როგორც ცნობილი გახდა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. ამის ფონზე გადაწყვეტილება, ვინ შეიძლება წარადგინოს მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა საარჩევნო სიის პირველ ნომრად, შესაძლოა, მიღებულად ჩაითვალოს - ირაკლი კობახიძე თუ ირაკლი ღარიბაშვილი?! ანალიტიკურ წრეებში აღნიშნავენ, რომ სიის პირველი ნომერი, დიდი ალბათობით, კობახიძე იქნება და არა ღარიბაშვილი. ამასთან, ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრი საზოგადოებაში უარყოფითი რეიტინგით სარგებლოს, თუმცა აქვე დასძენენ, რომ დღეს „ქართულ ოცნებაში“ არ მოიძებნება პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც დადებითი რეიტინგი აქვს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ არსებულ ვითარებაში, მნიშვნელობა არ აქვს ვინ შეიძლება იყოს სიის პირველი ნომერი, რადგან ამას პარტიისთვის ელექტორალური მხარდაჭერა არ მოაქვს. თუმცა, ძაბირაძემ ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო სიის პირველი ნომერი შესაძლოა სწორედ ირაკლი კობახიძე იყოს.
„წესით და რიგით, საარჩევნო სიის პირველი ნომერი ირაკლი კობახიძე უნდა იყოს - ის შტაბის ხელმძღვანელია და როგორც პრემიერ-მინისტრი, ალბათ, სიის პირველი ნომერიც იქნება. მას კი აქვს უარყოფითი რეიტინგი, მაგრამ დღეს „ქართულ ოცნებაში“ არის კი ვინმე, ვისაც დადებითი რეიტინგი აქვს?! ამასთან, პირველი ნომერი ვინ იქნება, ეს ელექტორალურ მხარდაჭერას დიდად არ განსაზღვრავს. დღეს ვინმე მოიძებნება ისეთი პიროვნება, რომელსაც შეუძლია პირველი ნომერი იყოს, თან დადებითი რეიტინგი ჰქონდეს და დამატებითი ხმები მოუტანოს „ქართულ ოცნებას?“ რაღაც არ მგონია. ამიტომაც, დიდი ალბათობით, პირველი ნომერი კობახიძე იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მას უარყოფითი რეიტინგი აქვს - ასევე, გამომდინარე იქიდანაც, რომ სხვა ალტერნატივა „ქართულ ოცნებაში“ არ არის“, - თქვა ძაბირაძემ.
რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას, მისი შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ ირაკლი კობახიძის წარდგენა უფრო აძლევს ხელს, რადგან ის მეტად ხისტი პოლიტიკოსია.
„ღარიბაშვილს დადებითი რეიტინგი ჰქონდა? ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილიც ხისტი პოლიტიკოსია და კობახიძეც, მაგრამ ამ შემთხვევაში, სიხისტით კობახიძე უფრო მისაღებია „ქართული ოცნებისთვის“, ვიდრე ღარიბაშვილი - ის მკაფიო, მკვეთრი და გაწონასწორებულია, მწყობრიდან, ფაქტობრივად, არ გამოდის და ყველა ის თვისება აქვს, რაც შეიძლება სჭირდებოდეს ასეთი ტიპის პოლიტიკოსს და „ქართულ ოცნებას“. ამიტომაც, არ მგონია, რომ დიდი გადაადგილებები მოხდეს“, - გვითხრა ვახტანგ ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ რადგან თავის დროზე, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრად წარადგინეს, დიდი ალბათობით, „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერიც იქნება. ანჯაფარიძის თქმით, თავად ელოდებოდა, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი დაინიშნებოდა.
„კობახიძეს ჰყავს მოწინააღმდეგეები, ვისაც ის არ მოსწონს, მაგრამ არანაკლები რაოდენობა, თუ მეტი არა, არიან ისინი, ვისაც მოსწონს მისი მმართველობის სტილი და საერთოდაც, მისი პოლიტიკური ხელწერა. როგორც ჩანს, თუ ის იქნება სიის პირველ ნომრად შერჩეული, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით მოხდება ეს. მოგვეხსენება როგორი არჩევნებია, შესაბამისად, ალბათ, ყველა ნიუანსის გათვლა მოხდება.
სიის პირველ ნომერს დიდი მნიშვენლობა და დატვირთვა ენიჭება, რადგან ის პრემიერ-მინისტრად წარადგინეს, არ არის გამორიცხული სიის პირველი ნომერიც იყოს, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ მას ანდეს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობა. მე პირადად ველოდი, რომ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი დაინიშნებოდა“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან საუბარში.
ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად მისი არჩევის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ ეს არის პარტიის ყველა წევრის, ლიდერებისა და მათ შორის საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოზიციაც.
„რაც შეეხება საპარლამენტო სიას, დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა არის გამორჩეული ყველა წინა საპარლამენტო უმრავლესობისგან ბევრი თვალსაზრისით, მათ შორის, ეს არის კომპეტენცია. მიმაჩნია, რომ ვისაც ექნება სურვილი, მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიდან, ყველა უნდა დარჩეს ამ საპარლამენტო სიაში. ეს არის გუნდის საერთო დამოკიდებულება, გუნდის თითოეული ლიდერის. აქ იგულისხმება, რა თქმა უნდა, საპატიო თავმჯდომარე, იგულისხმება პარტიის თავმჯდომარე, აქ იგულისხმება პოლიტსაბჭოს თითოეული წევრი - ეს არის გუნდის საერთო დამოკიდებულება გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა არის გამორჩეული გუნდი, ამ გუნდის თითოეულ წევრს თუ ექნება დარჩენის შესაძლებლობა, უნდა მიეცეს ამის საშუალება“, - განაცხადა კობახიძემ.
პირადად ჩემთვის, კობახიძე ყველაზე მისაღები პოლიტიკოსია. პრემიერობამდე კი გამოირჩეოდა ზედმეტი სიხისტით, მაგრამ გაიზარდა იმის მერე, როგორც პოლიტიკოსი.