რადგან ტერმინი „ქართული ფენომენი“ ჩვენს ლექსიკაში ხშირად გამოიყენება, ამიტომ საქართველოს ისტორიის ერთი ეპიზოდის გახსენებით ამ თემაზე საუბარს ცოტა მეტ დროს დავუთმობ.
როგორც ცნობილია, XIII-XIV საუკუნეეები ჯერ მონღოლთა შემოსევების, ხოლო შემდგომ მათი ბატონობის გამო განსაკუთრებით მძიმე პერიოდი იყო საქართველოსთვის. მონღოლებმა საქართველო სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულებად _ “დუმნებად” (ქართულად „ბევრი“) დაყვეს და თითოეულ ასეთ ერთეულს მეთაური დაუნიშნეს. XIV საუკუნის ანონიმი ქართველი ისტორიკოსის, ჟამთააღმწერლის, რომელსაც დაწერილი აქვს საქართველოს ისტორია XIII საუკუნის 10-იანი წლებიდან XIV საუკუნის 10-იან წლამდე, ასწლოვანი მატიანიდან ვგებულობთ, რომ მონღოლებმა 8 დუმნად დაყვეს საქართველო. მეშვიდე და მერვე დუმნებად დასავლეთ საქართველოს თემების ჯარი იყო გამოყოფილი, რომლის მეთაურებად ცოტნე დადიანი და რაჭის ერისთავი ყოფილან ჩაყენებულნი.
ცოტნე შერგილის ძე დადიანი დადიანთა ფეოდალური საგვარეულოს ერთ-ერთი სახელოვანი წარმომადგენელია. ცნობილია, რომ გვარსახელი „დადიანი“ ნაწარმოები უნდა იყოს საკუთარი სახელისაგან „დადი“. იმასაც ვარაუდობენ, რომ დადიანები და ვარდანისძენი ერთი საგვარეულოს ორ დამოუკიდებელ განშტოებას წარმოადგენდნენ.
ოდიშის ერისთავთ-ერისთავი და საქართველოს სამეფოს მანდატურთუხუცესი იმხანად ეგრისსა და გურიას განაგებდა, რაჭის ერისთავი კი ლიხთ-იმერეთის დანარჩენ თემებს ფლობდა. უმეფობა და ქვეყნის დუმნებად დანაწილება ძნელად შესაგუებელი იყო ქართველთათვის. ამას ემატებოდა ისიც, რომ მეფე რუსუდანის გარდაცვალების შემდგომ ქართველი მამაკაცებისათვის მონღოლთა ჯარში სამხედრო სამსახური სავალდებულო გახდა. საქართველოს მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვა მონღოლურ ლაშქრობებში მონაწილეობა. ქართველი მეომრების მუდმივად უცხოეთში ყოფნის გამო საქართველო ფიზიკურად დაუძლურდა, გარეშე მტერი კი მის დასარბევად კიდევ უფრო გათამამდა. მუდმივ ლაშქრობას ვერ უძლებდა წვრილი აზნაურობა და ყმა-მსახურნი, რომელთა უმრავლესობას ქართული ფეოდალური ჯარი შეადგენდა. მონღოლთა ბატონობის აუტანელმა სიმძიმემ ქართველ დიდებულებს აჯანყებისკენ უბიძგა. მათ გადაწყვიტეს ქუდზე კაცი გამოსულიყო და მონღოლები საქართველოდან გაეძევებინათ.
კოხტასთავის შეთქმულება, როგორც ეს ქართულ ისტორიოგრაფიაშია მიღებული, 1246 ან 1247 წელს უნდა მომხდარიყო. იგი აღწერილი აქვს ჟამთააღმწერელს, რომელიც კარგად იცნობს და ვრცლად ახასიათებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მდგომარეობას მონღოლთა დაპყრობების ეპოქაში, მას მოეპოვება, აგრეთვე, ძვირფასი ცნობები მონღოლთა ისტორიისა და ზნე-ჩვეულებათა შესახებ. ფართო საერთაშორისო ფონზე აქვს გაშლილი თხრობა საქართველოს პოლიტიკური ისტორიის შესახებაც. მისივე გადმოცემით, კოხტასთავს შეიკრიბნენ საქართველოს მთავარნი, იმერნი და ამიერნი: ეგარსლან ბაკურციხელი, ცოტნე დადიანი, ვარამ გაგელი, ყვარყვარე ჯაყელი, შოთა კუპრი, თონღაი პანკელი, თორელ გამრეკელი, სარგის თმოგველი და სხვ. ქართლელნი, ჰერ-კახნი, მესხნი და ტაოელნი. მათ დათქვეს რა აჯანყების დრო და ადგილი (შიდა ქართლი), ჯარის მოსამზადებლად თავიანთ მხარეში დაბრუნება გადაწყვიტეს.
საუბედუროდ, მონღოლებმა შეიტყვეს ამ თავყრილობის შესახებ და კრების მიმდინარეობის დროს თავს დაესხნენ კოხტასთავს.
მათ შეთქმულები დააპატიმრეს ცოტნე დადიანისა და რაჭის ერისთავის გარდა, რომლებმაც მტრის თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე დატოვეს კრება და ჯარის შესაგროვებლად თავიანთ მხარეებში გაეშურნენ. მონღოლებმა პატიმრები ანისში წაიყვანეს, სადაც მათ მკაცრი დაკითხვა მოუწყვეს.
შეპყრობილი მთავრები დაკითხვისას წინაწარ შეთანხმებულ ყალბ ამბავს იმეორებდნენ: ერთპირად პასუხობდნენ, რომ ისინი შეიკრიბნენ მონღოლებისათვის ხარკის გასაწესრიგებლად და არა განდგომისათვის.
მონღოლები არ წამოეგნენ სატყუარას, მათ სიმართლის გასარკვევად და შეთქმულთა გამოსატეხად დატყვევებულების წამება განიზრახეს:
ნოინმა ბრძანა დამნაშავეთა გაშიშვლება, გაკოჭვა და სიცხეში დასმა. ჟამთააღმწერლის დაწვრილებით აღწერას ემატება ვახუშტი ბაგრატიონის ცნობაც, თითქოს დამნაშავეებს ტანზე თაფლი წასცხეს. ასეთი ტანჯვა-წამება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ მონღოლებმა შეთქმულების გატეხვა მაინც ვერ მოახერხეს.
ამასობაში ლაშქრის შეკრების დროც დადგა. ცოტნე დადიანი ჯარითურთ რკინის ჯვარში მოვიდა. (რკინის ჯვარი იყო ფერსათის (ღადოს) მთით იმერეთიდან სამცხეში გადასავლელი გზა). აქ ცოტნე დადიანს ყველაფერი შეატყობინეს. ცოტნემ თავისი ლაშქარი უკან გაუშვა, მხოლოდ ორ კაცთან ერთად მივიდა ანისში და რა დაინახა თავისი თანამებრძოლების ტანჯვა-დამცირება, რომლებიც იყვნენ „ესრეთ უპატიოდ და სიკუდილად განწირულნი,“ ჩამოვიდა ცხენიდან, ტანთ გაიხადა, თავის მხლებლებს სთხოვა, რომ გაეკოჭათ და შეთქმულთა გვერდით დაჯდა. მონღოლებს განცვიფრებისაგან ენა ჩაუვარდათ. ცოტნეს საქციელით გაკვირვებულმა მონღოლებმა იგი ნოინთან წაიყვანეს დასაკითხად. ნოინმა ჰკითხა ცოტნეს, თუ რატომ მოიქცა ასე. პასუხად ცოტნემ მონღოლებს თავისიანების ნათქვამი, იგივე შეთხზული ამბავი მოუყვა, თან დაუმატა, რომ მოვიდა მათთან საქმის კარგად გამოსაძიებლად, რომ სიმართლის თქმა სურდა და, თუკი ქართველი მთავრები სიკვდილის ღირსნი იყვნენ, დაე, თავადაც მათთან ერთად დაესაჯათ.
მონღოლები აღფრთოვანდნენ ცოტნეს სიმამაცით. მათ დაიჯერეს მისი ნათქვამი და დაპატიმრებულები გაათავისუფლეს. შესაძლოა, ისინი დარწმუნდნენ ქართველთა ალიბის სისწორეში. ასე იყო თუ ისე, მონღოლებმა ცოტნე დადიანის ასეთი თავდადებით ქართველები გაათავისუფლეს და საქართველო დაინდეს საშინელი შურისძიებისაგან.
ისტორიიდან ეს ამბავი შემთხვევით არ გაგვიხსენებია. როდესაც ქართველთა განსაკუთრებულობაზე ვლაპარაკობთ და როგორც ქართული ფენომენი, მოგყავს ცოტნე დადიანის გმირობის მაგალითი, ასეთ დროს სულ ცოტა სხვა ხალხთა ისტორიებიც უნდა გვახსოვდეს! მათ მიერ შექმნილ კულტურის ცოდნაზე რომ არ არაფერი ვთქვათ. თავისთავად ფაქტი თავგანწირვისა: მტრის წინაშე, ნებით გამოცხადებულიყო და სასიკვდილოდ განწირული მეგობრების გვერდით დამდგარიყოს გმირი, იშვიათი მოვლენაა არათუ საქართველოს, არამედ მსოფლიო ისტორიაში, თუმცა მაგალითები და ანალოგიები სხვა ხალხებთანაც იძებნება:
ცნობილი ფაქტია, რომ 1389 წელს დანიისა და ნორვეგიის დედოფალმა მარგარეტმა ჯვაროსნული ომი გამოუცხადა მეკობრეებს და მათი ბაზები გაანადგურა. უამრავი მეკობრე შეიპყრეს და თავის მოკვეთა მიუსაჯეს. დედოფლის ბრძანებით, ყველას ჰქონდა უკანასკნელი სურვილის თქმის უფლება. ერთ–ერთმა, მათ შორის ყველაზე სასტიკმა მეკობრემ შტერტერბერკერმა ისურვა, იმდენი მეკობრე გაეთავისუფლებინათ, რამდენსაც ის თავმოკვეთილი „ჩაურბენდა“ – ამ გზით მან რამოდენიმე თანამოაზრე გადაარჩინა. მეტსაც შეძლებდა, რომ არა ჯალათი, რომელმაც თავმოკვეთილ სხეულს სარმა გამოსდო და წააქცია...
ძნელი დასაჯერებელია? მაშინ ეს დანიელებს და ნორვეგიელებს მოჰკითხეთ! მაგრამ თუ ეს ასეა გამოდის, რომ მეკობრეებსაც ჰყავდათ თავიანთი „ცოტნე დადიანი.“
ჟამთააღმწერლად წოდებული ქართველი ისტორიკოსი, რომელიც ცოტნეს თავგანწირვას აღწერს, გაცილებით უფრო მეტს გვეუბნება, ვიდრე, მისი ნაწერი. ამ თხრობაში ჩვენს გაკვირვებას მონღოლ ჯალათთა ქცევა იწვევს, რომლებიც აღტაცებაში მოიყვანა ცოტნეს ვაჟკაცობამ და ის მეგობრებთან ერთად გაათავისუფლეს. რა თქმა უნდა, გულუბრყვილობაა იფიქრო, “ქართლის ცხოვრების“ ისტორიკოსი ამ ყოველივეს მონღოლთა განსადიდებლად, ან მათი “კეთილშობილური“ სახის საჩვენებლად გვიყვებოდეს. ნათქვამია, “როცა გესმის, რომ დაჟინებით ვიღაცას აქებენ, აუცილებელია დავსვათ კითხვა: ვის წინააღმდეგაა მიმართული ეს ქება?“ და პირიქით: თუ სხვას გულმოდგინედ ლანძღავენ, ე.ი ამავდროულად ვიღაცასაც აქებენ.
ამდენად, თუ ამ ლოგიკას მივყვებით რა გამოდის: ჟამთააღმწერლის მიერ მონღოლთა “დიდსულოვნების“ ჩვენება, მათ მიერ ცოტნეს სიმამაცით აღფრთოვანება და “ქართველთა დანდობა“ არის თუ არა ამავე დროს გაკიცხვა იმ სულმოკლე ქართველისაც, რომელმაც კოხტასთავს შეთქმულება გასცა, ტანჯვითი სიკვდილისთვის გაწირა მეგობრები და ქვეყანა განსაცდელის წინაშე დააყენა? ამით ხომ არ სურს ამ უჭკვიანეს ისტორიკოსს, რომელიც ზოგისთვის, ვარძიელი ბერი უნდა იყოს, ზოგიც მას მაწყვერელად მიიჩნევს, თავად კი ჟამთააღმწერლის სახელით დაგვამახსოვრა თავი, ქვეტექსტით უთხრას სათქმელი, არათუ ამ ღალატის ჩამდენს, მის ნაშიერთ, მოლიპულ გზაზე მავალ სხვა სულმოკლე ქართველებსაც: წერა-კითხვის უცოდინარმა, ტყაპუჭებში გამოხვეულმა ველურმა მონღოლებმაც კი იციან ვაჟკაცობის ფასი და თქვენ სახარებაზე, “ქართლის ცხოვრებასა“ და “ვეფხისტყაოსანზე“ გაზრდილებს რა ღმერთი გიწყრებათ!
P.S. საქართველომ გზაჯვარედინზე ცხოვრების მიუხედავად შექმნა ათას ქარტეხილგამოვლილი, მრავალსაუკუნოვანი და დამოუკიდებელი ქართული ცივილიზაცია, რომელიც როგორც არ უნდა დაუჯერებლად ჩანდეს, უკანასკნელმა ორმა ათეულმა წელმა, მისი შენარჩუნება ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მიიყვანა. შესაბამისად დრომ და ისტორიამ ქართული საზოგადოებაც დიდი არჩევნის წინაშე დააყენა. ამ მხრივ, სწორედ ჩვენი დამოკიდებულება პრობლემისადმი გახდა არანაკლებ დასაფიქრებელიც.
დღეს, როცა ოთხივე კუთხით გაიხსნა კარები და საინფორმაციო საშუალებათა მეშვეობით გაჩნდა შესაძლებლობა დაუბრკოლებლივ შემოდიოდეს ისეთი “კულტურის ნიმუშები,“ რომელთაც ერთვის ცხოვრების ამა თუ იმ წესის აშკარა თუ ფარული პროპაგანდა, გაჩნდა რეალური საფრთხე ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის დაკარგვის.
ამიტომ, საჭიროა სახელმწიფო პოლიტიკის ისევე შემუშავება, როგორც ეს თავის დროზე გააკეთა ებრაელმა ხალხმა, როდესაც გასული საუკუნის 50-იან წლებში ისრაელის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, დიდმა პატრიოტმა ქვეყნისა დავიდ ბენ-გურიონმა, მთელი მსოფლიოს ებრაელ სწავლულებსა და რელიგიურ ლიდერებს სთხოვა, აზრი გამოეთქვათ კითხვაზე „მიჰუ იეჰუდი?“ (ვინ არის ებრაელი?).
ეს საკითხი, რა თქმა უნდა, მყისიერად ვერ გადაიჭრებოდა, მაგრამ მასზე დღემდე რომ ფიქრობს ებრაელი ხალხი, ეს ყოველივე თუნდაც იმ როლითა და ადგილითაც განისაზღვრება, რომელიც დღეს ისრაელს უკავია არათუ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში.
იქნებ დადგა დრო ჩვენთვისაც, რომ გაირკვეს თუ ტრადიციულად რა ფასეულობებზე დგას ჩვენი ქვეყანა და რისი დაცვა გვევალება. თუ ვაცნობიერებთ და ვთანხმდებით, რომ გლობალიზაცია არ ეფუძნება საყოველთაოდ აღიარებულ ფასეულობებს, მაშინ მოგვიწევს დავსვათ კითხვა, რათა გამოვთქვათ აზრი - რა ხდის ქართველს ქართველად? ეს საკითხი, რა თქმა უნდა, მყისიერად ვერ გადაიჭრება, ისიც ცხადია, რომ ამ კითხვაზე ცალ-ცალკე პასუხს ვერ გაგვცემს ვერც პოლიტიკური პარტიები და ვერც ხელოვნების ცალკეულ დარგებში მომუშავე სპეციალისტები. აქ უნდა წარმოჩინდეს ქართული კულტურა კომპლექსურად, სხვა კულტურებთან მიმართებით, როგორც საზოგადოებრივი მექანიზმის სისტემა, კულტურა, რომელიც ქმნის ღირებულებებს და აყალიბებს ერის სახეს. რადგანაც არსებობს აკადემიური, მეცნიერული მეთოდები მისი განსაზღვრის, ამდენად, ეს მეცნიერული კვლევა-ძიების საგანია, თუმცა ამასთანავე საზოგადოების წინაშე სამსჯავროდ გამოსატანი თემები.
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ასეთი მნიშვნელობის კვლევები დააფინანსონ იმ გრანტისგამცემმა ორგანიზაციებმა, რომელთაც სიტყვა „ქართულის“ გაგონებაზე ტანში ჟრუანტელი უვლით. ვისურვებდი, ეს ეროვნული საქმე იტვირთოს და ზრუნვის საგნად აქციოს ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელსაც ერის შვილად მიაჩნია თავი, სამშობლოს ისტორიას განიცდის როგორც თავის სულიერ თავგადასავალს, ეძვირფასება ყველაფერი, რაც ქართველი ხალხის კეთილდღეობასთან არის დაკავშირებული.