ვინ ლობირებს ახალ ხელისუფლებაში უცხოეთიდან შემოსულ გრანტებს?

ვინ ლობირებს ახალ ხელისუფლებაში უცხოეთიდან შემოსულ გრანტებს?

'ალიასთვის' ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში საუბარი დაიწყო კომისიის შექმნაზე, რომელიც სხვადასხვა 'ენჯეოებისთვის' უცხოეთიდან გამოყოფილი გრანტების მიზნობრიობას შეისწავლის. დეპუტატები ჩვენთან პირად საუბარში ამბობენ, რომ კომისიის შექმნის იდეა კი არსებობს, ეჭვობენ, რომ კომისიის შექმნას ხელს შეუშლიან პარლამენტში მყოფი ის გავლენიანი დეპუტატები, რომლებიც წლების მანძილზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ასოცირდებოდნენ. რატომ არის საჭირო ასეთი კომისიის შექმნა?


ალბათ, გახსოვთ, ამ ზაფხულს 'ელგებეტე' ორგანიზაციების მიერ მოწყობილი აქცია, რასაც ეკლესიის მიმართ აგრესია მოჰყვა და ორი სასულიერო პირი დაპატიმრებას, ალბათ, იმიტომ გადაურჩა, რომ მართლმადიდებელი მრევლის აგრესიის შეეშინდათ. იმ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია 'იდენტობა', რომლებსაც 'ალიასთვის' არ დაუმალავთ, რომ 2013-2014 წლებისთვის 5 მიზნობრივი გრანტი მიიღეს. 

აი, ეს გრანტები და დანიშნულებაც, რომელთაგან ნაწილი უკვე ხორციელდება:
1. '4 ნაბიჯი 'ლგბტ' ადამიანებისთვის' - ბიუჯეტი 28.055 კანადური დოლარი, მხარდამჭერი: კანადის ფონდი. პროექტის მიზანი: 'ლგბტ' ადამიანების საზოგადოებრივი ინტეგრაციის ხელშეწყობა თემის გაძლიერებითა და პოლიტიკის დონეზე მუშაობით.

2. 'ლგბტ ადამიანების ადვოკატირება' - ბიუჯეტი: 100 000 ევრო. დონორი: ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში. პროექტის მიზანია: 'იდენტობის' საადვოკაციო კამპანიის გაძლიერება კვლევით, მედიაკამპანიითა და საგანმანათლებლო საქმიანობით.

3. 'ლგბტ' მგრძნობელობის ამაღლება სტუდენტებში' - დონორი აშშ საელჩო, ბიუჯეტი: 20 000 დოლარი, პროექტის მიზანი: იმ სტუდენტებში, რომელთა პროფესიაც მოიცავს 'ლგბტ' ადამიანებთან ურთიერთობას, 'ლგბტ' საკითხებში ცოდნის დონისა და მგრძნობელობის ამაღლებას.

4. 'ტრანსგენდერთა სქესის სამართლებრივი აღიარება' - გამოყოფილია: 20 000 აშშ. დოლარი, რომელიც დაიხარჯება ჰომოსექსუალობის საკითხებზე ღიად 'ლგბტ' ადამიანების ლექციებზე, სექსუალობის ზოგად კურსებზე და ა.შ.

5. 2012 წელს საქართველოში ჰომოფობიის შესამცირებლად და საზოგადოებაში ტოლერანტულობისა და განსხვავებულობისადმი მიმღებლობის ასამაღლებლად კიდევ ერთ პროექტს განახორციელებს. სამუშაოს აქტივობები ამჯერად ქართული ფონდის, 'ღია საზოგადოება საქართველოს' მიერ ფინანსდება და მისი ბიუჯეტი 20 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს.
როგორც ორგანიზაცია 'იდენტობის' წარმომადგენელმა, ირაკლი ვაჭარაძემ 'ალიას' განუცხადა, 'არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტების შესახებ ინფორმაციების მოგროვება ჰგავს პუტინის კანონს 'უცხო ქვეყნის აგენტების' შესახებ. 'იდენტობა' ბიუჯეტის ოდენობას, პროექტის მიზნებს და პროექტის სხვა დეტალებს პირველივე დღიდან აქვეყნებს, ამიტომ გაუგებარია, როცა დონორები აუდიტს ატარებენ, ასევე ყველა ჰონორარის გადარიცხვა საგადასახადოს მეშვეობით ხდება, რისი გარკვევა უნდა ვინმეს?' 
თითქოს ამ გრანტებში საშიში და საგანგაშო არაფერია, მაგრამ, ალბათ, არც აქციამდელ გრანტებში იქნებოდა ის 'მიზნობრიობა', რასაც ამ ზაფხულში დაპირისპირება მოჰყვა. მაგრამ ნახეთ, რა წერია მე-4 ჩამონათვალში: 'ტრანსგენდერთა სქესის სამართლებრივი აღიარება'. ეს რომ ქართულ ტრადიციებსა და ფასეულობებს პირდაპირ ურტყამს, ხომ ცხადია და ახლა, ეს ორგანიზაცია, რომ ტრანსგენდერების სამართლებრივი აღიარების მოთხოვნით გამოვიდეს, ვინმე იძლევა გარანტიას, რომ იმაზე უარესი არ მოხდება, რაც ამ ზაფხულს? 
სწორედ ამიტომაა საჭირო კომისია, რომ გრანტების მიზნობრიობა დეტალურად გაანალიზდეს და საფრთხის შემცველი გრანტები გაიცხრილოს.

'ალია' კომენტარისთვის დაუკავშირდა 'ქართული დასის' ლიდერს, ჯონდი ბაღათურიას, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ პოლიტიკოსებს შორის, რომელიც 'ელგებეტე' აქციას აპროტესტებდა:

- ბატონო ჯონდი, საზღვარგარეთიდან კვლავ სოლიდურად შემოედინება გრანტები, რომელთა ძირითადი ფუნქცია ქართული ტრადიციების წინააღმდეგაა მიმართული. არ დადგა დრო, რამე დამცავ მექანიზმებზე იფიქროს ხელისუფლებამ?
- პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ოპოზიციის ნაწილი, რომლებმაც დღეს თბილი სავარძლები იპოვეს პარლამენტში, ჟონგლიორობდა პატრიოტული, კონსერვატიული და ეროვნული თემებით და აღმოჩნდა, რომ ეს თემა მათთვის მესამეხარისხოვანი ყოფილა და ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვხედავთ, რომ მათი პოზიციები დიამეტრალურად ერთი პოლუსიდან მეორე პოლუსისკენ გადაიხარა. ზოგიერთმა 'ნაციონალებსაც' კი გაასწრო.

- როცა ვსაუბრობდით იმაზე, რომ 'ნაციონალები' ებრძოდნენ ქართულ ტრადიციებს და სარწმუნოებას, ახლა რა გამოვიდა, რომ ეს პროცესი შეუქცევადია და ამ 'ენჯეოებმა' ახალი მფარველები მოძებნეს ახალ ხელისუფლებაში?
- ნუ დავაბრალებთ სხვას ჩვენს პრობლემებს, ქართველს არავინ ისე არ ებრძვის, როგორც ქართველი. უახლეს ისტორიაში თუკი რამე მომხდარა საზიანო, პირველ რიგში, ქართველის ხელით გაკეთებულ, ამიტომ ჩვენს მოღალატეებს უნდა ვებრძოლოთ. შემოედინება გრანტები უხვად, რომელსაც ქართველი იღებს და უკეთური საქმის გამო იყენებს, აკეთებს ანტიქართულ საქმეს.

- თვლით, თუ არა, რომ საჭიროა, შეიქმნას კომისია, რომელიც მკაცრად გააკონტროლებს გრანტების მიზნობრიობას, რომ ანტიქართული საქმეები არ დაფინანსდეს? 
- ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. ის, რომ გრანტები გამჭვირვალე უნდა იყოს, ეს პირველ რიგში უნდა გაირკვეს. როცა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გამოდის და საზოგადოებაში პოულობს დასაყრდენს, მის შესახებ საზოგადოებამ უნდა იცოდეს. თუ ინიციატივა იმის შესახებ, რომ შეიქმნას კომისია, რომელიც ერთგვარად გაცხრილავს ამ გრანტებს, წარმატება ექნება, შესუსტდება კიდეც იმ ადამიანების გავლენა, რომლებიც მოტივირებულნი არიან, რომ მოიძიონ გრანტები სწორედ ეროვნულობის ძირგამომთხრელი საქმიანობის წარმართვისთვის საკუთარი კეთილდღეობის გამო. უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციაა და ქართულ საზოგადოებას სწორი წარმოდგენა უნდა ჩამოუყალიბდეს იმის შესახებ, ვინ არიან ეს ძალები.

- წეღან გკითხეთ, ახალი მფარველები ხომ არ მოძებნეს-მეთქი და ხომ არ იცით, ახლა ვინ ლობირებს მათ?
- მე კონკრეტულ სახელებს ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი არის მთავარი ამ ყველაფერში. ჩვენი ხელისუფლება იმდენს უნდა ხვდებოდეს, რომ ყველა ქმედება, რომელიც სახელმწიფოს, მისი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმდინარეობს, ნებისმიერი ამ ქმედების გამოვლენა უნდა აღკვეთოს. ჩვენ გვყავს ასეთი ადამიანები ხელისუფლებაში, რომლებიც უხვად იკვებებოდნენ ამ გრანტებით. ყველა გრანტი სახელმწიფოებრივ საქმეს არ ხმარდება. ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს მკვეთრი პოზიცია. გრანტმა დააფინანსა ის, რომ უდანაშაულო მღვდლები გაასამართლეს? რომ არ ყოფილიყო ხელისუფლების ასეთი უპრინციპო და არაქართული პოზიცია, ხომ არავინ გაასამართლებდა ამ სასულიერო პირებს? ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და გასაგებია, რომ ვიღაცამ, რომელმაც გრანტი აიღო, გამოვიდა და ყვიროდა, მღვდლები დაიჭირეთო, მაგრამ ხელისუფლებას ჭკუა და სინდისი უნდა ჰქონდეს, რომ ეს არ გააკეთოს. უამრავი უნამუსო ადამიანია, რომელიც უსამართლობას, უკანონობას მოითხოვს იმიტომ, რომ ამ ქმედებაში მას გრანტი აქვს გამოყოფილი. ვიღაცა რომ ამას მოითხოვს, იქ ზღვარს ვერ ვადგენთ, ხომ ხედავენ, არა? გრანტის ხათრით ახლა ვიღაცები ითხოვენ ქვეყნის დაშლას საფეოდალოებად. ძალიან გაჭირდება გრანტების კონტროლი, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს მექანიზმი. ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის განცდა, რომ თუ ხელს შეუწყობს ეროვნულობის რღვევას, ეს პროცესი შეუქცევადი გახდება. მიუხედავად გრანტიყლაპიების მოთხოვნისა, არ უნდა წამოეგოს მათ შანტაჟს დასავლეთის შიშის გამო.