"კომპრომატები "ნაციონალებს" კიდევ ძალიან ბევრზე ექნებათ, ძალიან მალე გამოქვეყნდება "ოცნების" დეპუტატებზე ინფორმაციები და კომპრომატები. "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" არის ერთი მაფია, ეს არ არის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც იდეების გამო შეიქმნა. კარგად იცით, რომ ეს ხალხი არ შესულა პარლამენტში თავისი იდეებისა და პრინციპების გამო. ყველანი არიან მაფიის მსახურები, ზოგი ბიზნესით დააჯილდოვეს, ზოგი ფულით, ზოგს თანამდებობა აჩუქეს. შეიძლება სულ თითზე ჩამოსათვლელი იყოს კოალიცია "ქართულ ოცნებაში" ისეთი, რომელიც მართლა ქვეყანას ემსახურება, დანარჩენები არიან მაფიის მსახურები. აი, რატომ ვახსენებ მაფიას. იქ არის ასეთი წესი: როცა ახალ წევრს იღებენ, მას ეუბნებიან, რომ ჩაიდინოს მკვლელობა, რათა ცხოვრების ბოლომდე ჰყავდეთ დაბმული. ამიტომაც, ყველა ის ადამიანი, რომლებიც "ოცნებისა" და "ნაციონალების" სამსახურში არიან, რა თქმა უნდა, ზოგს კორუფციის მუხლი ექნება, ზოგს ყაჩაღობის, ზოგზე პირადი კომპრომატი აქვს", - აცხადებს პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით კახა კუკავა - "ძალიან მალე გამოქვეყნდება "ოცნების" დეპუტატებზე კომპრომატები" / რის შესახებ აფრთხილებს კუკავა პრემიერ ღარიბაშვილს?
"რაც შეეხება კონკრეტულად ფარცხალაძის საკითხს, მინდა განვაცხადო: მე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ ყოველთვის ვცდილობ, ვიყო კონსტრუქციული და ლოიალური. არაერთხელ მითქვამს, რომ მუდმივი არ არის საზოგადოების ნდობა და არც მუდმივი იქნება საზოგადოების ლოიალობა ბატონ ირაკლის მიმართ. ღარიბაშვილი ახლა არის სწორედ იმ მიჯნასთან, როდესაც ის ან ღარიბაშვილად დარჩება, ან მერაბიშვილი გახდება. შეუძლებელია, ღარიბაშვილმა ეს ყველაფერი რეაგირების გარეშე დატოვოს. მე მახსოვს, როცა ოპოზიციამ თავის დროზე გამოაქვეყნა გირგვლიანის მკვლელობის დეტალები და როცა ცნობილი გახდა იმ სუფრის შემადგენლობა, სადაც იმყოფებოდნენ ახალაია, სანოძე, მაშინ განიხილებოდა ხელისუფლებაში საკითხი, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, მოეხსნათ თუ არა ახალაია და სანოძე დაკავებული თანამდებობიდან. ფიქრობდნენ, მათი მოხსნა ხომ არ ჩაითვლებოდა ხელისუფლების უკან დახევად. შეიძლება ითქვას, რომ გირგვლიანის სკანდალმა დაიწყო სააკაშვილის რეჟიმის რღვევა, ამიტომ არის ეს უკანასკნელი რჩევა ხელისუფლებისადმი. მე აღარ ვაპირებ კონსტრუქციული ურთიერთობების გაგრძელებას, თუ ეს ყველაფერი ასე დამთავრდა და ფარცხალაძე კვლავ შეინარჩუნებს პოსტს. მოვუწოდებ, რომ მიიღონ ის გადაწყვეტილება, რასაც ნებისმიერი ნორმალური ხელისუფალი გააკეთებდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კუკავა.
"მე მოვისმინე საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის კომენტარი, სადაც ის ბოდავს, რომ შეუძლებელია ასეთი დოკუმენტის მოპოვება, რადგან მსგავსი ტიპის დოკუმენტის მოპოვება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან არავის არ გამოუქვეყნებია ოპერატიული საიდუმლოებები. თუ საგარეო საქმეთა მინისტრმა არ იცის, შევახსენებ, - ის, რომ ფარცხალაძე არის საქართველოს მოქალაქე და დაინიშნა ამხელა პოსტზე, გერმანიია ხელისუფლება ვალდებულია ასეთ დროს აცნობოს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის ქვეყანაში არის ნასამართლევი. მეორე - როცა ფარცხალაძემ მიიღო შეთავაზება მთავარი პროკურორის პოსტზე, ხელისუფლება ვალდებული იყო, მასზე ინფორმაცია მოეძია და გარკვეულიყო კანდიდატურაში და მეორე - ასევე ფარცხალაძე ვალდებული იყო , ეთქვა, რა ჰქონდა წარსულში ჩადენილი. მე იმიტომ ვურჩევ ღარიბაშვილს, დროზე მიიღოს გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, რადგან როგორც ახალაიას საქმე წავიდა ზევით და ხელისუფლებას ძვირად დაუჯდა, ასევე შეიძლება დაემართოს ამ ხელისუფლებას ფარცხალაძესთან დაკავშირებით. ჩვენ სულელები არ ვართ და არ დავიჯერებთ, რომ ხელისუფლებამ ფარცხალაძის ნასამართლობის შესახებ ტელევიზიით შეიტყო, ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"წმინდა სისხლის სამართლებრივი თვალსაზრისით, ჩვენი კანონმდებლობა უფლებას იძლევას ნასამართლობის გაქარწყლების შემდეგ, რომ პირი არ არის ნასამართლევი. იურიდიულ პასუხისმგებლობას შეიძლება არ იწვევდეს, შემიძლია გითხრათ, რომ თავის დროზე როცა ჯაბა იოსელიანი დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ, არც ის არ იყო იურიდიულად დანაშაული. მაგრამ რა გვინდა ახლა, ჯაბა იოსელიანის ეპოქა დავაბრუნოთ საქართველოში?! ეს არის პოლიტიკური საკითხი და ფარცხალაძის პროკურორად ყოფნა ნიშნავს, რომ მიმდინარეობს საქართველოში კრიმინალების აღზევება, ცალკე სოზარ სუბარს მართავენ მარიონეტივით კრიმინალური ავტორიტეტები, იუსტიციის სამინისტროში გამოჩნდნენ კრიმინალები, მთავარი პროკურორი გყავს ყაჩაღობისთვის ნასამართლევი. ეს არ არის კარგი ტენდენცია. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, სააკაშვილის რეჟიმი რომ დანაშაულს სჩადიოდა და იყო კრიმინალური, ეს არ არის ამ ხელისუფლებისთვის გამართლება, თუ წინა ხელისუფლების გზით წავლენ, ამ ხელისუფლების დასასრული უარესი იქნება. მე მინდა მივმართო ირაკლი ღარიბაშვილს, - ან გადააყენოს ფარცხალაძე, ან გადააყენებენ ღარიბაშვილს. ასევე კარგად უნდა იცოდეს და გაითვალისწინოს ისიც, რომ დასავლეთი თავის დროზე დაინტერესებული იყო, სააკაშვილის დანაშაულები მიეჩქმალა. "ქართული ოცნების" შემთხვევაში ეს ყველაფერი არის პირიქით, "ქართული ოცნება" 5-ბალიან დანაშაულს თუ ჩაიდენს, უცხოეთში ეს გაშუქდება, როგორც 10-ბალიანი დანაშაული", - დასძენს კახა კუკავა.