"პროტესტის გამოხატვის მსგავსი ფორმები დამახასიათებელია მსოფლიოს ნებისმიერი პენიტენციური სისტემისთვის. რაც შეეხება მოთხოვნებს, ამ ეტაპზე რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა, თუმცა მთავარი მაინც სამართლიანობის აღდგენა და მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნაა. არადა, კარგად უნდა გავიაზროთ, რომ სამართლიანობის აღდგენა არ ნიშნავს ციხის კარების გაღებას და ყველა მსჯავრდებულის ერთდროულად გარეთ გამოშვებას", - აცხადებს სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ჰამარბერგიც და ომბუდსმენიც გავლენის ქვეშ მოექცნენ" / ე.წ. კანონიერ ქურდებთან დაკავშირებით კანონი არ შეიცვლება და შიმშილობა კონტრპროდუქტიულია".
"ამ მიმართულებით საქართველოში, ევროპის მასშტაბით უპრეცედენტო ამნისტია გამოვიდა. არიან პატიმრები, ვისაც 15-20 წელი ჰქონდა მოსახდელი, ვისაც ყოველდღე სცემდნენ, აწამებდნენ, ღირსებას ულახავდნენ, არ მკურნალობდნენ და ხმას არ იღებდნენ. დღეს, ამნისტიის შემდეგ, მათ მოსახდელი დარჩათ 3-4 წელი, სასჯელს იხდიან ადამიანურ პირობებში, აქვთ ბევრად უფრო ლიბერალური რეჟიმი, კარგი კვება, კარგი მკურნალობა, ხელისუფლება მათთან დიალოგზე მიდის და მათ სწორედ დღეს მიმართეს შიმშილობას და პროტესტის სხვა უკიდურეს ფორმებს თავიანთი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. თანაც, მუშაობა სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით არ შეწყვეტილა და ინტენსიურად გრძელდება. საქმეების გადახედვა არ არის მარტივი საქმე და ნურც იმას დავიჯერებთ, რომ ყველა პატიმარი უსამართლოდ იხდის სასჯელს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთნან საუბრისას სოზარ სუბარი.
"გეთანხმებით, რომ დაპირება იყო სამართლიანობის აღდგენა და ამ კუთხით ბევრი რამ განხორციელდა: 1. უპრეცედენტო ამნისტია; 2. დაწესებულებებში გაუმჯობესდა პირობები; 3. ამოქმედდა პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისია, რომლის მეშვეობითაც წელიწადსა და ორ თვეში 2500-ზე მეტი მსჯავრდებული გათავისუფლდა (შევადაროთ, მანამდე 3 წლის განმავლობაში სულ 800 კაცი გათავისუფლდა); 4. ამოქმედდა აქტირების კომისია, რომელმაც 100-ზე მეტი ავადმყოფი და ხანდაზმული პატიმარი გაათავისუფლა (შევადაროთ _ მანამდე 3 წლის განმავლობაში 14 ხანდაზმული და არც ერთი ავადმყოფი). ამ სიის გაგრძელება მართლა უსასრულოდ შეიძლება. რაც შეეხება ხარვეზების დამდგენ კომისიას, ნამდვილად შეიქმნა კანონპროექტი, მაგრამ როცა გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნა, პრაქტიკულად, აღმოჩნდა, რომ ის ადამიანთა საკმაოდ ვიწრო წრეს შეეხება, რითაც პრობლემა ვერ გადაიჭრება", - განაგრძობს სასჯელაღსრულების მინისტრი.
"შესაბამისად, ვმუშაობთ უფრო სწრაფი და ეფექტური მექანიზმების შემუშავებაზე. შესაძლოა ეს იყოს პროკურატურის სწრაფი და ეფექტური საქმიანობა - შეისწავლონ და გადახედონ საქმეებს. მეორეც: სამართლიანობის აღდგენა არ გულისხმობს მხოლოდ პატიმრების გაშვებას, არამედ ძველი დანაშაულების გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯას - ვხედავთ, რომ ამ მხრივაც ძალიან ეფექტური მუშაობა მიდის. ხშირ შემთხვევაში, პატიმრების მოთხოვნა ინდივიდუალურია, ისინი თავიანთი საქმეების გადახედვას ითხოვენ. არც ინდივიდუალური საქმეების გადახედვა და არც კომისიის შექმნა კონკრეტულად ჩემი პრეროგატივა არ არის. შესაბამისად, პატიმრებს არც აქვთ პრეტენზია სამინისტროს მიმართ. ერთ-ერთი მოთხოვნაა ისიც, რომ ამნისტია უფრო ლიბერალური უნდა ყოფილიყო 260 და 262-ე მუხლების მიმართ (ნარკოტიკული დანაშაულები), მაგრამ პარლამენტმა გამოხატა ნება და მიიღო კანონი და მისი შეცვლა შიმშილობით შეუძლებელია. პატიმრების ნაწილი ითხოვს 223-ე პრიმა მუხლის გაუქმებას (ქურდული სამყაროს წევრობა). ძალიან მკაფიოა სახელმწიფოს დამოკიდებულება იმაზე, რომ ეს კანონი არ შეიცვლება, ეს არის არა სოზარ სუბარის, არამედ სახელმწიფოს დამოკიდებულება და შიმშილობა აქაც კონტრპროდუქტიულია", - განმარტავს რესპონდენტი.
"მე არ მითქვამს, რომ პროცესი გარედან იმართება, უბრალოდ, როცა გარეთ პოლიტიკური ტემპერატურა მატულობს, ეს გავლენას ახდენს შიდა პროცესებზეც. ეს გავლენა ზოგჯერ ძალიან პირდაპირია. ჩემს კაბინეტში იჯდა ერთი უვადო პატიმრის დედა, როცა მას დაურეკეს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან და მოსთხოვეს, სასწრაფოდ მისულიყო და მიეღო 300 მოსაწვევი, რომლებიც 15 დეკემბრის აქციაზე დასასწრებად უნდა დაერიგებინა. მანვე მითხრა, ყველა პატიმრის მშობელს ურეკავენ და 300-300 მოსაწვევს აძლევენო. ცხადია, ასეთი რამეები პროცესზე გავლენას ახდენს. ვიღაცები ფიქრობენ, რომ შიმშილობით რაღაცის მიღწევა შესაძლებელია და აქციებიც გრძელდება. არადა, პროტესტის ამგვარი ფორმები უხიფათო არ არის. ერთმა პატიმარმა, რომელმაც პროტესტის ნიშნად არაერთხელ მიიყენა თვითდაზიანება, იმდენად გაიუარესა ჯანმრთელობა, რომ მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შევძელით, თუმცა ამისთვის 60 ათას ლარზე მეტი დავხარჯეთ. არადა, როცა ეს პატიმარი ხედავდა, რომ მის ყოველ აქციას ხმაური მოჰყვებოდა, უფრო მეტი შემართებით აგრძელებდა ამას. არიან ადამიანები, რომლებიც ნაკლებად ფიქრობენ შესაძლო შედეგებზე, ოღონდ კი თავის მიზანს მიაღწიონ და მზად არიან ტყუილი და მართალი ერთმანეთში აურიონ", - ამბობს სოზარ სუბარი.
"ჰამარბერგიც და სახალხო დამცველიც ერთი და იმავე კლიშეს გავლენის ქვეშ მოექცნენ. რა თქმა უნდა, არიან ავტორიტეტები და თუ ვინმე ოდესმე ამბობდა, რომ არ არიან, ცრუობდა. როცა ჩვენ მოვედით, ექიმთან რიგს, ქალაქში გადაყვანას, პატიმრის მიერ მისაღები წამლის დოზასაც კი "მაყურებელი" აკონტროლებდა. დღეს ეს ყველაფერი მოისპო და ექიმის საქმიანობაში ვერავინ ერევა. ასევე, ერთ-ერთი წყარო, რაც აძლიერებდა კრიმინალურ ავტორიტეტებს, იყო მოსამსახურე პატიმრების, ე.წ. აბსლუგის მიერ აკრეფილი ფული. ის პატიმრები, რომლებიც საჭმელს არიგებდნენ, ასუფთავებდნენ ან ნაგავი გაჰქონდათ, ყველა პატიმრისგან იღებდნენ ფულს. შესაბამისად, მათ ე.წ. ბრიგადირებს "ნაციონალების" დროს თვეში რამდენიმე ათასი ჰქონდათ. ამ თანხის ნაწილი კი ავტორიტეტებს მიჰქონდათ. ჩვენ საერთოდ გავაუქმეთ ფულის აკრეფა და მომსახურე პატიმრებს ბიუჯეტიდან 160-დან 200 ლარამდე ერიცხებათ ბარათზე. და, რაც მთავარია, ეს საქმიანობა მათთვის აღარ არის ღირსების შემლახავი", - დასძენს მინისტრი
"ასევე, ვაპირებთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც უკვე გადაგზავნილია პარლამენტში და გულისხმობს პატიმართა დაყოფას რისკების მიხედვით. საპატიმრო დაწესებულებები ოთხ კატეგორიად დაიყოფა - ნახევრად ღია და დახურული ტიპის დაწესებულებებს განსაკუთრებით მაღალი რისკისა და დაბალი რისკის საპატიმროები ემატება. კრიმინალური ავტორიტეტები იქნებიან დანარჩენებისგან იზოლირებულნი და, შესაბამისად, ვერავისზე მოახდენენ გავლენას. ზუსტად არ მახსოვს, მგონი 12 თუ 14 ე.წ კანონიერი ქურდია და ყველანი ერთ დაწესებულებაში - მეშვიდეში არიან მოთავსებულნი, ერთის გარდა, რომელიც ამჟამად საავადმყოფოში წევს", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "მართლა გაიყვანეს თუ არა ვანო მერაბიშვილი მატროსოვის დაწესებულებიდან და რატომ არ არის ხელისუფლება ამ საქმის გამოძიებით დაინტერესებული?" - პასუხობს:
"ვანო მერაბიშვილი არსად გაუყვანიათ. პოლიტიკურად ჩვენთვის ხელსაყრელია, რომ დაიწყოს ამ საქმეზე გამოძიება, მაგრამ პროკურატურა ამბობს, რომ არ არსებობს ამის სამართლებრივი საფუძველი. მხოლოდ მერაბიშვილის მოთხოვნით გამოძიება ვერ დაიწყება. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერებს, ამ სფეროს უშუალოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და კონკრეტული სასჯელაღსრულების დაწესებულებები აკონტროლებენ. საქმისადმი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, დავიწყოთ მოკვლევა და თუ რაიმე საფუძველი გამოიკვეთება, მაშინვე გადავცემთ მას გამოძიებას".