პატრიარქი, როგორც ერის სულიერი მამა და უპირობო ლიდერი უკვე 36 წელია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უძღვება.
ის არის მეთაური, რომლის სიტყვას ყოველთვის აქვს ფასი, ყველა კონფესიის, პროფესიის თუ თანამდებობის პირისთვის. გავლენაც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე დიდი აქვს, მაგრამ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში ერევა.
მოსაზრებას გამოთქვამს, მოუწოდებს, მიმართავს, მოითხოვს... უსმენენ და, როგორც წესი, უჯერებენ, უმეტესად მაინც.
ბოლოს თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით დაუჯერეს და პარლამენტში უკვე ინიცირებულმა კანონპროექტმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა.
პროექტის თავდაპირველ ვარიანტში უწმინდესმა საქართველოს დაშლის საფრთხე დაინახა.
"ჩვენი პარლამენტი და ხელისუფლება თვითმმართველობის საკითხზე მსჯელობს. ეს მეტად რთული საკითხია. თუ განხორციელდა, ჩვენ წავალთ საქართველოს დაშლისკენ. ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ შესრულდეს. საქართველო იყო და იქნება ერთიანი ერი, ერთიანი ქვეყანა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ძლიერი იყო ხელისუფლება და მის გარშემო მთელი ქვეყანა, ძლიერი იყო საქართველოც. ჩვენი აზრით, ყოველი რაიონი უშუალოდ დაკავშირებული უნდა იყოს ჩვენს ხელისუფლებასთან. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს ის პრობლემები, რომელიც არსებობს რაიონში. ამას არ სჭირდება შუა რგოლი. ხელისუფლება თვითონ უნდა განიხილავდეს, უნდა შეისწავლოს რა სჭირდება თითოეულ რაიონს. ჩვენი ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ პრობლემა, რომელიც არსებობს ამა თუ იმ რაიონში, იყოს გამოსწორებული. რატომღაც ზოგიერთი ცდილობს, რომ კანონი სასწრაფოდ უნდა იყოს მიღებული. ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს განხილული მთელი ერის მიერ. ხალხმა უნდა იმსჯელოს, რა არის მისაღები საქართველოსთვის. ამიტომ, არ უნდა ვიჩქაროთ. ხალხი უნდა გაეცნოს თვითმმართველობის ამ კანონს. მე მინდა დიდი პატივისცემით მივმართო ჩვენს პარლამენტს და ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ეს საშიშროება და ნუ ავჩქარდებით ამის მიღებაში", - მიმართა პატრიარქმა მთავრობას სვეტიცხოვლის ამბიონიდან.
პარლამენტში ერთი თქვეს, "პატრიარქს დეპუტატის მანდატი ხომ არ მივცეთო", მაგრამ შემდეგ შენიშვნა გაითვალისწინეს.
უწმინდესმა კიდევ ერთხელ ითხოვა და მიეცა - ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა იმ მუხლის გარეშე მიიღო, რომელიც რელიგიურ გაერთიანებებს ეხებოდა.
ილია მეორის ინიციატივებს შორის არის ტყის განაშენიანების ფონდის შექმნა. ამ ინიციატივით პატრიარქმა თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს მიმართა, ფონდის თავმჯდომარეობა კი მის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს შესთავაზა.
"თბილისს ფილტვები აღარ აქვს და ნერგები უნდა დავრგოთო", - თქვა პატრიარქმა.
ფონდი შეიქმნა, თუმცა მისი საპატიო თავმჯდომარე თავად უწმინდესია.
პატრიარქის ერთ-ერთი ბოლო და ხმაურიანი გადაწყვეტილება გვარების დალოცვის წესის შეჩერება აღმოჩნდა.
აღნიშნულის მიზეზი ილია მეორეს არ დაუკონკრეტებია, თუმცა განაცხადა, რომ გვარების დალოცვა შეჩერდება, რადგან "ზოგიერთი რამ დასაზუსტებელია".
კიდევ ერთი საფრთხე ილია მეორემ ახალგაზრდა თაობის განათლების დაბალ დონეში შენიშნა. ამიტომ, განათლების სამინისტროსგან აღზრდის პროგრამის შემუშავება ითხოვა.
"იმედი მაქვს, განათლების სამინისტრო იფიქრებს, როგორ შეიძლება შეიქმნას აღზრდის პროგრამა და რა უნდა დაეკისროს სკოლას, ოჯახს თუ ეკლესიას ამ დარგში", - ბრძანა უწმინდესმა.
პროცესის დამკვირვებლები და თეოლოგები ამბობენ, რომ პატრიარქის და საპატრიარქოს გავლენა ახალ ხელისუფლებაზე, წინამორბედთან შედარებით გაცილებით დიდია. მაგალითისთვის რამდენიმე მათგანი პატრიარქის იმ ქადაგებას იხსენებს, რომელშიც ილია მეორემ ბაგრატის ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერება მოითხოვა. ბაგრატის
ტაძრის რესტავრაცია დროებით შეჩერდა, თუმცა მოგვიანებით ისევ არსებული პროექტით განახლდა. რესტავრირებულმა ბაგრატის ტაძარმა კი "იუნესკოს" კრიტერიუმები ვეღარ დააკმაყოფილა.
ამბობენ, რომ მისი შეხედულებები კონსერვატიულია, მიდგომები - მკაცრი. ერი ყველაზე მეტად ენდობა. NDI-ის ნდობის რეიტინგებშიც ყოველთვის უპირობოდ ლიდერობს.
ქუჩაში ხალხი გამოვკითხეთ, ყველაზე მეტად გვეიმედებაო.
პირველია... 36 წელია, ერს, ბერს და ხელისუფლებას თმენას, სიბრძნეს და სიკეთეს ასწავლის...