გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქართველებთან დაახლოების პერსპექტივებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ქართველების მიმართ ძალიან კეთილგანწყობილია. ექსპერტთა ნაწილი მის ამ განცხადებაში გარკვეულ მინიშნებებზე ამახვილებს ყურადღებას. ჩვენ დავუკავშირდით უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერ გია ვოლსკის და ამ განცხადებაზე კომენტარი ვთხოვეთ:
- ბუნებრივია, ეს განცხადება პირდაპირ არ უნდა გავიგოთ, მასში საკმაოდ ბევრი რამ იკითხება. ეს არის ე.წ. რბილი ძალის გამოყენების კლასიკური მაგალითი, როდესაც რუსეთი დაპირისპირებულ მხარესთან (ამ შემთხვევაში საქართველოსთან) გარემოებიდან გამომდინარე აყალიბებს ისეთ სტრატეგიას, რომელიც დამყარებულია არა მარტო რბილ რიტორიკასა და კეთილგანწყობაზე, არამედ გარკვეულ დათმობებზეც ურთიერთობის სხვადასხვა სფეროში. ბუნებრივია, ამას თავისი მიზნები აქვს, მათ შორის ერთ-ერთია საზოგადოების განწყობის შეცვლა.
- პუტინმა განაცხადა, რომ შესაძლოა, გადაიხედოს სავიზო რეჟიმიც. რეალურად მიგაჩნიათ ეს?
- ჩვენ გვაქვს გარკვეული მიდგომა რუსული საზოგადოების მიმართ, მით უმეტეს, რომ იქ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს და ამიტომ ამ საკითხისადმი პრაგმატული დამოკიდებულება გვაქვს. რაც შეეხება დიპლომატიურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს, ამის განვითარების არეალი მნიშვნელოვნად არის შეზღუდული მავთულხლართებით, სწორედ ამ მავთულებშია მოქცეული ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ამ განცხადების მასხრად აგდება, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სჩვევიათ, საჭირო არ არის, არა იმიტომ, რომ ვინმეს კეთილგანწყობა წამოვწიოთ, არამედ პრაგმატული თვალსაზრისით, რადგან ესაა სტრატეგიულად გათვლილი განცხადება, რომელიც ემსახურება რუსეთის იმიჯის ცვლილებას და განწყობების გადაფასებას. თუმცა არავის ავიწყდება, რომ ამ განცხადების პარალელურად ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია.
- მომავალ წელს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას გააფორმებს. სავარაუდოდ, რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზეწოლა სწორედ მომავალი წლიდან უფრო გაძლიერდება.
- ამ ყველაფერს სტრატეგიული კუთხით უნდა შევხედოთ. ჩვენ ხელს გვაძლევს საზოგადოებრივი და ეკონომიკური ურთიერთობა და არა ბოიკოტი, გვაქვს არჩეული ინტეგრაციის გზა, რომელიც ვილნიუსის სამიტის შემდეგ კიდევ უფრო გამოიკვეთა და შესაბამისად, ჩვენი პოზიციები უფრო გაძლიერდა. თუმცა ძლიერ მოწინააღმდეგესთან სასაუბროდ პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებაა საჭირო, და მეორე მიზეზი: ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება უსაფრთხოების გარანტია, თუნდაც ინვესტორებისთვის, რომლებმაც უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი დაპირისპირება რუსეთთან არ გულისხმობს მისი ცხელ ფაზაში გადასვლის პერსპექტივას. უმთავრესი ამოცანა მაინც მოსახლეობის უსაფრთხოებაა, ხოლო ყველაფერი ეს ერთად გვჭირდება იმისთვის, რომ საფუძველი ჩაეყაროს კონფლიქტების პოლიტიკურად მოგვარებას.
- პუტინმა თქვა, რომ მას არ უნდოდა ომის დაწყება, მეტიც - ის ცდილობდა კიდეც, რომ ეს არ მომხდარიყო...
- როგორც ამ პროცესების დამკვირვებელი და მონაწილე (ჯერ სახელმწიფო დაწესებულებებიდან და შემდეგ არასამთავრობო სექტორიდან), ვფიქრობ, რომ რუსეთის მხრიდან არ ყოფილა დიდი მცდელობა, არ მომხდარიყო ეს ომი. მისი მხრიდან იყო პროვოკაციული გამოსვლები, თუნდაც პასპორტების დარიგება გავიხსენოთ, მაგრამ, ძალიან მძიმე შეცდომები დაუშვა სააკაშვილის ხელისუფლებამ, ასე არა მარტო მე ვფიქრობ, არამედ შედეგები გვიჩვენებს ამას. უამრავი დოკუმენტი მოწმობს: რომ არა სააკაშვილის წინდაუხედავი პოლიტიკა და გაუთვლელი სტრატეგია, ეს ომი მართლაც არ მოხდებოდა, ამ ომის თავიდან აცილება ნამდვილად შეიძლებოდა. რუსეთი სასიკეთო მიდგომებით არასოდეს გამოირჩეოდა, მაგრამ 2004-06-07 წლებში იძულებული იყო, ანგარიში გაეწია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის,
რადგან ის ვერ დაუპირისპირდებოდა მთელ მსოფლიოს, მაგრამ სააკაშვილმა ისეთი პოზიცია დაიჭირა (მიუხედავად დასავლეთის რჩევებისა), რომელმაც საშუალება მისცა რუსეთს, განეხორციელებინა საკუთარი მიზნები, კონკრეტულად კი, გამაგრებულიყო სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულ რეგიონებში.