რამდენ ხანს გასტანს ივანიშვილის დუმილი და რა ნაბიჯებს გადადგამს ექსპრემიერი

რამდენ ხანს გასტანს ივანიშვილის დუმილი და რა ნაბიჯებს გადადგამს ექსპრემიერი

რამდენიმე თვის წინ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკას დაემშვიდობა და ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ სამოქალაქო სექტორში გადასული, ქვეყნის სამსახურში კიდევ ოცი წელი დარჩება. ჯერჯერობით მან პაუზა აიღო. რამდენ ხანს გასტანს დუმილი და რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას ივანიშვილმა უახლოეს მომავალში არა პოლიტიკოსის, არამედ რიგითი მოქალაქის სტატუსით? - ამ საკითხზე პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.

რამაზ საყვარელიძე: - თვალნათლივ არ ჩანს, თორემ ივანიშვილი თავის ყოფილ პოლიტიკურ პარტნიორებთან ურთიერთობაში აქტიურია, რასაც, სამოქალაქო სექტორში გადასვლის გარდა, ჰპირდებოდა კიდეც საზოგადოებას, თქვა, რომ თავისი პოლიტიკური გუნდის მიმართ ყურადღებით იქნება. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე პოლიტიკურმა გუნდმა მეტი ყურადღება მოითხოვა, ამას ცხადყოფს ისიც, რომ არაფორმა­ლურ გარემოში ის ჩნდება კიდეც ყოფილ თანაგუნდელებთან, მაგალითად, პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად. რაც შეეხება საზოგადოებრივ სექტორს, მისი გამონათქვამებიდან გამომდინარე, სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის ინტელექტუალური უზრუნველყოფა აქვს განზრახული, ასეთი ჯგუფის დაკომპლექტებას კი საკმაო დრო, ვფიქრობ, 5-6 თვე მაინც დასჭირდება და სამოქალაქო სექტორში ივანიშვილი ამ დროისთვის გამოჩნდება. ჯგუფში შევლენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტები, რადგან გაცილებით მარტივი ამოცანების გადაჭრისასაც კი უცხოელებთან გავრბივართ ხოლმე. ინტელექტუალური ბაზის შექმნა მართლაც საჭიროა, რადგან რეალურად, პოლიტიკის თუ ეკონომიკის არც ერთ სფეროში არ გვაქვს განვითარების კონკრეტული გეგმა. ვიცით, რომ გვინ­და ევროკავშირში შესვლა და უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტა, თუმცა კონკრეტული პროგრამები არ ჩანს. სახლის მშენებლობისას ხომ არქიტექტორს ჯერ პროექტს ვუკვეთთ და მერე ვიწყებთ ფულის მოძიებას - თუ ქვეყნის არქიტექტურა არ გვეცოდინება, ილუზორულ პროექტებში ფულის ყრის ფუფუნება არც სახელმწიფოს აქვს და არც ცალკეულ ადამიანს, რაოდენ მდიდარიც არ უნდა იყოს. ამას დიდი მნიშვნელობა ექნება დღევანდელი პროცესების ფონზე, რაც მომავალ წელსაც გაგრძელდება - სამართლიანობის აღდგენის პროცესი თითქოს დაჩქარდა, სამართალდამცავი სტრუქტურების შემადგენლობამ ფერი იცვალა, განახლდა, თუმცა იდგმება წარუმატებელი ნაბიჯებიც, რაც კადრების არაკომპეტენტურობის შედეგია.