სად გაქრა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაჭრილი ჯარისკაცებისთვის სპეციალურად გამოგზავნილი მორფინი? – ამ საკითხით ამერიკული მხარეა დაინტერესებული. როგორც „ტელეგრაფისთვის“ გახდა ცნობილი, მთავარი პროკურატურა 2008 წლის ომის დროს ამერიკიდან საქართველოში გამოგზავნილი მორფინის საკითხზე მოკვლევას უკვე აწარმოებს.
„ტელეგრაფისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ვაშინგტონის ერთ-ერთი ონკოლოგიური საავადმყოფოდან სამედიცინო ტვირთი საქართველოში ოფიციალურად თბილისის მერიის სახელზე გამოიგზავნა.
„სამედიცინო ტვირთი ვაშინგტონის ონკოლოგიური საავადმყოფოდან ომის დროს დაჭრილი ქართველი ჯარისკაცებისთვის სპეციალურად გამოიგზავნა. ეს იყო ძალიან მაღალი ხარისხის მორფინი, რომელსაც, როგორც წესი, ონკოლოგიური პაციენტებისთვის ტკივილის გასაყუჩებლად იყენებენ. რაც შეეხება სამედიცინო ტვირთის რაოდენობას, ის ერთი კონტეინერი იყო. აქ იყო მთელი კომპლექტი: საინექციო საშუალებები, ბამბა, სპირტი… ყველაფერი ყუთებში იყო მოთავსებული. საკმაოდ დიდი რაოდენობის მორფინის ადრესატი თბილისის მერია იმიტომ გახდა, რომ ომის პერიოდში ამერიკის სახელმწიფოს მისი სხვა ფორმით გამოგზავნა გაუჭირდა, რაღაც სამართლებრივი პრობლემა შეიქმნა და მორფინი დედაქალაქის მმართველობის სახელზე გამოიგზავნა. ეს ტვირთი მერიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის უნდა მიეწოდებინა, რაც არ მოხდა… სად წავიდა 1 კონტეინერი მორფინი, ამ საკითხით თავად ამერიკული მხარეც არის დაინტერესებული“, – აღნიშნა „ტელეგრაფთან“ საუბრისას რესპონდენტმა, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.
„ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა ინფორმირებულია, ჩვენი უწყების შესაბამისი სამსახურები მოკვლევას აწარმოებენ. ვფიქრობთ, რომ საზოგადოებას ამ კონკრეტული ფაქტის შესახებ ინფორმაციას უახლოეს დღეებში მივაწვდით“, – განუცხადა „ტელეგრაფს“ პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თემურ დოლიძემ.
„ტელეგრაფი“ პარლამენტარ გიგი წერეთელსაც დაუკავშირდა, რომელიც 2008 წელს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. როგორც გიგი წერეთელმა განაცხადა, აგვისტოს ომის დროს აშშ -დან სამედიცინო ტვირთი, მართლაც, იგზავნებოდა, თუმცა კონკრეტულად მორფინის შესახებ იგი ინფორმაციას არ ფლობდა.
„2008 წლის ომის დროს, სხვადასხვა სახის დახმარებები იგზავნებოდა, მათ შორის ამერიკიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან. ომის შემდეგ, სამედიცინო დახმარების საკმაოდ დიდი პაკეტი ამერიკიდანაც მივიღეთ. კონკრეტულად მორფინის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, არც გამიგია ასეთი რამ და არც ვიცი“, – აღნიშნა გიგი წერეთელმა.
ჩვენს ზარებს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ, არ უპასუხა. რა ბედი ეწია 2008 წელს ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში დაჭრილი ჯარისკაცებისთვის გამოგზავნილ მორფინს, ამ საკითხზე „ტელეგრაფი“ მუშაობას აგრძელებს.