პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახლად დანიშნულ რექტორს, გიორგი ხუბუას შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახლად დანიშნულ რექტორს, გიორგი ხუბუას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ახლად დანიშნულ რექტორს, გიორგი ხუბუას შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო გეგმებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიმართულებით.

პრემიერმა უნივერსიტეტის ახალ რექტორს წარმატებები უსურვა და მთავრობის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა.

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გიორგი ხუბუას აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში იგი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი და მეცნიერ-თანამშრომელი, არის 40-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 7 მონოგრაფიისა და ერთი სახელმძღვანელოს ავტორი.

საქველმოქმედო მეგაპროექტის  - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნების იდეა ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის. საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ" უნივერსიტეტის განვითარებაში  ფილანტროპიის სახით ერთ  მილიარდ ევროზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.

KIU-ში, რომელმაც სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წლის შემოდგომაზე მიიღო, დღეისათვის 1200-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. KIU თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან) და მისი საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი.

 

 

Gami ეს ხუბუა გაქანებული მიშისტი არ იყო? გამოსწორდა?
3 თვის უკან