საიდუმლო სერობა კვიპროსში - კეზერაშვილი ნაციონალების სააკაშვილისგან გამიჯვნას მოითხოვს

საიდუმლო სერობა კვიპროსში - კეზერაშვილი ნაციონალების სააკაშვილისგან გამიჯვნას მოითხოვს

„ქართული ოცნება“ ამომრჩევლებთან შეხვედრებს იწყებს, რადიკალური ოპოზიცია კი შეხვედრებს კვიპროსში მართავს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე, აღმასრულებელი მდივანი დავით კირკიტაძე და პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი ჩიქოვანი ოლიგარქ დავით კეზერაშვილს შეხვდნენ. განხილვის თემა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები იყო. კეზერაშვილი სააკაშვილს დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა, მიზეზი პარტიაში განხორციელებული საკადრო ცვლილებებია. მან ასევე დააყენა საკითხი, რომ საარჩევნო კამპანია თავად აკონტროლოს.

კვიპროსში მიღებული გადაწვეტილების თანახმად, გიორგი ვაშაძე საარჩევნო შტაბს ფორმალურად უხელმძღვანელებს, ხოლო ფაქტობრივი ხელმძღვანელი დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა, დიმიტრი ჩიქოვანი იქნება. სააკაშვილს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძე სურს. ვანო მერაბიშვილის მოთხოვნით კი, საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი უნდა გახდეს მისი კადრი დიმიტრი შაშკინი.

ასევე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკმაყოფილების საკითხია ხატია დეკანოიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერით უნდა დაინიშნოს თინა ბოკუჩავას მოადგილედ და პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარედ. ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება დავით კეზერაშვილი, თუმცა მხარს უჭერს ვანო მერაბიშვილი.

არსებული ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ კლანური დაპირისპირება პიკს აღწევს. იმ შემთხვევაში, თუკი პარტია ოფიციალურად არ გაემიჯნა პატიმარ სააკაშვილს, ოლიგაქრი დაფინანსების შეწყვეტით იმუქრება. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, სააკაშვილის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესის ფინანსურ უზრუნველყოფას სააკაშვილის ოჯახი, დედა, გიული ალსანია და ბიძა, თემურ ალასანია უზრუნველყოფენ.

არსებული ინფორმაციით, კვიპროსზე გამართული შეხვედრიდან თინა ბოკუჩავა აშშ-ში გაემგზავრა, სადაც შეხვედრას თემურ ალასანიასთან გამართავს და კეზერაშვილის ულტიმატუმს გააცნობს. კვიპროსიდან თბილისში დაბრუნდნენ შეხვედრის სხვა მონაწილეები. გიორგი ვაშაძემ ტყუილი უწოდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კვიპროსში კეზერაშვილს შეხვდა. აღნიშნა, რომ მეუღლესთან ერთად იყო ორი დღე დასასვენებლად წასული.

„ჩემს მეუღლესთან ერთად სად წავალ, ეს თქვენი გასარჩევი არ არის. ქვეყნიდან წასული ვიყავი ორი დღით. რაღაც ცრუ, ყალბ ინფორმაციას „შემოაგდებთ“ და ამაზე კომენტარები უნდა გიკეთოთ? დამთავრდა ხალხნო, დავასრულოთ დაპირისპირება, ერთიანობის დროა. თავიდან ბოლომდე ტყუილია, რასაც ყვებით. ეგ არის სუს-ის მხრიდან შემოგდებული ინფორმაცია, რათა ავიარეისის დროს დამხვედროდნენ ჟურნალისტები. საიდან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მე თვითმფრინავზე ვიჯექი, ვინ მიაწოდათ? ტელევიზიებს მიაწოდა სუს-მა, რათა ყალბი ნარატივი შემოეტანათ. სუს დამსდევს ყველგან. ჩემი და ჩემი მეუღლის საკითხი ჩემი გადასაწყვეტია და პეტრე ცისკარიშვილი რომელ რეისზე და სად დაჯდება, ჩემი საქმე არ არის. სუს რამდენჯერ შემოგიგდებთ ინფორმაციას, რომ გიორგი ვაშაძე მოფრინავს და დახვდი აეროპორტში, რაღაც სისულელე ჰკითხეო, იმდენჯერ თუ დამხვდებით, ამით თქვენ სიმართლეს ვერ გაიგებთ“, - ამბობს ვაშაძე.

კვიპროსში გამართულ პოლიტიკურ შეხვედრას არ ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ დიმიტრი ჩიქოვანი, თუმცა ამბობს, რომ კვიპროსში ნამდვილად იმყოფებოდა სიძესთან. კითხვაზე, დააყენა თუ არა კვიპროსში გამართულ შეხვედრაზე კეზერაშვილმა საკითხი, რომ საარჩევნო კამპანია ჩიქოვანმა აკონტროლოს, ჩიქოვანი პასუხობს, რომ საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელი ჰყავს, რომელიც კარგად ხელმძღვანელობს პროცესს.

„საარჩევნო შტაბს ჰყავს თავისი ხელმძღვანელი, ის ძალიან კარგად უხელმძღვანელებს ყველაფერს. ხშირად დავდივარ ჩემს სიძესთან. პარტიის წევრები იქ არ მინახავს. ქალბატონი თინათინი ამერიკაშია“, - განაცხადა დიმიტრი ჩიქოვანმა.

რადიკალური ოპოზიცია ცდილობს დამალოს კეზერაშვილთან შეხვედრის საკითხი, თუმცა ეს ნაკლებად გამოსდით. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ დღეს რადიკალური ოპოზიცია ბიუჯეტიდან მოპარული ფულით საზრდოობს, რომელიც კეზერაშვილმა და სააკაშვილმა საზღვარგარეთ წაიღეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ნაქურდალის გადასანაწილებლად მეპატრონესთან დადიან. მისი თქმით, ქართველ ხალხს ქართული ჯარისგან მოპარული ფულით ნასაზრდოები ოპოზიცია არაფერში სჭირდება.

„რაც მეტს ივლიან, თავისი თავის მით მეტ ლუტრაციას მოახდენენ. კეზერაშვილს კონკრეტული მიზანი აქვს - ხელისუფლებაში მათი მოტრიალების მცდელობა და მისთვის სასურველი პერსონები როგორ პოზიციაზე იქნებიან განლაგებული. სწორედ ამაზე მიდის ვაჭრობა - ამას დამინიშნავ და ამდენს გადავიხდი, ასეთი ნაციონალური რუტინაა დიადი საქართველოს სახელით“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„მისტერ ოფშორი“ - დავით კეზერაშვილი, რომელიც საერთაშორისო მასშტაბის დამნაშავეა, რატი იონათამაშვილის განცხადებით, კრიმინალური თანხებით ცდილობს, საქართველოში არეულობა მოაწყოს. მისი თქმით, ეს ადამიანები კეზერაშვილისგან იღებენ დავალებებს და ფულის გამო მზად არიან, მისგან დატუქსვაც აიტანონ.

„დავალებების მიცემისას მისი მხრიდან ყურის აწევასაც აქვს ადგილი. ეს რომ მათთვის მისაღებია, კიდევ მეტად აჩვენებს მათ მორალურ სახეს. ოპოზიცია დამოკიდებულია არა მხოლოდ ამომრჩეველზე, არამედ „მისტერ ოფშორზე“ არა იმიტომ, რომ გამარჯვება, წარმატება მოიპოვოს, არამედ არჩევნების წინ ფული იშოვოს. ფულის გამო მზად არიან, კეზერაშვილისგან დატუქსვა და კუთხეში დაყენებაც აიტანონ, მიიღონ. მათ კუთხეში არა მხოლოდ კეზერაშვილი დააყენებს, არამედ ჩვენი მოქალაქეები არჩევნებისას.

„მისტერ ოფშორს“ ამერიკის მხრიდან სავიზო სანქცია აქვს. ის არის მასშტაბური დამნაშავე და კრიმინალური თანხებით ცდილობს, საქართველოში არეულობა, ქაოსი, დესტაბილიზაცია მოაწყოს. ვინც „მისტერ ოფშორის“ მრევლში იქნება, რა თქმა უნდა, ის პოლიტიკაში ვეღარ დარჩება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ კეზერაშვილი აფინანსებს ოპოზიციას, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ხალხმა იცის, რას წარმოადგენენ ისინი. კახა კალაძის თქმით, არც ხელისუფლებას და არც მოსახლეობას დღეს შეცდომების დაშვების უფლება არ აქვს.

„კეზერაშვილმა გაქურდა ჩვენი ქვეყანა, საქართველოს მოსახლეობა, საქართველოს ბიუჯეტი, ამით გამდიდრდა. ხომ ვიცით კეზერაშვილის წარსული, ვინ იყო და რა იყო, ამ ნაქურდალს დაამატა ევროპაში პენსიონერების გაქურდვა და დღეს აფინანსებს ოპოზიციას, თუმცა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, კეზერაშვილი ვის დააფინანსებს, დაპირისპირება ექნება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თუ არ ექნება, ეს პარტიები გაერთიანდებიან თუ დაიშლებიან. ხალხმა უკვე კარგად იცის, რას წარმოადგენენ ეს ადამიანები თავიანთი წარსულით, აწმყოთი, ვინ არიან, რისი მკადრებლები არიან. დღეს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გარკვეული შეცდომები დავუშვათ ან არასწორი ნაბიჯები გადავდგათ. მაშინ, როდესაც მეორე ფრონტის გახსნასთან, სანქციებთან დაკავშირებით მოგვიწოდებდნენ, ჩვენ რომ შეცდომა დაგვეშვა და მაგალითად, მივერთებოდით სანქციებს, ქვეყანაში გაგვეხსნა მეორე ფრონტი, ამით ვის დავაზიანებდით? ხომ ისევ ჩვენ ქვეყანას დავაზიანებდით. დღეს არ გვაქვს უფლება, დავუშვათ შეცდომები, ეს ეხება როგორც ქვეყნის ხელისუფალს, ასევე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ა-ო „რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ თავმჯდომარის დავით ჩიხელიძის განცხადებით, დანამდვილებით შეიძლება ითქვა, რომ კვიპროსში გამართულმა შეხვედრამ დაძაბულ გარემოში ჩაიარა, კეზერაშვილი, როგორც დამფინანსებელი, ყველაფრის კონტროლს ითხოვს, რიგ შემთხვევაში მისი და სააკაშვილის პოზიციები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის, რაც პარტიის შიგნით განხეთქილების მიზეზია. მისი თქმით, აქამდე კულუარებში მყოფი მერაბიშვილი, მსუყე ლუკმის მოლოდინში წინა პლანზე გამოვიდა, ის დიმიტრი შაშკინის პერსონას მფარველობს და მისი პოზიციების გაძლიერებას ითხოვს.

„ის, რომ კეზერაშვილი ოპოზიციას აფინანსებს, უკვე კითხვის ნიშნებს აჩენს, რადგან ევროპელი გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ კეზრაშვილისთვის დარქმეული სახელი - „მისტერ ოფშორი“ ყველაფერზე მეტყველებს. კეზერაშვილი მრავალ უკანონო საქმეში ფიგურირებს, დამნაშავის მიერ საარჩევნო კამპანიის დაფინანსება კი დემოკრატიის მაღალი სტანდარტი არ არის. აღნიშნული „ნაციონალური მოძრაობის“ მორალურ გახრწნაზე მიანიშნებს, რომელიც პოლიტიკური პარტიიდან დამნაშავეთა თავშესაფრამდე დავიდა.

რაც შეეხება კითხვას, რატომ ხვდებიან კეზერაშვილს? ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, კეზერაშვილი „ნაციონალ მოძრაობაში“ გულზე არ ეხატებათ, მაგრამ მას აქვს ფული, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან დღეს მათ კეზერაშვილის გარეშე სრულყოფილი საარჩევნო კამპანიის წარმოების შესაძლებლობა არ აქვთ. მართალია, გვარამია კვიპროსში არ ყოფილა, მაგრამ მათი შეხვედრა დროის ამბავია, შესაძლოა, გვარამია პირდაპირ არ ჩავიდეს, მაგრამ უახლოეს პერიოდში, კვიპროსში ვიხილავთ „ახალის“ რომელიმე წევრს, რომელიც კეზერაშვილთან ფულის გამო ჩავა და შეეცდება „ნაციონალურ მოძრაობაზე“ კარგი, მისაღები წინადადება შესთავაზოს“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას დავით ჩიხელიძემ.

ანალიტიკოს ედიშერ გენეტაძის შეფასებით, კვიპროსში გამართული შეხვედრის უკან არაფერი არ იმალება, თუმცა ფაქტია, რომ კეზერაშვილს პატრონობენ გლობალური ომის პარტიის წევრები და თანხები, რომელიც მან მოიპარა საქართველოდან, განაწილებული აქვს სწორედ გლობალური ომის პარტიის წევრებზე.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, კეზერაშვილი ვინ არის, რომ ის ასე „აგულაონ“. როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, როგორც კი ამერიკაში 5 ნოემბრის არჩევნებში გაიმარჯვებს ტრამპი, რადიკალურად შეიცვლება სიტუაცია. დარწმუნებული ვარ, რომ კეზერაშვილი ამოყოფს თავს იქ, რომელსაც ჩვენი წინაპრები უწოდებდნენ ვირის აბანოს. ახლა რასაც აკეთებს კეზერაშვილი, იმას შევადარებდი, რასაც აკეთებს გლობალური ომის პარტიის წევრები ტრამპის მიმართ, რომელსაც ბოლოს ესროლეს კიდევაც, იმიტომ რომ, მეტი გამოსავალი მათ არ აქვთ.

ჩემი დაკვირვებით, მოსალოდნელია ტრამპს კიდევ ესროლონ, ვინაიდან მათი ბედი გადაწყვეტილია. ამ სიტუაციაში საქართველოში არის კეზერაშვილი და ის ბანდა, რომელსაც აფინანსებს. ამიტომ, სავსებით ჩვეულებრივი ამბავია რასაც აკეთებს. ვირთხას როდესაც მიიმწყვდევ კუთხეში, ის წინააღმდეგობას გაგიწევს. უკანასკნელი წინააღმდეგობაა უკანასკნელი ვირთხების მხრიდან, რომლის სათავეში, გარე გლობალური ძალების მეშვეობით, დგას კეზერაშვილი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

მერაბ.g სწორია კეზერა, თვითონ თუ დააფინანსებს, რად უნდა სააკაშვილთან გასაყოფი? სახელი "ნაცმოძრაობა" ხომ დამარხეთ, ახლა განცხადებებითაც მკაფიოდ გაემიჯნეთ მიშასო! ამის გარეშე გადაგდების ეშინია - შევლენ პარლამენტში ნაცები, ისევ დაიკიდებენ მიშას სურათს და დაიკიდებენ კეზერას! ხვდება ამას დაგენაცვლე და თავს იზღვევს!
4 თვის უკან
ლევკოთეა სხვანაირად ვერ წარმიდგენია, საპარლამენტო სიაში ნომრების გაანაწილებაზე დიდი დაგნარი რომ არ ატყდეს ამათთან.
კეზერაშვილი რას იზამს არ ვიცი და მის ადგილზე, ბოკუჩავას აუცილებლად დავაყენებდი კუთხეში. :)
4 თვის უკან