ოპოზიციურ ფლანგზე დიდი ერთობა ჯერ კიდევ ვერ შედგა. როგორც უკვე გამოიკვეთა, ოპოზიცია 2024 წლის არჩევნებისთვის რამდენიმე ნაწილად იშლება. როგორ მოახერხებს დანაწევრებული ოპოზიცია ხელისუფლების დამარცხებას, ანალიტიკოსებს ახსნა უჭირთ.
უკვე ცნობილია, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკური გზა ანა დოლიძესთან და ლევან ცუცქირიძის „თავისუფლების მოედანთან“ გადაიკვეთა. ამ გაერთიანებას, ისევე როგორც სხვა ყველა ერთობას, სახელისუფლებო გუნდში სკეპტიკურად უყურებენ და ამბობენ, რომ გამორიცხულია ურეიტინგო პოლიტიკოსების ერთობამ მათ სერიოზული კონკურენცია გაუწიოს.
სად არის და ვისთან იქნება გიორგი გახარია? - ეს კითხვა ყველას აინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ მიდიოდა მოლაპარაკება „ლელოსა“ და გახარიას შორის, ეს ტანდემი ჯერ ვერ შედგა. აღმოჩნდა, რომ მათ წარსული პირადი წყენა ჯერ კიდევ ვერ დაივიწყეს. ამ წყენას უფრო მამუკა ხაზარაძე ამჟღავნებს, რომელმაც ექს-პრემიერი საჯაროდ დაამცირა და მას 4 კითხვაზე პასუხის სანაცვლოდ თანამშრომოლბაზე დათანხმების პირობა მისცა. ოთხიდან სამი კითხვა წარსულის შეეხება, ერთი კი გახარიას სამომავლო გეგმებს და შესაძლო კოალიციის შეკვრას „ქართულ ოცნებასთან“.
ექს-პრემიერი წარსულზე საუბარს არ აპირებს, თავად მამუკა ხაზარაძესთან კი კითხვები არ აქვს. ერთადერთი, რაც გიორგი გახარიამ დაადასტურა არის ის, რომ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას არ გეგმავს. რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს და ანაკლიის პროექტის გაჩერებას, ამ თემაზე დამატებით საუბარს ექსპრემიერი ჯერ არ აპირებს. შესაბამისად, ორი პარტიის შესაძლო გაერთიანების თემაც ჯერ ბუნდოვანი, მაგრამ პოზიციების დაახლოების შანსის პერსპექტივით რჩება.
ამ ეტაპზე მხოლოდ ერთმანეთისთვის წარმატების სურვილით შემოიფარგლნენ. კონსულტაციები არც ყოფილა და არც ახლა მიმდინარეობს - ამას ორივე პარტია ადასტურებს. თუმცა „ლელო“ მისი პოლიტიკური ცენტრის გამსხვილებაზე აქტიურად მუშაობს. არ არის გამორიცხული, მალე ახალ ერთობას ახალი მოთამაშეები შეუერთდნენ. კონსულტაციები ალეკო ელისაშვილთან, ხატია დეკანოიძესა და ხათუნა სამნიძესთან არის დაწყებული.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ეს გაერთიანება პოლიტიკურად არანაირი დივიდენდის მომტანი არ არის, რადგან იდეოლოგიურად და ღირებულებებით სრულიად სხვადასხვა გემოვნების ადამიანები არიან. აბაშიძე ამბობს, რომ სამარცხვინოა, როცა მემარცხენე იდეოლოგიის მქონე ანა დოლიძე, რომელიც მუდმივად ბანკების და მათი მევახშეობის კრიტიკით გამოირჩეოდა, ოღონდ პარლამენტში მოხვდეს, თავად მევახშეებს შეეკრა.
„მტაცებელი ბანკირის ე.წ. პარტიაში ამოყო მემარცხენე იდეების მქონე ანა დოლიძემ თავი, გრიგოლ გეგელიაზე ხომ საერთოდ არაფერს ვამბობ. დოლიძეს, რომლის პარტიის სახელსაც ჟურნალისტებიც კი ვერ იხსენებენ, მოსახლეობაზე ხომ საუბარი ზედმეტია, რა პოლიტიკურ დივიდენდს მისცემს „ლელოს“, ძალიან საინტერესოა. ეს სამი გაერთიანება, რასაც „თავისუფლების მოედანი“, ანა დოლიძის პარტია და „ლელო“ ჰქვია, პოლიტიკურად აბდაუბდა ნაერთია. თუმცა რადიკალურ ოპოზიციას ახასიათებს, ოღონდ პარლამენტში მოხვდნენ და აღარ დაეძებენ. ესენი ვისი დამმარცხებლები არიან, საკუთარ იდეოლოგიას და პრინციპებსაც კი გვერდით წევენ, ოღონდ პირადი ამბიციები დაიკმაყოფილონ. ანა დოლიძის მხარდამჭერები, თუ ბუნებაში ასეთი ხალხი არსებობს, ძალიან გაწბილებულები უნდა ჩანდნენ. ისე, როგორც ლექტორ - მასწავლებლების პარტია, თავს „თავისუფლების მოდენას“ რომ ეძახიან. ამ ხალხსაც უნდა რცხვენოდეთ, რადგან პარლამენტის წინ დარბოდნენ, ხულიგნობდნენ, გზას კეტავდნენ და თურმე რისთვის, აგერ პარლამენტში შესვლა ნდომებიათ. იქ რამდენიმე გვარია, რომლებიც ნაცაქტივისტებივით მოქმდებდნენ და აი, თურმე რაში ყოფილა საქმე“,-ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, თუ ხაზარაძეს ჰგონია, რომ ამ ადამიანური რესურსებით მიაღწევს რაღაცას, ძალიან ცდება. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ის ისევ ძალინ ბევრ ფულს დახარჯავს, როგორც წინა არჩევნების დროს და ვერ მოხვდება პარლამენტში. ეს არის მისი ბოლო, რა თქმა უნდა, მას და მის ნაცსექტას ექნებათ ტყუილი ლოზუნგები, რომ ვითომ ელექტრონულად ჩატარებული არჩევნები გაყალბდა, თუმცა არაფერი აღარ გამოუვათ.
„კიდევ უფრო სასაცილო ის იქნება, რას მოიმოქმედებს გიორგი გახარია, ვისთან ერთად გაერთიანდება. შევხედოთ ახლა პოლიტიკურ ფლანგზე რამდენი ალიანსი დალაგდა, „ნაცმოძრაობა“, „ახალი“, ხაზარაძის ალიანსი, ალბათ, ცალკე იქნება გახარია, „ევროპული საქართველოც“ დამოუკიდებლად გავა. აბა, ასე უნდა დაამარცხონ „ოცნება“? ამათ ჰგონიათ, რომ თუ ოპოზიციურ ფლანგზე ასე გაიშლებიან, რაღაცა შედეგს მიაღწევენ.
თუმცა საარჩევნო სისტემას ისინი არ იცნობენ და ვერ ხვდებიან რამდენი ათიათასობით ხმაა საჭირო იმისთვის, რომ პარტიამ 5%-იანი ბარიერი ოდნავ მაინც გადალახონ. დიდი ალბათობით, გარე დამკვეთების მეშვეობით, კვლავ დაიწყებენ იმაზე საუბარს, რომ ვითომ არჩევნები გაყალბდა. შემდეგ ვითომ ბოიკოტი, მაგრამ ვერაფერს რომ ვერ მიაღწევენ 2020 წლის მსგავსად, ისევ მანდატების აღებას ერთმანეთს დაასწრებენ“, - ამბობს აბაშიძე.
რაც შეეხება იმას, რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია ერთიანი ფლანგის შექმნას, როცა ამაზე თავადვე საუბრობენ, აბაშიძე ამბობს, რომ ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს, რასაც ავადმყოფური ამბიციები ჰქვია, რასაც ერთმანეთის მიმართ სიძულვილიც ემთხვევა. ე.წ. პარტიების ლიდერებს თავი საქართველოს ბატონ- პატრონები ჰგონიათ. პრემიერობა სურს, როგორც ხაზარაძეს, ასევე ვაშაძეს, მელიას და, რა თქმა უნდა, გახარიას. ამიტომ აბაშიძე ამბობს, რომ წარმოდგენაც კი საშიშია იმაზე, კოალიციურ ხელისუფლებაში ესენი რომ მოვიდნენ, რა ამბები დატრიალდება და ქვეყანას რას უზამენ.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციის დაანონსებული დიდი ერთიანობა ისე გაქრა, რომ საბოლოო ჯამში, რამდენიმე პოლიტიკური ფლანგი ვიხილეთ, რომლებსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვთ.
„ძალიან სასაცილო სიტუაცია მივიღეთ, საბოლოო ჯამში, პოლიტიკურ ფლანგზე. ვითომ რაღაცა გაერთიანებას ცდილობენ, მაგრამ მკვდარი მკვდარს აეკიდაო, მაგათი საქმე ისეა. ანა დოლიძის პრინციპულობაზე ხომ საერთოდ აღარ ვსაუბრობ, ეს ქალბატონი ხაზარაძეს იდეოლოგიურად როგორ ეთანხმება და რა საერთო იპოვეს ერთმანეთში, ვერ გავიგე. ქალი მთელი ცხოვრება ბანკირებს და მევახშეებს ებრძოდე და ბოლოს, იმათთან გაერთიანდე, მეტი როგორღა უნდა გაინადგურო პოლიტიკოსმა თავი?!
რაც შეეხება გახარიას მათთან გაერთიანებას, ფაქტია, რომ საზოგადოებრივ აზრს ტესტავენ. ვიცით მათ შორის როგორი დაპირისპირებაც იყო, ამიტომ ჯერ ვერ რისკავენ, დიდი ალბათობით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ადამიანებს ერთმანეთთან პოლიტიკური წყენის გარდა პირადი დაპირისპირება ჰქონდათ, რა შეურაცხყოფას აღარ აყენებდნენ ერთმანეთს, ვის დაავიწყდა. ამიტომ მგონია, მაინც ჯერ ვერ რისკავენ. თუმცა, იმასაც ვფიქრობ, რომ გახარიას ბუნებიდან გამომდინარე, მას არავინ ენდობა. კაცი პრემიერი იყო და ქვეყანა დააყენა ამხელა რისკის წინაშე და თუკი დასჭირდება ამათ რატომ ვერ გადააგდებს?! ამიტომ, ბოლომდე მაინც მის ნდობას ყველა ერიდება“, - ამბობს ქადაგიძე.