კამალა ჰარისი შეძლებს თავის არსებულ რეიტინგს კიდევ ბევრი დაუმატოს, თუმცა რამდენად საკმარისი იქნება ეს, რომ გადაწონოს ტრამპი, ამას ვერ ვიტყვი, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა რომან კაკულიამ „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა.
„კამალა ჰარისი საკმაოდ საინტერესო ქალბატონია და ის მომავალ დებატებში ალბათ უფრო დამაჯერებლად შეძლებს, რომ გამოიყურებოდეს. ეს შედარებითობა ძალიან სწევს და ცვლის ხოლმე დამოკიდებულებებს. ასე რომ არ ვიტყოდი, რომ აშშ-ს არჩევნებში გადაწყვეტილადაა ყველაფერი. დემოკრატები ძალიან ბევრ რამეს ჩადებენ ამ არჩევნებში და ამ ქალბატონის 38 %, რომელიც მას სიჩუმის გამო ჰქონდა, ჩემი აზრით, ძალიან გაიზრდება და ბრძოლა კიდევ წინ არის. თუმცა ტრამპის სასარგებლოდაც ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს“, - აღნიშნა კაკულიამ.
მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ დემოკრატებს ზოგადად საკმაოდ დიდი ელექტორატი ჰყავს.
„ის ღირებულებათა სისტემა, რომელიც დემოკრატების უკან დგას, საკმაოდ დიდი რაოდენობაა ადამიანების. პიროვნულ დამოკიდებულებებსაც ხომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს?! კი, მისი ბიოგრაფია ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ ბაიდენი ნამდვილად იყო ასაკის ზემოქმედების ქევშ. როდესაც ქალბატონები ახერხებენ კონცენტრირება მოახდინონ რაღაც საკითხებზე, უფრო მეტად ფასდება ხოლმე. კამალა ჰარისი, ჩემი აზრით, რაც მისი განათლება და რაღაცები ვიცი, შეძლებს თავის არსებულ რეიტინგს დაუმატოს კიდევ. რამდენად საკმარისი იქნება ეს, რომ გადაწონოს ტრამპი, ამას ვერ ვიტყვი, თუმცა, ბრძოლა წინ არის“, - აღნიშნა კაკულიამ.