„ამერიკაში ორი სენატორი რომ ჩხუბობს, აფრიკაში ორი მილიონი კაცი წყდებაო“ - ამ სცენარით ცდილობენ ჩვენს ხორცსაკეპ მანქანაში მოქცევას“

„ამერიკაში ორი სენატორი რომ ჩხუბობს, აფრიკაში ორი მილიონი კაცი წყდებაო“ - ამ სცენარით ცდილობენ ჩვენს ხორცსაკეპ მანქანაში მოქცევას“

დონალდ ტრამპი რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი უკვე ოფიციალურად გახდა. ექსპრეზიდენტის სიტყვაში ძირითადი აქცენტები საგარეო პოლიტიკას, ეკონომიკასა და მიგრაციას ეხებოდა. ტრამპმა ყურადღება ერის ერთიანობაზე გაამახვილა და თქვა, რომ ის იქნება ყველა ამერიკელის პრეზიდენტი. შტატების 45-ე პრეზიდენტმა, ბაიდენის ადმინისტრაცია დაადანაშაულა, რომ მათ სამყარო მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დააყენეს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაპირება, რაზეც ტრამპმა ყურადღება გაამახვილა - მიგრაციის პრობლემები იყო.

ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მისი ხელმეორედ გაპრეზიდენტების შემთხვევაში ამერიკის ისტორიაში მიგრანტების დეპორტაციის უდიდეს ოპერაციას ჩაატარებს. ტრამპის განმარტებით, მასშტაბური დეპორტაცია იქნება იმაზე დიდი, ვიდრე ეს პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერის დროს განხორციელდა. 1954 წელს, ამერიკის პრეზიდენტმა შტატების ტერიტორია თითქმის მილიონ ნახევარ იმიგრანტს დაატოვებინა.

პარტიის ყრილობისთვის ემზადებიან დემოკრატებიც. შეხვედრა აგვისტოში ჩიკაგოში გაიმართება, რომელზეც ოფიციალურად დასახელდება პრეზიდენტობის კანდიდატი. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კენჭისყრას მეორე ვადით გეგმავს, თუმცა ბოლო კვირებია ერთმანეთის მიყოლებით, კანდიდატურის მოხსნას სთხოვენ დემოკრატები მოქმედ პრეზიდენტს. მათ შორის იყო წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნენსი პელოსი, სენატორი ჩაკ შუმერი და თავად ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამაც. მან პრეზიდენტს ურჩია, რომ საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს.

ჯო ბაიდენის ოჯახის წევრები საარჩევნო კამპანიიდან მის შესაძლო გასვლას განიხილავენ. აშშ-ის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიიდან მოხსნის გეგმების შესახებ დისკუსიები არა მხოლოდ საოჯახო წრეში, არამედ თეთრი სახლის მაღალჩინოსნებშიც მიმდინარეობს. თავად ჯო ბაიდენი, კანდიდატურის მოხსნას, ჯერჯერობით, არ აპირებს. პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიამ გამოაქვეყნა ახალი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ალტერნატიული საპრეზიდენტო კანდიდატის გეგმა არ არსებობს.

იზრდება თუ არა ტრამპის შანსები - ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge სოსო მანჯავიძეს ესაუბრა.

დონალდ ტრამპის მიმართ გაჩნდა მოლოდინი, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში მსოფლიო თავიდან აიცილებს მესამე მსოფლიო ომს, რომლის საფრთხე იზრდება. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს. რას უნდა ელოდოს მსოფლიო ტრამპისგან?

სოსო მანჯავიძე: რაც შეეხება ტრამპის განცხადებას, რომ თუ მოვა ხელისუფლებაში დაასრულებს რუსეთ-უკრაინის ომს - გასაგებია, რომ მას ინსტუმენტები აქვს, რომ გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს. ბიძინა ივანიშვილს ცხადია, რომ ინსტრუმენტები არ აქვს, მაგრამ ის, როგორც ჩანს, საღად აზროვნებს და თვლის, რომ ომის წარმოების რესურსები უკრაინას ერთ წელზე მეტი ნამდვილად არ აქვს და ვგულისხმობ ადამიანურ რესურსებს, გარდა იმისა, რომ ეკონომიკური რესურსებიც მთლიანად დამოკიდებულია დახმარებაზე. გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი ფსონს დებს ტრამპის გამარჯვებაზე. იცის ტრამპის პოზიცია და მისი ეს განცხადება ერთი-ერთში ემთხვევა ტრამპის პოზიციას.

დღეს, აშშ-ში ეჭვი არავის ეპარება, რომ ტრამპი გაიმარჯვებს და არა მარტო შტატებში. თუმცა, 100%-ანი პროგნოზირება შეუძლებელია, ვინაიდან დემოკრატებმა, კერძოდ ბაიდენს ყველა სპონსორმა მოსთხოვა უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე, თუმცა თავად გადაწყვეტილებას არ ცვლის...

- ამასთან ერთად, კოვიდიც დაემართა. ჩვენ გვახსოვს ბაიდენის კოვიდის ისტორიები, როდესაც აიცრა და თქვა, რომ ვინც აიცრებით, 98%-იანი გარანტიით კოვიდი არ დაგემართებათო და აგერ, მესამეჯერ დაემართა უკვე. საერთოდ, ბაიდენი კოვიდით მოვიდა და კოვიდითვე წავა. ანუ, ბაიდენი მოიყვანა კოვიდმა, ამ დიდმა ეპიდემოლოგიურ-პოლიტიკურმა მანიპულაციებმა ხელისუფლებაში და მისივე მეშვეობით აპირებს წავიდეს.

დემოკრატებს ჰყავთ 4 შესაძლო კანდიტატი - სამი სენატორი და ერთ გუბერნატორი, რომლებიც მათივე ექსპერტების განცხადებით, დიდი ალბათობით, მოუგებენ ტრამპს. ესენი არიან დემოკრატები, რომლებიც არ გამოირჩევიან სკანდალური რეპუტაციით და შემჩნეული არ არიან გიჟური იდეების ფრქვევაში. შედარებით ნაკლები კომპრომატებია მათზე. თუმცა, დემოკრატიული პარტიის წევრობა გარკვეულწილად, ნიშნავს გარკვეულ კომპრომატს, იმიტომ რომ, პარტიამ ლიდერად აირჩია ბაიდენი, რომელიც ყველამ იცოდა 4 წლის განმავლობაში, რომ არ იყო ადეკვატური და მისი მოქმედებები ანეკდოტი იყო. ვიცე-პრეზიდენტად მასზე უარესი კამალა ჰარისი აირჩია და ამდენი ხანი ატყუებდნენ ამერიკელებს და მთელს მსოფლიოს, რომ ბაიდენი ბრძენია, სანამ ქვების სროლა არ დაიწყო და მთელმა ამერიკამ არ ნახა ტრამპთან დებატებში. შემდეგ უკვე შეხვედრა შედგა დემოკრატიული პარტიის დონორებთან. ეს ხდებოდა ტრამპზე თავდასხმამდე ერთი საათით ადრე და ამიტომ, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში არ მოხვდა ეს შეხვედრა, მაგრამ აღწერენ, რომ იმ შეხვედრიდან გამოსულ სპონსორებს და დემოკრატიული პარტიის აქტივისტებს შეშლილი სახეები ჰქონდათ, ისეთი რაღაცეები ულაპარაკია დახურულ შეხვედრაზე ბაიდენს. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არის არაადეკვატური.

ახლა, მეორე მხრივ, ისინი აპირებენ დემოკრატიული პარტიის კონვენტზე ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი წამოაყენონ. ეტყობა, ეყრდნობიან ამერიკელი ამომრჩევლის იმ თვისებას, რომ უცბად შეუყვარდეთ პრეზიდენტის კანდიდატი. ზოგადად, ეს თვისება ჩვენც გვახასიათებს. ვინმე ახალი რომ გამოჩნდება, სანამ მას სათანადოდ თავს ლაფს არ დაასხამენ, როგორც მიღებულია პოლიტიკური ბრძოლის მეთოდად, მანამდე ამომრჩევლის პირველი სიყვარული აქვს და ეტყობა, ამ პირველი სიყვარულის ტალღაზე უნდათ გააპრეზიდენტონ თავისი ახალი პრეზიდენტობის კანდიდატი.

ვისით შეიძლება ბაიდენი ჩაანაცვლონ დემოკრატებმა?

- ვნახოთ. აუცილებლად შეარჩევენ ისინი ასეთ კანდიდატს, იმიტომ რომ, ბაიდენის დაყენება უკვე შეუძლებელია, თუმცა ჯო ჯიუტობს, იძახის არაო და მორჩა. არა მარტო ჯო ჯიუტობს, არამედ მისი მეუღლე ჯილიც ჯიუტობს, გაჯიუტებულია ასევე კამალაც. ასეთ კომედიაში არის მსოფლიოს ჰეგემონი სახელმწიფო და ასეთივე კომედიური სიტუაცია გვაქვს ჩვენ და ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ომი უკრაინაში, რომელიც არ ჩერდება მხოლოდ იმიტომ, რომ არ არის პოლიტიკური ნება.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დაასრულებს ყველა საერთაშორისო კრიზისს, მათ შორის ერთი ზარით რუსეთ-უკრაინის ომს...

- ერთი ზარით შეიძლება ვერ გააჩეროს, მაგრამ აშშ-ს რომ შეუძლია ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინოს იმაზე, რომ ეს ტრაგედია დასრულდეს, ფაქტია. ამერიკის არჩევნებთან არის დაკავშირებული მთელი ეს ტრაგედია. მახსენდება ერთ-ერთი სენატორის ნათქვამი - „ამერიკაში ორი სენატორი რომ ჩხუბობს, აფრიკაში ორი მილიონი კაცი წყდებაო“. ზუსტად ამ სცენარით მიმდინარეობს უკრაინის ომი და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ჩვენს ხორცსაკეპ მანქანაში მოქცევას, მაგრამ ნათქვამია, ცხვარი ცხვარიაო და თუ გაცხარდა, ცხარეაო და „ქართული ოცნებაც“ გაოჩდა და ირქინება. საბედნიეროდ, ჯერჯერობით, ამ ტრაგედიაში არ ვართ მოქცეული, თუმცა ამისკენ გაძლიერებულად მოგვიწოდებენ ისეთი პოლიტიკური მასტოდონტები და შხამიანი ჯოჯოები, როგორიც არიან ქართულ ოპოზიციაში თავმოყრილი „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ანასხლეტების სახით.

ნატოს ჯერ კიდევ მოქმედი გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ევროპა მზად უნდა იყოს უკრაინაში ათწლიანი ომისთვის. გამოდის, რომ გლობალისტების გეგმაში არ შედის ომის დასრულება, რაც გაახმოვანა სტოლტენბერგმა?

- სტოლტენბერგის განცხადება არის არასერიოზული. ათი წლის პროგნოზირება არავის არ შეუძლია. უკრაინის ომი ეს ხომ არ არის იზოლირებული მოვლენა, რომ მასზე პროგნოზი გააკეთო. ეტყობა, ეს რაღაცა მეტაფორად იხმარა, ანუ ის გააჟღერა, რაც თვითონ უნდა.

 

მერაბ.g სახელმწიფო იმიტომაა რომ მათ შორის საზღვარი აქვს და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აკონტროლოს შემოსვლა! მისი ვალდებულებაა მოსახლეობისთვის სამართლიანობის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველყოფა და როცა ემიგრანტი თავისი ენით ტრადიციებით ჩვევებით ცხოვრობს უცხო ქვეყანაში, პრობლემაა; რატომ არ აქვეყნებენ, რამდენი შესული ჩადის განაშაულს ევროპასა თუ ამერიკაში? შავკანიანები აშშ-ს მოსახლეობის 14%-ია და ჩადიან ქვეყნის დანაშაულის 52%-ს! საფრანგეთში ძალიან რომ შეწუხდნენ, კალეს მახლობლად ერთ სივრცეში დაასახლეს აფრიკიდან ჩასულები; მათ ჯერ სოფლებზე დაიწყეს თავდასხმები და ძარცვა, მერე მატარებლებზე(!)
15 წლის წინანდელი სტატისტიკით ევროპა იმაზე მეტს ხარჯავდა სახის მოვლაზე, რაც დამშეული აფრკის გამოკვებას სჭირდებოდა! თუ მართლა გული შეგტკივათ, ადგილზე დაეხმარეთ სოფლის მეურნეობის განვითარებაში, აუშენეთ საწარმოები ...
4 თვის უკან