიდან, რომ თქვენ ვეღარ გამოიყენებდით?


-დიახ, იყო და კიდევ იყო სხვა უამრავი პრობლემაც. ამ მანქანის შეძენით არავითარი კანონი არ დაღვეულა. 

-ქალბატონო ირინა, თქვენ და თქვენი თანაგუნდელები ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები სახელმწიფო სახსრებს პირადი კომფორტისთვის ხარჯავდნენ. ამის ფონზე ცოტა უცნაური არაა, რომ თურმე გიგა ბოკერია იმდენად არაკომფორტული მანქანით გადაადგილდებოდა, რომ დაუყოვნებლივ შეცვლა გახდა საჭირო...


- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არაა პირადი, ეს არის უშიშროების საბჭოს მდივნის (რომელიც საკმაოდ მაღალი თანამდებობაა) საკუთრება. არ მინდა დეტალებში ჩაძიება, მაგრამ ბოკერიას მანქანა იყო გაჟღენთილი სიგარეტის სუნით. ბოკერიას ჰყავდა სახელმწიფო დაცვა, რომელიც, როგორც ჩანს, თავის სტანდარტებს ითვალისწინებდა და სკამები ჰქონდათ შედუღაბებული. მე კიდევ, დაცვაზე ვთქვი უარი და ამით სახელმწიფოს საკმაოდ დიდი შეღავათი გავუწიე, აგრეთვე, მე მყავდა ორი მძღოლი და მხოლოდ ერთი დავიტოვე, რადგან ორი ზედმეტი იყო და ზუსტად ყოველივე აქედან გამომდინარე გახდა საჭირო ავტომანქანის გამოცვლა.

- ეს არის 2013 წლის მოდელი..


- დიახ, მაგრამ ყველაზე იაფფასიანი, რაც კი იყო ამ კომპანიაში.

- დაახლოებით იგივე მოდელზე იყო საუბარი ავთანდილ ბერიძესთან დაკავშირებითაც, რომლის შეძენას გამოეხმაურა პრემიერიც...

-აბსოლუტურად სხვადასხვა სიტუაციაა. იქ იყო საუბარი ახალი მანქანის შეძენაზე და არა ჩანაცვლებაზე. მანქანას უნდა ჰქონოდა მაცივრები და კიდევ ბევრი სხვა კომფორტი. ჩვენთან მიმართებაში შევიძინეთ არა ახალი, არამედ ჩავანაცვლეთ. აუდიტმა შეაფასა ძველი ავტომანქანის საბაზრო ღირებულება და რა თანხაც იყო სხვაობა ახალსა და ძველს შორის, მხოლოდ ის დავამატეთ შეძენისას.

- რაც შეეხება მობილურს, კომპიუტერს და კომპიუტერის ჩანთას. ეს ნივთი პირად საკუთრებაში თითქმის ყველას აქვს და რა საჭიროებას წარმოადგენდა ახლის ყიდვა?

- თანამშრომლებისთვის არ იქნა შეძენილი. საუბარია ერთ ტელეფონზე, რომელიც არის უშიშროების საბჭოსი და არა პირადი, ისევე როგორც კომპიუტერი, რომელიც სამწუხაროდ, არ დამხვდა, როცა მივედი ახალ სამსახურში. მგონი ყველა დამეთანხმება, რომ აუცილებელია კომპიუტერი, რომელიც ასევე უშიშროების საბჭოს საკუთრებაა და არა ჩემი. მე როცა წავალ აქედან, ნამდვილად დარჩება ახალ მდივანს ტელეფონიც, კომპიუტერიც და ავტომობილიც, რომელიც სავსებით შესაძლებელია, თვითონაც ჩაანაცვლოს თუ ამის საჭიროება იქნება.

-ბოკერიამ თან წაიღო კომპიუტერი თუ საერთოდ არ ჰქონდა?

- ვერ გეტყვით. შესაძლოა, პირად კომპიუტერს იყენებდა, მაგრამ ფაქტია, ჩემთვის კომპიუტერი არ დაუტოვებია. 

- რა ტელეფონსაც იყენებდით და რა მანქანითაც გადაადგილდებოდით ისევ იმით რომ გესარგებლათ და თანხა დაგეზოგათ, არ შეიძლებოდა?

ვიმეორებ, ეს თანამდებობის პირის შეძენილი არაა! ეს არის სამსახურებრივი ავტომანქანა, რომელიც დარჩება უშიშროების საბჭოში. ასევეა მობილურიც და კომპიუტერიც, რომელიც აუცილებლად სჭირდება უშიშროების საბჭოს მდივანს! ეს ნივთებიც დარჩება საბჭოში. ამიტომ ამ შეძენაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ.