ჩემი შემდგომი წერილები პიტერ აკერმანს და ზოგადად რევოლუციების თემას შეეხება, გავიგებთ ვინ არის აკერმანი, რა როლი მიუძღვის მას ფერად რევოლუციებში, რა მოუტანა რევოლუციებმა სახელმწიფოებს და ა.შ.
2023 წლის 26 აპრილს გარდაიცვალა საქართველოში სკანდალურად ცნობილი პიტერ აკერმანი. ამასთან დაკავშირებით TV „მთავარზე“ გამოქვეყნებული IREX-ის ინფორმაციიდან შეიტყობთ რომ: „პიტერ აკერმანი იყო შეუდარებელი სიმტკიცის და მორალური სიცხადის კაცი, რომელიც გამოირჩეოდა მსოფლიოში უსამართლობისა და ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლის ძლიერი ხედვით... მისი შთაგონების წყარო მაღალი იდეები გახლდათ...სხვებთან ურთიერთობაში, ის გახლდათ ძალიან კეთილი, გულუხვი და გულღია...“
აკერმანის სახელს დღესაც ხშირად გაიგონებთ, ამიტომ მოდი, გადამოწმებად ფაქტებსა და საჯარო წყაროებზე დაყრდნობით ვნახოთ, როგორია რეალობა: 1973 წელს პიტერ აკერმანი შეუერთდა საინვესტიციო ბანკს Drexel Burnham Lambert. 1978-1990 წლებში იგი ამ კომპანიის დირექტორი იყო კაპიტალის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით, ვიდრე კომპანიამ არ განაცხადა გაკოტრების შესახებ. აკერმანმა ამ კომპანიაში 300 მილიონი დოლარი გამოიმუშავა მაიკლ მილკენთან ერთად საქმიანობის წყალობით, რომელსაც ე.წ. „ნაგავი ობლიგაციების მეფედ“ იცნობენ (ლიკვიდაციისთვის წინასწარ გამიზნული კომპანიების იაფიანი ობლიგაციების მასობრივი გაყიდვები).
1988 წელს აკერმანმა უოლ-სტრიტის ისტორიაში სიდიდით მეორე ხელფასი - 165 მილიონი დოლარი - აიღო. როდესაც Drexel-ის მიმართ გამოძიება დაიწყო, აკერმანმა საჯაროდ დაგმო მილკენთან კომპანიის თანამშრომლობა, შემდგომში კი აანაზღაურა 73 მილიონი დოლარი სამოქალაქო საქმეზე, რომელიც მის წინააღმდეგ აღძრა Resolution Trust Corporation-მა და დეპოზიტების დაზღვევის ფედერალურმა კორპორაციამ, ამიტომ სისხლის სამართლის დევნამდე საქმე აღარ მისულა.
Drexel-დან წასვლის შემდეგ აკერმანმა კიდევ რამდენიმე სხვა კომპანია დააფუძნა, მათ შორის Safari Acquisition. მისი ძირითადი საინვესტიციო ფირმები იყო Rockport Capital Inc. და Crown Capital. 2003 წელს აკერმანმა სასამართლოში უჩივლა კალიფორნიის საგადასახადო საბჭოს მოთხოვნით, დაებრუნებინათ მისთვის ადრე გადახდილი 5 მილიონი დოლარის გადასახადები. აპელაციაში მან ეს საქმე წააგო. 2005 წელს კალიფორნიის საკანონმდებლო ორგანოში შეტანილი იქნა კანონპროექტი, რომელიც, როგორც სენატის შემოსავლებისა და დაბეგვრის კომიტეტმა აღნიშნა, გამიზნული იყო მხოლოდ აკერმანის პირადი სარგებლისათვის და შეიძლება შტატი 5 მილიონი დოლარით ეზარალებინა.
იმავე წელს აშშ-ს საგადასახადო სასამართლომ დაადგინა, რომ აკერმანი იყო 1,7 მილიარდი დოლარის მოცულობის უკანონო საგადასახადო საშეღავათო სქემის ორგანიზების მონაწილე, IRS-ს (https://www.irs.gov/about-irs) ინფორმაციით მან თავი აარიდა გადასახადების გადახდას 150 მილიონი დოლარის ოდენობით. ეს საქმე 2011 წლის ივნისში დარეგულირდა. სასამართლოს 2009 წლის კიდევ ერთი დადგენილების მიხედვით აკერმანის დავალიანება დამატებით იყო კიდევ 2,6 მილიონი დოლარი. ასეთია „შეუდარებელი მორალური სიცხადის, მაღალი იდეებისა და ძალიან კეთილი და გულუხვი“ აკერმანის რეალური პორტრეტი.
International Centeron Nonviolent Conflict (ICNC) - არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრი, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ასევე პიტერ აკერმანი იყო ჯეკ დიუვალთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნებში გადატრიალებების მომზადებაში. არც ჯეკ დიუვალია საკვირაო სკოლის მასწავლებელი, ის სამხედრო საჰაერო ძალების ოფიცერი იყო, ხოლო ორგანიზაციის ვიცე-თავმჯდომარე ბერელ როდალი - კანადის თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკური განყოფილების ყოფილი დირექტორი გახლავთ.
ასევე არ გავს შემთხვევითობას, რომ ერთ-ერთი უმსხვილესი ლობისტური ორგანიზაციის (International Crisis Group, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ჯორჯ სოროსთან) დირექტორთა საბჭოში საქმიანობდა პიტერ აკერმანის ცოლი ჯოან ლიდომ-აკერმანი, ჟურნალისტების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი (ხსენებული ცენტრი ფინანსდება NED-ის, კოკა-კოლას, ბოინგის მიერ).
აკერმანს ეკუთვნის მოსაზრება, რომშესაძლოა ახალგაზრდული მოძრაობები უფრო ეფექტური აღმოჩნდეს არასასურველი მთავრობების მოსაშორებლად, ვიდრე ამერიკის სამხედრო ძლიერება, თუმცა „ახალგაზრდული ბუნტების“ თეორიას საფუძვლები აკერმანამდე ჩაეყარა - 1967 წელს ტავისტოკის ინსტიტუტში - ფსიქოლოგიური ექსპერიმენტების ერთ-ერთ მთავარ ცენტრში ხდებოდა „ბობოქარი ახალგაზრდობის“, როგორც სახელმწიფოს განადგურებისა და მთავრობების ცვლილების ინსტრუმენტის გამოყენების ეფექტების შესწავლა. ამ დაწესებულების მაშინდელი დირექტორი და „ჰიპნოზური ეფექტების“ ექსპერტი ფრედ ემერი წერდა, რომ „მოზარდების მოღრიალე ბრბო“ შესაძლებელია გამოყენებული იქნას ნაციონალური სახელმწიფოების გასანადგურებლად.
ეს იდეა მალევე იქნა გამოყენებული 1968 მაისში, საფრანგეთის პრეზიდენტის, შარლ დე გოლის ჩამოსაგდებად, რომელიც ამერიკაში თვალში აღარ მოსდიოდათ NATO-ს სამხედრო ორგანიზაციიდან საფრანგეთის გამოსვლის და ზოგადად, დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებისკენ სწრაფვის გამო. რადიკალური სტუდენტების გამოსვლებით დაწყებული სოციალური კრიზისი მალევე გადაიზარდა დემონსტრაციებში, მასობრივ არეულობებში. ეს მოვლენები ისტორიაში „წითელი მაისის“ სახელწოდებით შევიდა.
2019 წლის მაისში NED-ის ორი თანამშრომელი: ჯოზეფ ბელი და სპასკა გატზინსკა შეხვდნენ ყირგიზული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. შეხვედრაზე საუბრების გაჟონილი ჩანაწერებიდან გაირკვა, რომ განიხილებოდა არასამთავრობოების ბაზაზე ოპოზიციური კოალიციის შექმნა, ხელისუფლების დამხობა და პორტფელების გადანაწილება მომავალ მთავრობაში. შეხვედრიდან რამდენიმე თვეში დაიწყო ატამბაევის მომხრეთა შეტაკებები სამართალდამცავებთან, რის შემდეგაც ატამბაევი დააკავეს. ამასთან, ატამბაევს მხარი დაუჭირეს მაისის შეხვედრის მონაწილეებმაც, თუმცა მანამდე ისინი მასთან კონფლიქტში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი რავშან ჟეენბეკოვი (ექსპრეზიდენტის მოგვარე) დააკავეს კიდეც, როგორც არეულობების ორგანიზატორი: ჯოზეფ ბელთან საუბრის ჩანაწერებში იგი ხელისუფლების დამხობის შემდეგ პრემიერის პოსტს ითხოვს. აღსანიშნავია, რომ რავშან ჟეენბეკოვი 1997 წლიდან იყო შემჩნეული კონტაქტებში აშშ-ს სპეცსამსახურებთან, მონაწილეობდა 2014, 2016 და 2019 წლებში ბიშკეკში ორგანიზებულ არეულობებში და ევრომაიდანში უკრაინაში.
2019 წლის ოქტომბერში USAID-მა უზარმაზარი გრანტი - 1,2 მილიონი დოლარი გადასცა არასამთავრობო ორგანიზაციას „საერთო საქმე“, რომელიც აქამდე მსხვილ პროექტებში არასოდეს მონაწილეობდა, თუმცა მისი ხელმძღვანელი აიდა სუიუნდუევა მანამდე მუშაობდა ედლის ბაისალოვის „დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოებისათვის“ კოალიციაში, რომლის თაობაზეც ზემოთ იყო ნახსენები. აქ, 2000-იანი წლების შუაში მისი ხელფასი 3500 $ იყო, რაც იმ დროს ყირგიზეთში ძალიან დიდ თანხას წარმოადგენდა (ალბათ ექვივალენტურია ეკა გიგაურის, ნინო დოლიძის და სხვა მსხვილი არასამთავრობოების ახლანდელი ანაზღაურებებიც, თუ მათი ცხოვრების სტილით ვიმსჯელებთ).
კოალიცია ყირგიზეთის 2005 და 2010 წლის არჩევნების დროს კონკრეტულ ფუნქციებს ასრულებდა და ორგანიზაცია „საერთო საქმისათვის“ 2019 წელს გამოყოფილი 1,2 მილიონი დოლარიც ანალოგიური მიზნებისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა თავიდან ხსენებული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამას უარყოფდნენ. საყურადღებოა ასევე, რომ ედილ ბაისალოვი შედის სპასკა გატზინსკას (NED-ის თანამშრომელი, რომლის ხმა ასევე ისმის ზემოთხსენებული სკანდალური შეხვედრის ჩანაწერებში) საკონტაქტო პირების რიცხვში.
2020 წლის დასაწყისში ყირგიზეთის ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტიის „რეფორმა“ -ს შემადგენლობა, რომელიც აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებს, თითქმის მთლიანად იქნა შეცვლილი, მასში შევიდნენ ცნობილი პროდასავლელი აქტივისტები, ზოგიერთი მათგანი სპეციალურად დაბრუნდა აშშ-დან, სადაც მანამდე ცხოვრობდა. ორგანიზაციის ლიდერი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი რიტა კარასარტოვა გახდა.
დაპატიმრებულმა რავშან ჟეენბეკოვმა ციხიდან მხარდაჭერა „რეფორმას“ გამოუცხადა და 5-6 ოქტომბერს, ალმაზბეკ ატამბაევის პატიმრობის ადგილის შტურმისას ოპოზიციამ ისიც გაანთავისუფლა. გაანთავისუფლეს ასევე საფარ ისაკოვი, 2017 წელს პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი, 2018 წლამდე კი პრემიერ-მინისტრი. ეს პიროვნება ფიგურირებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტებში, რომლებიც Wikileaks-მა გაასაჯაროვა და რომლებშიც ის მოიხსენიება, როგორც საიდუმლო ინფორმაციების „მკაცრად დასაცავი“ წყარო ბიშკეკში აშშ-ს საელჩოსათვის. გამოქვეყნებული დოკუმენტების ნამდვილობა დადასტურებულია აშშ-ს სასამართლოს მიერ, რომელმაც პენტაგონის ექს-ანალიტიკოსი ბრედლი მენინგი დამნაშავედ ცნო ამ დოკუმენტების მოპარვაში.
გაგრძელება იქნება...