- თავდაპირველად, მინდა, მივესალმო ჩვენი დიდი კლასიკოსის, ბატონი ჭაბუა ამირეჯიბის მთაწმინდაზე დაკრძალვას. ამ ფაქტმა, მისი ღვაწლის ასეთმა დაფასებამ ნაწილობრივ შეგვიმსუბუქა მისი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი.
რაც შეეხება გასული კვირის მოვლენებს, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი და საყურადღებო პუტინის განცხადება იყო. შეიძლება ითქვას, მოულოდნელიც კი. მით უმეტეს, ლავროვის განცხადების შემდეგ - საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე მას შემდეგ ვიფიქრებთ, თუ არსებულ რეალობას შეეგუებიან, ანუ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას აღიარებენო. რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბარი იმას ნიშნავს, რომ ის მზადაა საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან საუბრის დასაწყებად.
- თქვენ არაერთხელ გითქვამთ, ერთია, პოლიტიკოსი რას ამბობს და მეორე, რას ფიქრობს ან როგორ იქცევაო. თქვენ გჯერათ პუტინის გულწრფელობის?
- კი, გულწრფელია. პუტინს შეიძლება, ვენდოთ!
- საინტერესო განცხადებაა.
- მე ეს აქამდეც მითქვამს, ვიდრე პუტინი ამ უკანასკნელ განცხადებას გააკეთებდა. მისი ნდობის საფუძველიც მაქვს. ამის მაგალითია ჩემი და მისი შეხვედრა სოჭში 2003 წელს და გალში დევნილების დაბრუნების შესახებ მიღწეული შეთანხმება, რომელიც მან პირნათლად შეასრულა. არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი, რის გამოც ვფიქრობ, რომ პუტინი თავის განცხადებაში გულწრფელია.
- რას გულისხმობთ?
- ჩვენი პატრიარქისთვის მიცემული პირობა. რატომღაც ამ ფაქტს მაშინ სათანადო მნიშვნელობა არ მიენიჭა. მე კი დღემდე მათ შეხვედრაზე ვფიქრობ და მჯერა, რომ მისი უწმინდესობის ავტორიტეტი სასწაულს მოახდენს.
- და მაინც, მცოცავი ანექსიის ფონზე პუტინის გულწრფელობა ძნელი დასაჯერებელია.
- ჩემთვის სავსებით გასაგებია საზოგადოების უნდობლობა. როგორც ზემოთ გითხარით, პუტინის განცხადება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის საუბრის დასაწყებად, ამჯერად რუსეთის პირველი პირის მიერ გადმოდგმული. ცხადია, მას ისიც კარგად ესმის, რომ, პირველ რიგში სწორედ მცოცავი ანექსიის საკითხი უნდა მოგვარდეს.
თუ დაიწყება რუსეთთან მოლაპარაკებები, მე მზად ვარ, დავდგე ჩვენი მთავრობის გვერდით. პუტინთან საქმიანი ურთიერთობის დიდი გამოცდილება მაქვს და თან არცთუ ცუდი პიროვნული დამოკიდებულება.
- საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჩემი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალაო, - განაცხადა პუტინმა. თქვენი აზრით, როგორ შეიცვალა – დადებითად თუ უარყოფითად?
- ეს მართლაც ორაზროვნად იყო ნათქვამი, მაგრამ, რადგან იქვე სავიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობაზე ისაუბრა, უნდა ვივარაუდოთ, რომ უფრო დადებითისკენ შეიცვალა.
- მაინც მოულოდნელი იყო მისი მხრიდან ასეთი განცხადება. როგორ ფიქრობთ, ხომ არ დააფიქრა რუსეთის პირველი პირი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა?
- შესაძლოა, ამანაც იმოქმედა. თუმცა... თქვენ ერთი რამ გავიწყდებათ, პუტინს არანაკლებ აწუხებს საქართველოსთან ურთიერთობის პრობლემა. მე ამას ვხედავ.
- რატომ უნდა აწუხებდეს უზარმაზარი ქვეყნის პრეზიდენტს საქართველოსთან ურთიერთობის პრობლემა?
- თქვენ წარმოიდგინეთ, ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობდა აქამდეც, მაგრამ ახლა კიდევ ერთი დაემატა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ შემუშავებულია შაჰდენიზის მეორე ფაზის პროექტი. ამის გახმაურებიდან ზუსტად ორი დღის შემდეგ გააკეთა პუტინმა ის განცხადება, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ. ვფიქრობ, დამაფიქრებელი დამთხვევაა.
- ანუ პუტინი ამ საკითხმა დააფიქრა?
- თუ შაჰდენიზის მეორე ფაზის პროექტი მართლაც განხორციელდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპის ენერგეტიკული რუკა მთლიანად შეიცვლება. საქართველოს გაზისგამტარუნარიანობა კი საგრძნობლად გაიზრდება. ცხადია, ეს სახარბიელო ვერ იქნება
რუსეთისთვის. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ პუტინის განცხადებაზე ამ პროექტმაც იქონია გავლენა. ამას დაემატა ევროსაბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპეის განცხადება, რომ ევროკავშირის სურვილია, საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი აგვისტოში მოაწეროს, ანუ ევროპა პროცესს აჩქარებს. ასე რომ, საკმარისზე მეტი მიზეზი არსებობს, პუტინის განცხადებას ოპტიმისტურად შევხედოთ. უფრო მეტიც, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ამ განცხადებით საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში ახალი ეტაპი დაიწყო.
გასულ კვირას კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა მოხდა რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში - ვლადიმერ პუტინმა კომპანია "ЮКОС"-ის ხელმძღვანელი ხოდორკოვსკი შეიწყალა ათი წლის პატიმრობის შემდეგ! აშკარაა, რომ რუსეთის პირველი პირი თავის ქმედებებს რადიკალურად ცვლის. სხვათა შორის, გერმანიაში ჩასვლისას, ხოდორკოვსკის აეროპორტში ჰანს-დიტრიხ გენშერი დახვდა...
- ბოლო დღეებში ძალიან საინტერესო პროცესები ვითარდება ქვეყნის შიგნით...
- გეთანხმებით, მართლაც საინტერესო პროცესები მიდის, რამაც, ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დააფიქროს საქართველოს ახალი ხელისუფლება.
- თქვენ რას გულისხმობთ?
- ხომ ვამბობდი, ესენი გამოცდილი პროვოკატორები, შანტაჟის სპეციალისტები არიან-მეთქი. ნახეთ, რა თავსატეხი გაუჩინა მერაბიშვილმა?
- ფიქრობთ, რომ მერაბიშვილის განცხადება პროვოკაციაა?
- დაუჯერებელია. მაგრამ ამ განცხადებამ გასაკეთებელი მაინც გააკეთა. განსჯის საგანი გახდა! საზოგადოებაში გარკვეული ეჭვი დათესა. საერთაშორისო ორგანიზაციები ფაქტის გამოძიებას მოითხოვენ, ანუ მიზანი მიღწეულია, დროებით მაინც.
- მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მთავარი პროკურორი მისგან ჟვანიას საქმის გამოძიებაში დახმარებას მოითხოვდა.
- მე კი მგონია, საქმე სხვა რამეშია. ჩანს, რომ ახალი მთავარი პროკურორი სერიოზულად შეუდგა ჟვანიას მკვლელობის გამოძიებას. ითქვა ისიც, რომ საბოლოო დასკვნა მალე გამოქვეყნდება. ასეთ შემთხვევაში, სავსებით გასაგებია მერაბიშვილისა და მისი თანამოაზრეების აფორიაქება. იმედია, მომხდარის შემდეგ ხელისუფლება დასკვნებს გააკეთებს.
- რა დასკვნები უნდა გააკეთოს?
- რაც დიდხანს გაიწელება სამართლიანობის აღდგენის პროცესი და ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება, მით მეტი საშუალება ექნებათ დამნაშავეებს, პროვოკაციები მოაწყონ და დაარწმუნონ საერთაშორისო საზოგადოება, რომ მათ წინააღმდეგ ადგილი აქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.
არ სჭირდება ამდენი დრო ჟვანიას მკვლელობის გამოძიებას. ყველაფერი ისედაც ნათელია. ამ მკვლელობის გახსნა არამარტო მთავრობის, არამედ მთელი ერის ინტერესშია. ამიტომ სააკაშვილი იქნება ეს, მერაბიშვილი თუ კიდევ სხვა, ვისაც ელემენტარული წვლილი მიუძღვის ამ დანაშაულში, გისოსებს მიღმა უნდა აღმოჩნდეს, თანაც, რაც შეიძლება მოკლე დროში.
რაც მეტად იწელება სამართლიანობის აღდგენის პროცესი, მით უფრო იზრდება უკმაყოფილება და, შესაბამისად, იმის ალბათობა, რომ ხალხმა თავად დაიწყოს დამნაშავეებზე ანგარიშსწორება. სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევაში სამიზნე მარტო ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აღარ იქნებიან. ზურაბ ჟვანიას საქმის გახსნა სრულიად საქართველოს ინტერესებშია!!!
- ბატონო ედუარდ, სააკაშვილი, თურმე, ამერიკაში, წამყვან უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავს.
- გთხოვთ, ამ ადამიანზე საუბარს გვერდი ავუაროთ. ვის აინტერესებს? სააკაშვილის პიროვნება ახლა მხოლოდ ერთი კუთხით არის საინტერესო - აღმოჩნდება თუ არა ციხეში!
- თქვენი აზრით?
- ... ვნახოთ, რამდენად სამართლიანია ქართული მართლმსაჯულება!