მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ჩვენი ეროვნული, ნაციონალური მთავარი იდეა და მიზანი იყო ხალხის კეთილდღეობა, ეკონომიკური განვითარება და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, ეს სამივე ასპექტი ერთმანეთთან არის მჭიდრო კავშირში, რაც, მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია.
„მოგეხსენებათ, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ჩვენი ეროვნული, ნაციონალური მთავარი იდეა და მიზანი იყო ხალხის კეთილდღეობა, ეკონომიკური განვითარება და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს სამივე ასპექტი ერთმანეთთან არის მჭიდრო კავშირში. იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს დაარღვია, ჩვენი ქვეყანა აღარ მიისწრაფვის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, „ოცნების“ კლანი ფოკუსირებულია არა ხალხის, არამედ საკუთარ კეთილდღეობაზე, საკუთარი ოჯახებისათვის მილიონების შოვნაზე, ქვეყანაში გაბატონდა კორუფცია, შედეგად ვიღებთ შემდეგ ეკონომიკურ სურათს: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სურსათის ფასები 48 პროცენტით, ანუ ერთ-ნახევარჯერ გაძვირდა იმ სასაქონლო კალათის ღირებულება, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია და მტკივნეულია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. შედარებისთვის, მაქსიმალური ზღვარი, ანუ მიზნობრივი ინფლაცია, რაც შეიძლებოდა, ყოფილიყო, იყო 18 პროცენტი. 10-15 პროცენტის ნაცვლად, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნებოდა ნორმა, გვაქვს 48-პროცენტიანი ინფლაცია. ქვეყანა რადგან აღარ არის ფოკუსირებული დასავლეთზე, ინვესტიციებზე, გვაქვს კორუფცია, კლანური მმართველობა, კარტელური იმპორტი, შეჩერდა ინვესტიციები. ჩვენ შედარებისთვის მოგიყვანეთ შორეული 2007 წელი, იმ პერიოდშიც კი, 17 წლის წინ იყო 2-3 ჯერ მეტი ინვესტიცია, ვიდრე გვაქვს 2024 წლის პირველ ნახევარში. ჩვენი ინვესტიციები ამ წელს დასულია 200 მლნ დოლარამდე, რაც იმის ნახევარიც კი არ არის, რაც იყო 17 წლის წინ.
ხშირად მოისმენთ „ოცნების“ წარმომადგენლების ტრაბახს, რომ ექსპორტი გაიზარდა, ჩვენ ჩავშალეთ სტატისტიკის დეპარტამენტზე დაყრდნობით ექსპორტის მონაცემები და რეექსპორტი, რომელიც რუსეთის სანქციების გვერდის ავლის სქემას მოარგეს და რამდენიმე ასეული ოჯახი კორუფციული, კლანური მმართველობის პირობებში კოლოსალურად მდიდრდება. ქართული პროდუქციის ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, ბოლო ორ წელიწადში დაახლოებით ერთ-ნახევარჯერ შემცირდა. საერთო მონაცემებს რომ გამოვაკლოთ ივანიშვილის კლანიდან მიღებული რეექსპორტის და ქართველი მეწარმეებისთვის, ქართული პროდუქციის ექსპორტი, მკვეთრი ვარდნა გვაქვს. შემცირებაა სწორედ რუსული კანონის და რუსული პოლიტიკის გამო, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი ახორციელებს.
ამავე ფონზე, ფასების ზრდის ერთ-ერთი პროცესი არის ლარის არასტაბილური კურსი, უცებ რომ გაუფასურდება, შემდეგ ხელოვნურად გაამყარებენ, ფასები, სამწუხაროდ, იმ მაღალ ნიშნულზე რჩება, რომელზეც წინა პერიოდში იყო და აღარაფერი არ იაფდება. ამ მთელი დინამიკის შედეგია, რომ ბოლო ერთ წელიწადში თითქმის ერთი მილიარდი დოლარით შემცირდა რეზერვები. ივანიშვილის ეს საგარეო პოლიტიკა, საშინაო კორუფცია საქართველოს სახელმწიფოს დაუჯდა ერთი მილიარდი დოლარი, რათა ლარის კურსი შეენარჩუნებინა ერთ დონეზე, მაგრამ ამ პროცესში ჩვენ დავკარგეთ ინვესტიციები, გაგვეზარდა ფასები და კლანებმა იშოვეს მილიონები საკუთარი ოჯახებისთვის.
ბოლო პერიოდის სამწუხარო რეალობა, რაც შრომით ბაზარზე არსებობს – 110 ათასი დასაქმებული ადამიანი იღებს ნაკლებს ან გაცილებით ნაკლებს სახელფასო შემოსავლის სახით, ვიდრე ქვეყანაში არის პენსია, ანუ პენსიაზე ნაკლებ შემოსავლად მუშაობს 110 ათასი ჩვენი თანამოქალაქე. ეს არის სწორედ იმის ბრალი, რომ არ გვაქვს ინვესტიციები, ექსპორტმა დაიწყო კლება, ქვეყანაში ეკონომიკა არ ვითარდება, არ ვართ დასავლეთთან ინტეგრირებული, არამედ ეს რეჟიმი ცდილობს, რომ ბოლომდე იყოს რუსეთზე და რუსეთის ბაზარზე მიბმული.
იპოთეკური სესხები ევროკავშირში არის დაახლოებით სამჯერ იაფი, ვიდრე საქართველოში და ამ პრობლემას ვერაფერი ვერ ეშველა და არც ეშველება ამ პირობებში, რადგან ბანკებში არ არის ლიკვიდურობა, ხალხს არ აქვს დანაზოგები, ბანკებს შორის არ არის კონკურენცია, არ შემოდის ახალი ინვესტიციები და ამ რეჟიმის პირობებში ეს სამწუხარო რეალობაც ვერ იქნება შეცვლილი“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.