აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა, კიმბერლი ჩიტლიმ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა საიდუმლო სამსახურის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩავარდნა იყო ათწლეულების განმავლობაში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ჩიტლის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა მსგავსი მომავალში აღარ განმეორდეს.
„მე ვამაყობ იმ ქმედებებით, რომელიც განხორციელდა ყოფილი პრეზიდენტის დაცვისა და სნაიპერთა ჯგუფის მიერ, რომლებმაც გაანეიტრალეს შეიარაღებული პირი“, - აღნიშნა საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა.
დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა 13 ივლისს, პენსილვანიაში, ქალაქ ბატლერში მოხდა. ტრამპს რამდენჯერმე ესროლეს, ერთმა ტყვია პოლიტიკოს ყურში მოხვდა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე, ორი კი დაიჭრა. 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსი, რომელმაც ტრამპს ესროლა, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სნაიპერმა მოკლა.