სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ 26 ოქტომბერს ტარდება არჩევნები და 26 ოქტომბრისთვის არცერთი ორგანიზაცია არ დაიხურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, იმის მიღმაც არ არსებობს არავითარი საფუძველი, რომ ორგანიზაციები დაიხუროს.
“ერთ-ერთი ორგანიზაცია რეგისტრირდება საქართველოს ნაცვლად ევროკავშირის წევრ ერთ-ერთ ქვეყანაში და ანუ საბაბი რა არის, რომ არ უნდათ, ერქვათ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. ეს არ უნდათ რომ ერქვათ და საბამი ეს არის და პირდაპირ უცხოურ ძალად რეგისტრირდებიან. არ უნდა ერქვას, რომ არის უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია და პირდაპირ რეგისტრირდება უცხოურ ძალად. ეს ხომ სასაცილოც არ არის, არც სატირალი, არ ვიცი რა დავარქვა ამ ყველაფერს. აქედან ჩანს, რომ ყველაფერი თითიდან არის გამოწოვილი. სინამდვილეში, ერთადერთი, რაც ადარდებთ კონკრეტულ დონორებსა და ორგანიზაციებს, ეს არის სწორედ გამჭვირვალობა. მათ არ უნდათ, რომ საქართველოს მოქალაქემ მიიღოს ინფორმაცია კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, როგორიც არის მიუღებელი პროპაგანდის დაფინანსება, ეკლესიის საწინააღმდეგო აგიტაციის დაფინანსება, ათასი ფაქტია ხომ, ეს არის რევოლუციის დაფინანსება, პოლარიზაციის დაფინანსება ამ ქვეყანაში, პოლიტიკური ინტერვენციის დაფინანსება რელიგიური სარჩულით. ფაქტები თუ გახდება ცნობოლი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს არის პრობლემა დონორისთვის და ფულის მიმღებისთვის. მათ ურჩევნიათ, რომ შავმა ფულმა იტრიალოს საქართველოში და შავი ფულის წყალობით მოხდეს გარკვეული იდეების გავრცელება ამ ქვეყანაში და რევოლუციის მოწყობის მცდელობები ვიხილოთ კიდევ არაერთგზის ჩვენს ქვეყანაში. ეს არის მათი ინტერესი და ჩვენ გვაქვს საპირისპირო ინტერესი. ქართულ სახელმწიფოს და ქართულ საზოგადოებას აქვს ობიექტურად სხვა ინტერესი, ინტერესი არის ის, რომ მოქალაქემ იცოდეს ყველაფერი საქართველოში შემოსულ თანხებთან დაკავშირებით , მითუმეტეს, თუ ეს თანხები პირდაპირ უკავშირდება პოლიტიკას. თქვენ ხედავთ ახლა დადიან პირდაპირ NGO-ები პოლიტიკურ პარტიებთან ერთად და პირდაპირ არიან ჩართული საარჩევნო აგიტაციაში იმ გაუმჭვირვალე ფულით, რომელსაც იღებენ დონორებისგან. ეს ხომ ყველაფერზე მეტყველებს . არ შეიძლება ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს ქართული პოლიტიკა გაუმჭვირვალე ფულით. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და კონსტიტუციური პრინციპების დარღვევა. შენ თვითონ რომ არღვევ კონსტიტუციურ პრინციპებს და ამის წინააღმდეგ რომ ჩივი საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს აბსოლუტურ ნონსენსთან”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.