მერაბიშვილის დაგებული მახე

მერაბიშვილის დაგებული მახე

"ნაციონალები" შოკში არიან, რამდენი მაგათ ფეხი გადაუბრუნდებათ, იმდენჯერვე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ, თუმცა ეს ყველაფერი სასაცილოდ არ ჰყოფნის საპარლამენტო უმრავლესობას. როგორც ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე "ალიასთან" საუბარში აცხადებს, "ნაციონალებს" ეს ქვეყანა უკვე საგამოძიებო კომისია ჰგონიათ", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით მერაბიშვილის დაგებული მახე.

"მიუხედავად იმისა, რომ ვანოს თემა თითქმის სკანდალად აქციეს "ნაციონალებმა", ეს არის ისეთი ტყუილი, რომლისაც ჩვენთან არავის სჯერა და რა თქმა უნდა, არც მე მჯერა. ეს საკითხი ნამდვილად არ დარჩება დაფარული, რადგან ასეთ რამეს არ გააკეთებს არათუ ბავშვი, არამედ ქვეყნის მთავარი პროკურორი, ეს წარმოუდგენელია. დარწმუნებული ვარ, როცა ვანო მერაბიშვილი ხელისუფლებაში იყო, ასეთი რამ ყოველდღე ხდებოდა, ადამიანებს თავზეც აფარებდნენ, ტყეშიც მიჰყავდათ, დახვრეტის იმიტაციებსაც აწყობდნენ და ძალიან დიდ სასწაულებს სჩადიოდნენ. ეს ხდებოდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს, რათა სასურველი ჩვენებები მოეპოვებინათ. ვანო მერაბიშვილმა არავითარი ნდობა არ დაიმსახურა საზოგადოებაში, რომ ასეთი რაღაც ვინმეს დაეჯერებინა. ცხადია, როცა გამოძიება ფინალში გადის და განაჩენი უნდა დადგეს, მერაბიშვილი ყველანაირად ცდილობს, ეს თემა ასწიოს და თავი წარმოაჩინოს, როგორც ტანჯული ადამიანი, აი, თურმე რა დღეში აგდებენ მას და როგორ ექცევიან, ამით სურს, ყურადღება მიიქციოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ევროპაში", - აცხადებს ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე "ალიასთან" საუბარში.

"ახალ ხელისუფლებას უკვე აქვს საკმაო ავტორიტეტი, საკმაო ნდობა და ჩვენი მხრიდან აუცილებლად დაიდება არგუმენტები, რაც დაამტკიცებს ამ ადამიანის ცრუპენტელობას. ვისაც ევროპაში ეს საკითხები აინტერესებს, ისინი უკვე ინფორმირებულები არიან. ალბათ, ხედავთ, რომ აღარ კეთდება ისეთი განცხადებები, როგორც კეთდებოდა დაახლოებით 4-5 თვის წინ. ეს გახლავთ მახე, რომლის დაგებასაც მერაბიშვილი კარგა ხანია გეგმავდა მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ, მას სჭირდებოდა რაღაც ხაფანგი, რომლის საშუალებითაც მთავარ პროკურორს ჩამოაცილებდა საქმეს. ეს იქნებოდა ყველა იმ საქმის შეფერხება, რაც დღეს მიმდინარეობს. დამერწმუნეთ, პროკურატურაში უკვე არსებობს ნება და არც ერთი დამნაშავე არ დარჩება დაუსჯელი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მანანა კობახიძე.

"თუნდაც 90%-ით იყოს არჩეული გიგი უგულავა, თუ კანონს არღვევს, თუ ასეთ სერიოზულ დანაშაულზე ბრალი აქვს წაყენებული, რატომ უნდა იყოს ისევ თანამდებობაზე, ისევ ბიუჯეტთან რატომ უნდა ჰქონდეს შეხება და იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ის დანაშაულებრივ ალიანსში იყო? როცა ასეთი ეჭვები არსებობს, ცხადია, ის აღარ უნდა იყოს თბილისის მერი. 48 მილიონი კი არა, ერთი ბოთლი ლუდი რომ ჰქონოდა უკანონო გზით მოპოვებული, იმაზეც პასუხი უნდა ეგო. სხვათა შორის, ეგენი ერთ ბოთლ ლუდზე ადამიანებს იჭერდნენ და ისეთ სასჯელს აკისრებდნენ, გაგიკვირდებოდათ. ჩემთვის ყოვლად გაუგებარია, რა პრინციპებით იხელმძღვანელა დალი მეტრეველმა იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც ბრალი ედება სამი მიმართულებით და ამ ეტაპზე კონკრეტულად ედავებიან 48 მილიონის გაფლანგვას, რატომ არ დააკმაყოფილა მან პროკურატურის მოთხოვნა?" - განაგრძობს რესპონდენტი.

"რაც შეეხება კოტე კუბლაშვილს, ეს ძალიან სათუთი თემაა, სასამართლოს თავმჯდომარე არჩეულია 10 წლით, ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ იგივე ევროპაში არ დაიწყონ ლაპარაკი არადემოკრატიულ პროცესებზე. როდესაც სასამართლოს არჩეულ თავმჯდომარეს შევუჩერებთ უფლებამოსილებას, ეს ძალიან ცუდად გაჟღერდება საერთაშორისო ასპარეზზე. ევროპელებისთვის წარმოუდგენელია, რომ თავმჯდომარე მოსამართლეებზე ახდენდეს ზეწოლას. უნდა დაიდოს უტყუარი ფაქტები და გარემოებები, რომელსაც გვერდს ვერავინ აუვლის", - დასძენს მანანა კობახიძე და შეკითხვას - 22 დეკემბერს "ნაციონალები" თავიანთ "ბუნაგში" შეიკრიბნენ და გამოაქვეყნეს 5-პუნქტიანი მოთხოვნა... - პასუხობს:

"კი, მეც გავეცანი მათ მოთხოვნებს და ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. თუ ვინმე მოსამართლეზე ზეწოლას ახორციელებს, ეს უნდა თქვას თვითონ მოსამართლემ, ეს არის მისი ვალდებულება, კანონი ავალდებულებს. თუ ასეთი რამ მოხდა და მოსამართლე მალავს, მაშინ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ვერ გავიგე, დღეს მოსამართლეების უფლებებს ბრალდებული გიგი უგულავა იცავს? ნება იბოძოს ქალბატონმა დალი მეტრეველმა და თქვას, იყო თუ არა მასზე ზეწოლა?".