რა ხდება აფხაზეთში და არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ სამოქალაქო უკმაყოფილება, რომელიც მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით არსებობს, საყოველთაო გამოსვლებსა და დაპირიპირებაში გადაიზარდოს? როგორც ცნობილი ხდება, 18 ივლისს სოხუმში „აპარტამენტების შესახებ“ კანონი მეორე სესიაზე გაიტანეს, ხოლო კომიტეტის წევრების კენჭისყრის შედეგების საფუძველზე, კანონპროექტი განსახილველად პარლამენტის შემდეგ სესიაზე წარსდგება.
თვითგამოცხადებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა მხარი დაუჭირა აფხაზეთის აღმოსავლეთში აპარტამენტების თაობაზე კანონპროექტს, რომლის განხილვაც დოკუმენტის მოწინააღმდეგეთა მასობრივი აქციების ფონზე მიმდინარეობდა.
საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილები მოითხოვდნენ დეპუტატებისგან, რომ გამოსულიყვნენ ხალხის წინაშე, რაც კანონმდებლებმა უგულებელყვეს.
შეხვედრას ესწრებოდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია. მისი თქმით, ქვეყანაში 140 ათასი შრომისუნარიანი მოქალაქეა. მათგან 42 ათასი ოფიციალურად არის დასაქმებული, 30 ათასი - თვითდასაქმებული, ხოლო 65 ათასი უმუშევარია. ბჟანიას თქმით, გლობალური პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელია ეკონომიკის განვითარება.
მიუხედავად მოსახლეობის პორტესტისა, კანონი მოერე სესიაზე მაინც გაიტანეს. ამის შემდეგ კი ასლან ბჟანია მოსკოვში გაემგზავრა. აფხაზურ ტელეგრამ-არხებში წერენ, რომ გუშინ დე ფაქტო პარლამენტის სხდომაზე ე.წ. აპარტამენტების კანონის მიღების შემდეგ, ის ანგარიშის ჩასაბარებლად პუტინთან წავიდა. რა პასუხით დაბრუნდება ბჟანია უკან ჯერ, უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ბჟანია კრემლს დიდი ხანია ყელში ჰყავს გაჩხერილი, ამიტომ არ არის გამორიცხული, ამ დაპირისპირებამ მისი სკამი საბოლოოდ შეიწიროს.
„ეხო კავკაზას“ ცნობით, 17 ივლისს დე ფაქტო პარლამენტის წინ მოხდა რამდენიმე შეტაკება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის.
„აფხაზი ხალხის გარეშე დღეს ცდილობენ მიიღონ კანონი, რომელიც აფხაზეთის სახელმწიფოს დანგრევისკენ არის მიმართული“, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ლეონიდ ჩამაგუამ ადგილობრივი ტელეგრამის არხებთან საუბარში.
კანონის მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ აპარტამენტის თაობაზე მომზადებული ნორმა არასაცხოვრებელი ფართების შეძენის შემთხვევაში, მათ აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების უფლებასაც მისცემს, რასაც დე ფაქტო ხელისუფლება უარყოფს.
„ეხო კავკაზას“ ცნობით, სოხუმში სიტუაცია დაძაბულია და არავინ იცის მოვლენები როგორ განვითარდება.
კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან მიიჩნევს, რომ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა სპეციალურად შეარჩია ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონები, რათა აფხაზები დაარწმუნოს, რომ ვითომ მშენებლობა დასახლებულ ადგილებში მიდის და აფხაზებს არავინ შეეხება. კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ სპეციალურად არის ქართველების ტერიტორიები შერჩეული, ვითომ აფხაზების მხრიდან პროტესტი ამას ნაკლებად მოჰყვეს, თუმცა შეცდნენ.
„როგორც ცნობილია, დოკუმენტი ითვალისწინებს ამ ტერიტორიებზე აპარტამენტებისა და აპარტ-ოტელების მშენებლობას. შეხვედრაში მონაწილეობდა ე.წ პრეზიდენტი ასლან ბჟანიაც. კომიტეტის გადაწყვეტილებით, კანონპროექტს განსახილველად მორიგ საპარლამენტო სესიაზე გაიტანენ და მგონია, როცა დროს იხელთებენ, მას საბოლოოდ მიიღებენ. აქ სიტუაცია უკვე იმდენად რთულად არის, რომ შესაძლოა, დილით გამთენიისას მიიღონ უცბად, ან თუნდაც დაელოდონ სიტუაციის ჩაცხრობას და შემდეგ უპრობლემოდ გაიფორმონ ეს ტერიტორიები. საქმე იმაშია, რომ აფხაზები ძალიან კარგად ათვიცნობიერებენ, რაც ხდება, რეალურად, რა საფრთხის წინაშე დგანან. რუსები უკვე ხმამაღლა საუბრობენ, რომ აფხაზების არაფერი ვალი არ აქვთ და მათი დახმარებით, შენახვით დაიღალნენ. რუსები მათ მუქთამჭამელებს ეძახიან და სვამენ კითხვას - ბოლოს და ბოლოს, რამის უფლება აფხაზეთში აქვთ თუ არა? ეს დაპირისპირება უკვე თვალში საცემი გახდა. გიდების თემაზეც იყო ლაპარაკი, რომ რუსებს გიდებად აფხაზები არ ამუშავებენ. ამის გამო იყო დაპირისპირება. ამიტომ რუსები მიიჩნევენ, რომ აფხაზების ამდენხნიანი დახმარების შემდეგ, მათ ეს დაიმსახურეს და სანაცვლოდ ითხოვენ რაღაცებს. ამიტომ სიტუაცია კიდევ უფრო შეიძლება დაიძაბოს, თუმცა სადამდე მივა, რთული სათქმელია“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
რაც შეეხება ბჟანიას, კონფლიქტოლოგი მბობს, რომ კრემლში ალბათ, მას ყურს აუწევენ და დატუქსავენ. ის კი თავის მხრივ მარტში დაგეგმილი არჩევნების გამო მისცემს პირობას, რომ ამ კანონპროექტს გაიტანს.
„ბჟანია დიდი ხანია კრემლში თვალში ეჩხირებათ. მან ვერ გამოიჩინა ის სიმკაცრე და პრინციპულობა, რაც რუსებს სურთ. რუსების აზრით, ბჟანია ვერ ეწინააღმდეგება მოსახლეობას და ამიტომ ის თვალში ამოიღეს. მიუხედავად ამისა, ბჟანია მაქსიმუმს ეცდება, რომ კრემლის გული მოიგოს. ამიტომ ეს გამოსვლები და ამბები, არ მგონია, დიდი ხით გაგრძელდეს. ვნახოთ, თუკი ბჟანია ვერ შეასრულებს ამ დავალებებს, მასაც თავიდან მოიშორებენ“,-ამბობს კონფლიქტოლოგი.
კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე კი ამბობს, რომ სიტუაცია შესაძლოა, კიდევ უფრო დაიძაბოს. არეშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. პარლამენტის სპიკერი აშუბა მოქალაქეებს შეხვდა და უთხრა, რომ საპარლამენტო განხილვა საზოგადოების ჩართულობით მოხდება, რუსები უკან არ დაიხევენ.
„ეს სიტუაციას არ შეცვლის, რადგან მოსკოვის პოზიცია მყარია. კრემლი ამ ნაბიჯის გადადგმას ბჟანიას ე.წ. ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ ითხოვს. ის, რომ ბჟანიამ ვითომ მოიფიქრა ესეთი ეშმაკური სვლა, რომ ეს ეხება მხოლოდ ქართველებით დასახლებულ ტერიტორიას, ეს თვალთმაქცობაა. ამით არაფერი შეიცვლება, რადგან კანონი, რომელსაც ახლა ე.წ. ხელისუფლება რუსი ინვესტორებისთვის სასათბურე პირობების შესაქმნელად იღებს, ზუსტად იქიდან დაიწყო, როცა ეს ერთი ინვესტორისთვის გააკეთეს. მოკლედ, რუსებს ასეთი ტაქტიკა აქვთ, ჯერ ერთ ნაბიჯს გადაგადგმევინებენ, შემდეგ კი დანარჩენს მოგთხოვენ, თანაც კატეგორიულად.
რუსებს ამ წლების განმავლობაში აფხაზების ამ პოზაში ყოფნა მობეზრდათ. ისინი ამბობენ, რომ აფხაზებს, როგორც მეწველი ძროხა ისე წარმოუდგენიათ, მათ კი მოთმინების ფიალა აევსოთ. ბჟანიას ე.წ. ხელისფლება რომ განწირულია, ამაში ეჭვი არ მეპარება. აფხაზურ საზოგადოებას მიწების შენარჩუნების პარალელურად, ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლების დისკრედიტაციის მოხდენა უნდა. სხვათა შორის ბჟანიას პოლიტიკურმა გუნდმა ხაჯინბა სწორედ ამ ლოზუნგით დაამხო, რომ ისინი აფხაზეთის მიწებს ჰყიდიდნენ. ახლა იგივე მას ემუქრება“, - ამბობს არეშიძე.
მისივე თქმით, ბჟანიას ფული უყვარს, მაგრამ სიტუაციას აფხაზეთში ვერ აკონტროლებს. ცხოვრება მოიწყო, ამას კი აფხაზები მშვენივრად ხედავენ. კონფლიქტოლოგი აცხადებს, რომ ბჟანიასაც უკვე ისეთი მიდგომა აქვს, რომ თუ მოხსნიან, დარდიც აღარ აქვს, ფული იშოვა და ცხოვრებაც მშვენივარდ მოიწყო.
„მოსკოვში ხედავენ, რომ ბჟანია ძლიერი ფიგურა არაა და აფხაზეთში პატივს არავინ არ სცემს. მეორეც - ის კრემლის მოთხოვნების შესაბამისად ვერ მოქმედებს. აფხაზები წინააღმდეგობის გაწევას ვერ შეძლებენ. ნელ-ნელა იმ მოთხოვნების გატარება მოხდება, რომელსაც რუსები მათგან ითხოვენ. როგორ უნდა შეცვალონ რამე, როცა სიტუაცია აქამდე თავად მიიყვანეს. ერთი ქუჩის აქციები აქვთ და ადრე თუ გვიან, ესეც შენელდება, კრემლი ამ მუხტის ჩაქრობასაც მოახერხებს. თანაც ბოლომდე ვერ ბედავენ აფხაზები, რომ ყველაფერი რუსებს დააბრალონ და მათთან რევერანსებში არიან“, - ამბობს კონფლიქტოლოგი.