რაც მოგივაო დავითაო, ისევ შენი თავითაო. იგივე ეხება ბიძინას, ირაკლის და ყველა დანარჩენს. «ქართულმა ოცნებამ» შეცდომა დაუშვა, როდესაც ერთი თვის წინ მთავარი პროკურორის პოსტზე ადრე ნასამართლევი ოთარ ფარცხალაძე დანიშნა. ღარიბაშვილის მთავრობა საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
სკანდალი ორშაბათს დაიწყო, როდესაც თბილისის უფლებაშეჩერებულმა მერმა, გიგი უგულავამ, რომელსაც ათეულობით საბიუჯეტო მილიონის გაფლანგვას ედავებიან, შემდეგი განცხადება გააკეთა: «საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გასამართლებულია აუგსბურგის რაიონული სასამართლოს მიერ გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე და 252-ე მუხლებით ყაჩაღური ქურდობისთვის. ოთარ ფარცხალაძეს მიესაჯა ძირითადი სასჯელი პატიმრობა 1 წელი და 3 თვე აუგსბურგის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა პასიური საარჩევნო უფლებისა და გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. დამატებითი სასჯელი ძალაშია 2016 წლის 22 აგვისტომდე. განაჩენი კანონიერ ძალაში 2001 წლის 14 მარტს შევიდა» (ინტერპრესნიუსი).
მომდევნო დღეს, გაუმართლებლად ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ოთარ ფარცხალაძემ შემდეგი განცხადება გაავრცელა: «2000 წელს ნამდვილად ვიმყოფებოდი გერმანიაში, სადაც ინციდენტი შემემთხვა გერმანიის პოლიციასთან. სამართალდამცველს, რომელსაც, მოგვიანებით დადგინდა, რომ ინფორმაცია ჰქონდა სხვა პირის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, მოუვიდა შეცდომა, მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოხდა კონფლიქტი. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ, ინციდენტის ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლომ დამიდგინა პოლიციელთან შელაპარაკების ბრალეულობა.
მინდა განვაცხადო, რომ ამ ინციდენტს ქვეყნიდან ჩემი დეპორტაცია და სხვა იძულებითი ღონისძიებები არ მოჰყოლია».
ამ სიტუაციის კომენტირებისას, იურისტებმა განმარტეს, რომ ფორმალურად, ფარცხალაძის ძველი ნასამართლეობა პოსტზე დარჩენას ხელს არ უშლის. მაგრამ ასეთ საქმეზე გასამართლებული მთავარი პროკურორი, ალბათ, მაინც ნონსენსია; ეს საიმიჯო მინუსებს უკავშირდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროკურატურის ყველა ბრალდება უნაკლო იქნება, ნებისმიერ ბრალდებულს შესაძლებლობა ექნება, თქვას: «თქვენს დამნაშავე პროკურორს მიხედეთ» და სასამართლო პროცესი კლოუნადად გადააქციოს.
შეცდომა და გაუგებრობა ახალგაზრდობაში ბევრს მოსვლია და არ შეიძლება ადამიანს ის მუდამ შეახსენო. მაგრამ არის მედლის მეორე მხარეც _ როდესაც ბიოგრაფიაში თუნდაც პატარა ლაქა გაქვს, მაღალი თანამდებობის დაკავებას, ალბათ, არ უნდა დათანხმდე, რათა მთავრობას და საკუთარ თავს დამატებითი პრობლემები არ შეუქმნა. სამწუხაროდ, ეს ყველას როდი ესმის.
ყოველივე ეს არ მოხდებოდა, რომ არა «ქართული ოცნების» იდიოტური (მინდა ხაზგასმით გავიმეორო _ იდიოტური) საკადრო პოლიტიკა. ცხადია, რომ სააკაშვილის რეჟიმი რამდენადმე საპასუხისმგებლო თანამდებობებზე არ აჩერებდა ისეთ ჩინოვნიკებს, რომელთა გაკონტროლება არ შეეძლო, მათ შორის, იმიჯისთვის გამანადგურებელი ინფორმაციის გამოქვეყნების მუქარით. იმ წლებში მთელი უწყებები დაკავებული იყო ჩინოვნიკებზე კომპრომატების შეგროვებით და შექმნით (ცნობილი ვიდეოჩანაწერები და ა. შ.). ეს აქსიომაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალმა ხელისუფლებამ მაინც გადაწყვიტა, «ნაციონალების» მმართველობის პერიოდში აღზევებულ კადრებს დაყრდნობოდა. რაც მიიღო ამის შედეგად, ყველამ ერთად ვიხილეთ და მსგავსი ინციდენტი, სავარაუდოდ, არაერთგზის მოხდება, თუ ხელისუფლება საკადრო პოლიტიკის ძირითად პრინციპებს არ შეცვლის. ალბათ, არავინ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ «ნაციონალებს» სხვა მაკომპრომენტირებელი ინფორმაცია (ფარცხალაძეს ეხება ის თუ სხვა ჩინოვნიკს) 100%-იანი გარანტიით აღარ აქვთ.
ნებისმიერი, «ნაციონალების» მმართველობის პერიოდში ნამუშევარი ჩინოვნიკი «შენელებული მოქმედების ნაღმია». თუნდაც შესანიშნავი პიროვნება იყოს, გულწრფელად წუხდეს იმის გამო, რომ 2003-12 წლებში ზნეობრივ კომპრომისზე წასვლა მოუწია და მასზე დაკისრებულ მოვალეობას იდეალურად ასრულებდეს. მაგრამ შანტაჟმა და შიშმა, რომ კომპრომატს გამოუქვეყნებენ, შეიძლება ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება აიძულოს. ერთი ასეთი «ნაღმის» აფეთქება შეიძლება იოლად გადაიტანო, მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ერთი მეორის მიყოლებით ან სულაც ერთდროულად აფეთქდებიან? ამომრჩეველთა უმრავლესობამ იმისთვის როდი ჩააბარა ხელისუფლება «ქართულ ოცნებას», რომ მან ის საკუთარი უთავბოლობის გამო დაკარგოს და 2012 წლის 1 ოქტომბრის მონაპოვარი წყალში გადაყაროს.
როდესაც უამრავი კეთილმოსურნე «ოცნებას» სახელისუფლო სტრუქტურებში საფუძვლიანი საკადრო წმენდის ჩატარებას ურჩევდა, მათი დიდი ნაწილი ეყრდნობოდა არა ემოციებს, არამედ რაციონალურ გათვლას. მის ქვაკუთხედს წარმოადგენდა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ძველი მმართველები ამ ადამიანებზე კონტროლს (ან, როგორც მინიმუმი, მათი დისკრედიტაციის შესაძლებლობას) ინარჩუნებდნენ. ხელისუფლებამ ეს მიდგომა არ გაიზიარა.
ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს, ალბათ, გაუჭირდება იმის წარმოდგენა, როგორ შეიძლება დანიშნო ადამიანი მთავარი პროკურორის პოსტზე, ისე, რომ მისი ბიოგრაფია დეტალურად არ შეისწავლო და ნეგატიურ ეპიზოდებთან დაკავშირებული საფრთხე არ შეაფასო. თანაც კრიტიკულ მომენტში, როდესაც სამართლიანობის აღდგენის პროცესი კულმინაციას უახლოვდება.
არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მონაწილეობა ამ შეტევაში ღარიბაშვილის მთავრობაზე მიიღეს ახალი პრემიერის მოწინააღმდეგეებმა მმართველი კოალიციიდან და არა მხოლოდ «ნაციონალმა» მაღალჩინოსნებმა, რომელთაც ეს ეპიზოდი მხოლოდ ტაქტიკურ სარგებელს თუ მოუტანს (ბრალდებები დარჩება ბრალდებებად და მათ მაინც გაასამართლებენ; ამასთანავე, ოთარ ფარცხალაძის კარიერული წინსვლა სახელისუფლო სტრუქტურებში სწორედ მათი მმართველობის წლებში დაიწყო). თუმცა, ალბათ, მიზანშეწონილი იქნება, ამ ვერსიას მოგვიანებით დავუბრუნდეთ, როდესაც მას შესაბამისი ფაქტები გაამყარებენ (მომავალში ეს აუცილებლად მოხდება). ერთადერთი რამ, რაც შეიძლება ამ მომენტისთვის განვიხილოთ, დაუდასტურებელი ინფორმაციაა იმის თაობაზე, რომ მმართველი კოალიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ფარცხალაძის ნასამართლეობის შესახებ უგულავას განცხადებამდე გაცილებით ადრე იცოდა, მეტიც, სკანდალის აგორებაში უშუალო მონაწილეობა მიიღო. ამ კონტექსტში შეიძლება საინტერესო იყოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების და ცალკეული პირების განცხადებების ანალიზი, რომელნიც ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით განსაკუთრებულ აქტიურობას ავლენს. ყველაზე საგულისხმო, ალბათ, ისაა, რომ ისინი ხელისუფლებას უცნაური, ენერგიული დაჟინებით ურჩევდნენ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო ამ სიტუაციაში და მზა რეცეპტებს სთავაზობდნენ (ცხადია, არავინ ამტკიცებს, რომ ეს სცენარის ნაწილი იყო).
შემდგომ წუხილს ყოველივე მომხდარის გამო, აზრი, ალბათ, არ აქვს. ფაქტია, რომ ღარიბაშვილის მთავრობამ რთული მდგომარეობიდან გამოსასვლელად არაორდინალურ ძალისხმევას უნდა მიმართოს. ყრუ თავდაცვაზე ფიქრი მისი მხრიდან, ალბათ, დიდი შეცდომა იქნება; პირიქით, ის შეტევაზე უნდა გადავიდეს, მითუმეტეს, რომ საზოგადოების უმრავლესობის სიმპათიები, დაშვებული შეცდომების მიუხედავად, ჯერჯერობით მის მხარეზეა.
კონკრეტულ ნაბიჯებს იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც ძირითად პრინციპს _ არ ითამაშო იმ წესებით, რომელთაც ოპონენტები გთავაზობენ და თავს მოახვიე თამაშის ახალი წესები. ძველად რომ იტყოდნენ, «ეშმაკთან ერთად სადილად არ დაჯდე, მას უფრო გრძელი კოვზი აქვს». ზოგადად, ასეთ სიტუაციაში აუცილებელია მოწინააღმდეგისთვის ინიციატივის წართმევა და რეაგირების რეჟიმიდან პროაქტიურ მოქმედებაზე გადასვლა, მაგრამ კონკრეტულად ღარიბაშვილისთვის ამ სიტუაციაში აუცილებელია, მოწინააღმდეგეს ახალი წესებით თამაში აიძულოს.
ეს წესები, ალბათ, შემდეგ იდეებს უნდა დაეფუძნოს: სამართლიანობის აღდგენის პროცესისთვის შეუქცევადი ხასიათის მიცემა, არც ერთი ნაბიჯი კანონის უზენაესობის პრინციპის წინააღმდეგ, არანაირი კანონსაწინააღმდეგო შეღავათები ყოფილ მაღალჩინოსნებს, უარი თანამშრომლობაზე სააკაშვილის რეჟიმის მსახურებთან, ნეპოტისტური, გაუაზრებელი საკადრო პოლიტიკისთვის წერტილის დასმა, ფსევდომოკავშირეების პოლიტიკური იზოლაცია (მათ შეიძლება გაცილებით მეტი პრობლემა შექმნან ვიდრე «ნაციონალებმა»). ეს კურსი, სავარაუდოდ, მოსახლეობის დიდი ნაწილის მოწონებას დაიმსახურებს და მისი მხარდაჭერა ღარიბაშვილის მთავრობას შესაძლებლობას მისცემს, ყველა წარმოსადგენი წინაღობა გადალახოს, თანაც ისე, რომ დემოკრატიის ჩარჩოებში დარჩეს. შეიძლება ოდნავ პათეტიკურად გაიჟღეროს, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა გააკეთოს არჩევანი კოჰაბიტირებულ, დეგრადირებულ ელიტასა და მის მხარდამჭერ ამომრჩევლებს შორის _ მათ დიამეტრალურად განსხვავებული იდეალები და მისწრაფებები აქვთ და ორივეს ერთდროული დაკმაყოფილება, უბრალოდ, ვერ მოხერხდება. ამ არჩევანს ახალი პრემიერმინისტრის (და მისი მფარველის, ბიძინა ივანიშვილის) ნაცვლად ჩვენ ვერ გავაკეთებთ. ერთი კი ფაქტია, თუ ღარიბაშვილი ძალიან აქტიურად არ ამოქმედდება, მას ძალიან მალე, მარტივად რომ ვთქვათ, «შეჭამენ». რაც შეეხება «ნაციონალებს», რა განცხადებაც უნდა გააკეთონ, სავარაუდოდ, მამაზეციერიც ვეღარ უშველით.
როდესაც ახალი ხელისუფლების გულშემატკივრები ამბობენ: «რევოლუცია უნდა გაგრძელდეს!», ეს არც პოეზიაა და არც ემოციური აღმაფრენა, ეს სავსებით რაციონალური და, დიდი ალბათობით, ერთადერთი შესაძლებელი გამოსავალია. ხალხი ხელისუფლებისგან გაცილებით კარგ, პატიოსან პოლიტიკას, მთელი სისტემის საფუძვლიან გადაფორმატებას მოითხოვს და მისი მოტყუება, როგორც ეს 2003 წლის ნოემბერში მოხდა, აღარ გამოვა, რადგან ძალიან სერიოზული გამოცდილება დაუგროვდა. ადრე თუ გვიან, ის აიძულებს ელიტას, მისი მოთხოვნები დააკმაყოფილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბულდოზერივით გადაუვლის. არის საკმარისზე მეტი პრინციპული მნიშვნელობის მქონე პრობლემა, რომელთა გადაჭრის გადადება აღარ შეიძლება. ეს პრობლემები არსად გაქრება და მათი მნიშვნელობა არ შემცირდება. ახალ ხელისუფლებას შეუძლია, სათავეში ჩაუდგეს ამ რევოლუციას ან, პირიქით, მისი ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი გახდეს. და ბოლოს, ალბათ, ურიგო არ იქნება, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ჰანა არენდტის ცნობილი ციტატა, რომელიც მკაფიოდ აფიქსირებს ზღვარს ნამდვილ რევოლუციასა და (მაგალითად) იმ საცირკო წარმოდგენას შორის, რომელიც 2003-ში ვიხილეთ; მთავარია შინაარსი, ფორმას კი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. « მხოლოდ იქ, სადაც წარმოდგენილია განახლების პათოსი და განახლება თავისუფლების იდეას ერწყმის... და გათავისუფლება დათრგუნვისგან, სულ მცირე, მიზნად თავისუფლების დამკვიდრებას ისახავს, ჩვენ გვაქვს უფლება, რევოლუციაზე ვისაუბროთ».