„მთავარია, სრული მზადყოფნა გვქონდეს, არ უნდა მოვდუნდეთ, ჩვენ ვიცით რას გვიპირებენ“

„მთავარია, სრული მზადყოფნა გვქონდეს, არ უნდა მოვდუნდეთ, ჩვენ ვიცით რას გვიპირებენ“

„ომის საშიშროება არსად გამქრალა“, - მეორე ფრონტის გახსნის მიზანს „ხალხის ძალა“ კონგრესში გაკეთებული განცხადებების მიღმა ისევ ხედავს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ უცხოელი მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან დაუსაბუთებელმა კრიტიკამ, მუქარამ და მძიმე საუბრებმა მასობრივი ხასიათი მიიღო, რისი დასტურიც კონგრესში გამართული მოსმენაც იყო. დეპუტატებმა შეერთებული შტატებისა და ევროპის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებზე ვრცელი წერილიც გამოაქვეყნეს და ამბობენ, რომ ომის საშიშროება არსად გამქრალა.

„ხალხის ძალა“ საქართველოს მიმართ კრიტიკას დაუმსახურებელს უწოდებს და ამბობენ, რომ ამის ერთადერთი მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა. მათი აზრით, კონგრესმენების მხრიდან „გამჭვირვალობის კანონის“ გაპროტესტების რეალური მიზანი ქვეყანაში პროცესების მძიმედ განვითარებაა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, ამერიკელი და ევროპელი, რიგი მაღალჩინოსნების ნეგატიური შეფასებების მიუხედავად, ქვეყნის ინტერესების სასარგებლო პოზიციებს არ შეცვლიან. „ხალხის ძალაში“ ამბობენ, რომ ყველა მსგავს საკითხზე საზოგადოების ინფორმირებას მომავალშიც გააგრძელებენ.

შეერთებული შტატების და ევროპის მხრიდან კრიტიკა უსაფუძვლოა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისთვის - მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საქართველოს მისამართით უსამართლო დამოკიდებულება ადასტურებს, რომ გარკვეული ძალების მხრიდან, არის ქვეყნის ომში ჩართვის ინტერესი. სხვა ვერსიას არც უმრავლესობის სხვა წევრები განიხილავენ.

„მოდით, საზოგადოებას შევთავაზოთ ასეთი მსჯელობა – როდესაც კრიტიკა აბსოლუტურად უსაფუძვლო და ჰაერიდან მოტანილია, რაღაცაშია საქმე. ერთი ვერსიაა, რასაც „ხალხის ძალა“ ამბობს და ჩვენც ამას ვიმეორებთ, სიმართლეა, რომ არსებობს ამ ქვეყნის ომში ჩართვის ინტერესი გარკვეული ძალების მხრიდან. თუ ეს ასე არ არის, მაშინ რაშია საქმე, როდესაც არის აბსოლუტურად უსამართლო კრიტიკა? ეს ხომ დღეს არ დაწყებულა – საქართველოს არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, იყო უსამართლო დამოკიდებულება, სამი რეზოლუცია, სადაც დემოკრატიის შუქურად კვლავ წარმოდგენილი იყო მიხეილ სააკაშვილი და ნეგატიურ კონტექსტში – ბიძინა ივანიშვილი. ეს ყველაფერი ვნახეთ. უსამართლო კრიტიკაც ვნახეთ, როდესაც თავად ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული კრიტერიუმებით ჩვენ ყველაფერში ვიყავით პირველ ადგილზე.

დღესაც გვესმის სხვადასხვა მხრიდან, კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან უსამართლო კრიტიკა. მეორე მხრივ, ნეიტრალური პოზიციიდან ვთქვათ, არსებობს ვერსია – დავარქვათ ვერსია – რომ ომში ჩართვის ინტერესია. არ არის ასე? მაშინ რა ინტერესია? რა არის უსამართლო კრიტიკის საფუძველი? დამისახელეთ მეორე ვერსია. რადგან ასეთი სხვა ვერსია არ არსებობს, ის ერთი ვერსია არის სწორი, მართალი. სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოს მიმართ დღეს გარკვეული ძალების მხრიდან – ეს არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც ასე ვუწოდებთ ჩვენ – არის ომში ჩართვის ინტერესი. სხვა ვერსია ფიზიკურად არ არსებობს. მაშინ ვინმემ უპასუხოს კითხვას, რატომ აკრიტიკებენ და ექცევიან საქართველოს უსამართლოდ?“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ამ ქვეყანაში ოპოზიციის გამარჯვება გამორიცხულია. ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ რაც არ უნდა ილაპარაკონ კონგრესში, რა ტიპის რეზოლუციებიც არ უნდა მიიღონ, ამ ქვეყანაში ოპოზიციის გამარჯვება ვერ მოხდება.

„ამიტომ ე.წ. საერთაშორისო ლობისტების მთელი ყურადღება იქით არის მიმართული, რომ ქართველი ხალხის ლოგიკური არჩევანი, რომელიც 26 ოქტომბერს მოხდება, გაყალბებულად შერაცხონ, შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ და ამაზე მორიგი მაიდანის სცენარის განხორციელება სცადონ. თითოეული განცხადება, ამერიკელი კონგრესმენი იქნება, თუ ევროპარლამენტარის რომელიმე დეპუტატი, მიმართულია იმისკენ, რომ შექმნან ჩვენს საზოგადოებაში განცდა, რომ საქართველოს სერიოზული განსაცდელი ელის. ხალხს აშინებენ, აშანტაჟებენ, რომ ამერიკა და ევროკავშირი საქართველოს ზურგს აქცევს. ამიტომ თუ მოსახლეობას ამ ურთიერთობის დალაგება უნდა, მაშინ უკრაინის და მოლდოვის ე.წ. წინსვლას უნდა მიბაძონ და შესაბამისი არჩევანი გააკეთონ.

ეს არის ქართული საზოგადოების არცოდნა და არცნობა. ყველა ასეთი სულელური გათვლა მათი მხრიდან, ოპოზიციის რეიტინგს კი არ წევს, პირიქით - უარყოფითად მოქმედებს. ასეთი ტიპის განცხადებები ჩვენს მოსახლეობას აღიზიანებს. ხალხს არა აქვს მოკლე მეხსიერება და ყველას კარგად ახსოვს სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, როცა ხალხი მის რეჟიმს ტერორში ჰყავდა, ამ ევროპარლამენტარებიდან ერთი განცხადებაც არ გაკეთებულა. არც კონგრესმენებისგან არ გაგვიგია ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაზე განცხადება და არც ადამიანების უფლებების მასობრივ დარღვევაზე ყოფილა ლაპარაკი“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, ზუსტად ეს ადამიანები უწყობდნენ ხელს სააკაშვილს, რომ ქართველი ხალხი მსგავს ტერორში ჰყოლოდა. მისივე თქმით, მთელი მსოფლიოს თვალწინ დემოკრატიის, მართლმსაჯულების და საარჩევნო სისტემის გაშიშვლება ხდება ამერიკაში. ამ ყველაფრის წინაშე მდგომი ამერიკის ადმინისტრაცია და რიგი კონგრესმენები, დეზინფორმაციაზე აგებული ანტიქართული ისტერიის გაგრძელებას კვლავ ახერხებენ.

„ერთადერთი, რაც ამ ისტერიის რეალური მიზეზია, ეს არის ქვეყანაში რევოლუციური პროცესების დაუდგრომელი სურვილი და ინტერესი. ისინი კვლავ ცდილობენ ხელისუფლებაში თავისი ლაქიები დააბრუნონ, რითაც საქართველოში უმართავი პროცესების სათავეში მოექცევიან. თუკი ამას მოასწრებენ და ამერიკაში განვითარებული მოვლენები არ მოუსწრებს, ქვეყნის სათავეში არ მოიყვანენ ისეთ პრაგმატულ ძალებს, რომლისთვისაც საქართველოში სახიფათო ექსპერიმენტების განხორციელება მიუღებელი იქნება. ამიტომ მთავარია სრული მზადყოფნა გვქონდეს, არ უნდა მოვდუნდეთ, ჩვენ ვიცით რას გვიპირებენ. ამ დანაპირების გზაზე ვხედავთ მათ კონკრეტულ ქმედებას და განცხადებებს. ისინი პირდაპირ არიან საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩართული, პირდაპირ არიან კონკრეტული ძალების მხარეზე, ფეხქვეშ გათელილია საქართველოს კონსტიტუცია, ჩვენი დამოუკიდებლობა, მათ სრულიად გაიშიშვლეს თავი. ამიტომ ამ ძალასთან არ მოხდება ის გადატვირთვა, რომელზეც პრემიერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა, ამათთან კონსენსუსი აბსოულუტურად გამორიცხულია. ჩვენ უნდა დაველოდოთ პოლიტიკური ველის შეცვლას, როგორც ევროკავშირში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ადეკვატური, ლოგიკურად და პრაგმატულად მოაზროვნე პოლიტიკოსები ამ ავანტურისტებს ჩაანაცვლებენ“, - ამბობს ქართველიშვილი.