ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის წარმომადგენლებს გაუჭირდებათ თავის მართლება, თუმცა სხვა გზაც არ აქვთ, როდესაც მათ ხელს ადებენ მკვლელობის მცდელობაზე, ბუნებრივია, თავი უნდა იმართლონ

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის წარმომადგენლებს გაუჭირდებათ თავის მართლება, თუმცა სხვა გზაც არ აქვთ, როდესაც მათ ხელს ადებენ მკვლელობის მცდელობაზე, ბუნებრივია, თავი უნდა იმართლონ

ოპოზიციის წარმომადგენლებს გაუჭირდებათ თავის მართლება, თუმცა სხვა გზაც არ აქვთ რეალურად, როდესაც მათ ხელს ადებენ მკვლელობის მცდელობაზე, ბუნებრივია, თავი უნდა იმართლონ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE"-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები პირდაპირ აკეთებდნენ განცხადებებს, რომ უკრაინიდან მებრძოლები ჩამოვიდოდნენ და მერე საკუთარ ბედზე უნდა ეფიქრათ „ქართული ოცნების" პოლიტიკოსებს.

„რეალურად მათ სჭირდებათ თავის მართლება, ეს არის რეალურად მათი რეაქციის საფუძველი, თუმცა მათ თავის მართლება გაუჭირდებათ გამომდინარე იმ განცხადებებიდან, რომლებსაც მათი წარმომადგენლები აკეთებდნენ თავის დროზე, მათ შორის პირდაპირი, კონკრეტული განცხადებები კეთდებოდა მათი წარმომადგენლების მხრიდან, იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინიდან მებრძოლები ჩამოვიდოდნენ და მერე საკუთარ ბედზე უნდა ეფიქრათ „ქართული ოცნების" პოლიტიკოსებს. ეს მათი წარმომადგენლების პირდაპირ „ფეისბუქზე" დაპოსტილი განცხადებები იყო. ასეთ ფონზე გაუჭირდებათ მათ თავის მართლება, თუმცა სხვა გზაც არ აქვთ რეალურად, როდესაც მათ ხელს ადებენ მკვლელობის მცდელობაზე, ბუნებრივია, თავი უნდა იმართლონ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, მიდის თუ არა კვალი უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებამდე, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გასათვალისწინებელია, რა დონეზე არსებობს ინტერესი საქართველოს წინააღმდეგ.

„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რა დონეზე არსებობს ინტერესები საქართველოს წინააღმდეგ. ის ინტერესები, რომლებიც არ შეესატყვისება საქართველოს ინტერესებს. დონე არის ძალიან მაღალი, ეს არის ბევრად უფრო მაღალი დონე, ვიდრე შეიძლება, იყოს უკრაინის ხელისუფლების გარკვეული მაღალჩინოსნები და ა.შ. აქ უკრაინის ხელისუფლება არ არის ის მოთამაშე, რომელიც შეიძლება, მხედველობაში მივიღოთ. აქ საუბარია ბევრად უფრო მაღალ დონეზე და ამ დონეზე არსებობს ინტერესი საქართველოს მიმართ, საქართველოს წინააღმდეგ არსებობს მეორე ფრონტის ინტერესი, ეს ინტერესი ნარჩუნდება გამომდინარე იქიდან, რომ დამძიმებულია ვითარება პირველ ფრონტზე. ვიდრე ვითარება არის ისეთი, როგორიც არის დღეს, ინტერესი კვლავაც იარსებებს და ასეთ დროს შეიძლება, ნებისმიერი გეგმა ჩაიფიქროს ვიღაცამ, თუმცა სახელმწიფო ინსტიტუტები დგანან თავის ადგილზე, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მოხდეს ნებისმიერი ასეთი გეგმის აღსრულების პრევენცია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.