სასამართლომ მიიღო ყოვლად გაუმართლებელი გადაწყვეტილება. კონსტიტუცია აძლევს პრეზიდენტს უფლებას თავად განსაზღვროს, როგორ, რა გააკეთოს და ვინ ეკითხება მოსამართლეს პრეზიდენტის ამ უფლებამოსილების შეჩერებას? - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე თბილისი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა.
როგორც ვახტანგ ხმალაძემ განმარტა, საერთოდ გაუგონარია ის ფაქტი, რომ სასამართლომ პრეზიდენტს აუკრძალა ახალი კონკურსის ჩატარება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრის შესარჩევად. კონსტიტუციონალისტის მოსაზრებით, აღნიშნული საკითხი სასამართლოს არც კი უნდა განეხილა.
„მომჩივნის მიერ ეს ნაკლები პრობლემაა, რადგან მომჩივანი თავად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. რაც შეეხება სასამართლოს, ჩემი აზრით, სასამართლომ მიიღო ყოვლად გაუმართლებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან პრეზიდენტის უფლება, დანიშნოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრი, კონსტიტუციით განსაზღვრულია, როგორც მისი დისკრეციული უფლებამოსილება. არც კონსტიტუცია, არც კანონი არაფერს ამბობს იმაზე, თუ როგორი წესით უნდა შეარჩიოს პრეზიდენტმა დასანიშნი პირი. პრეზიდენტს შეუძლია იუსტიციის უმაღლეს წევრად დანიშნოს ნებისმიერი პირი, რომელიც აკმაყოფილებს კანონით დადგენილ პირობებს. კანონით განსაზღვრულია ის, რომ ამ პირს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, უნდა ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება და ა.შ. ანუ არანაირი კონკურსის ჩატარებას პრეზიდენტს კანონი არ ავალდებულებს, მაგრამ იმისთვის, რომ უკეთესი კანდიდატურა შეერჩია, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ მოეწყო ღია კონკურსი, მას ამის უფლება აქვს. კონკურსის საფუძველზე მან ერთ-ერთი კონკურსანტი დანიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, ვიღაც მეორე კონკურსანტმა, არ ვიცი, რა საფუძვლით, მაგრამ გაასაჩივრა პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, სასამართლოს არც კი უნდა განეხილა ეს საკითხი. სასამართლომ გაუმართლებელი გადაწყვეტილება მიიღო, რომ საერთოდ განსახილველად მიიღო სარჩელი, ვინაიდან სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის პრეზიდენტის დისკრეციული, კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების განხილვა. სასამართლომ დააკმაყოფილა ჯერჯერობით მხოლოდ ის, რომ მან მიიღო განსახილველად სარჩელი, რაც არ უნდა გაეკეთებინა და მან დააკმაყოფილა სარჩელის ის ნაწილი, რომელსაც ჰქვია ე.წ. სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნა, ანუ შეაჩერა პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოქმედება. მეორე- საერთოდ გაუგონარი რამ არის - პრეზიდენტს აუკრძალა ამ თანამდებობის დასაკავებლად თავის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ახალი კონკურსის ჩატარება. კონსტიტუცია აძლევს პრეზიდენტს უფლებას თავად განსაზღვროს, როგორ, რა გააკეთოს და ვინ ეკითხება მოსამართლეს პრეზიდენტის ამ უფლებამოსილების შეჩერებას? სასამართლოს ამის უფლება არ ჰქონდა", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
მისი თქმით, სახელმწიფოში დარღვეულია კონსტიტუციური რეჟიმი, უფრო კონკრეტულად კი, დარღვეულია კონსტიტუციით დადგენილი ხელისუფლების დანაწილების მოდელი.
„აქამდე იყო პოლიტიკური ხელისუფლება და ახლა უკვე სასამართლო ხელისუფლებაც ჩაერთო იმაში, რომ არღვევს ამ რეჟიმს, გასულია კონსტიტუციური მოქმედების ფარგლებიდან. სხვა არაფერია თუ არა, ხელისუფლების მიტაცება. გამოსავალი არის ხელისუფლების შეცვლაში და შემდგომ ისეთი რეჟიმის დამყარებაში, რომელიც გამორიცხავს მსგავს არაკონსტიტუციურ მოქმედებებს“, -განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ შეჩერდა. ამასთან, როგორც სასამართლოში აცხადებენ, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა.