26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩვენი სლოგანია: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ. ღირსებას მოაქვს მშვიდობა, მშვიდობას მოაქვს კეთილდღეობა, ხოლო კეთილდღეობას მოაქვს ქვეყნის ევროპული მომავალი- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
როგორც პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არჩევანი არასოდეს ყოფილა ისეთი იოლი, როგორიც არის დღეს. მისივე თქმით, ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს: ურჩევნია ომი თუ ურჩევნია მშვიდობა, ურჩევნია მონური თუ ღირსეული დამოკიდებულება გარე ძალების მიმართ.
“ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანამ 12 წლის მანძილზე შეინარჩუნა უწყვეტი მშვიდობა, რომელსაც მომავალშიც განსაკუთრებული გაფრთხილება ჭირდება. არჩევანი არასოდეს ყოფილა ისეთი იოლი, როგორიც არის დღეს. ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს: ურჩევნია ომი თუ ურჩევნია მშვიდობა, ურჩევნია მონური თუ ღირსეული დამოკიდებულება გარე ძალების მიმართ, აირჩევს ლიბერალურ ბოლშევიზმს თუ აირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს, აირჩევს ბნელ წარსულს თუ აირჩევს ერთიანი საქართველოს ევროპულ მომავალს.
დღეს „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის 60 პროცენტი უჭერს მხარს. ბევრისთვის შეიძლება გასაკვირი იყოს, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან 12 წლის შემდეგ, მმართველი პარტია საზოგადოების ასეთი დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. თუმცა, სინამდვილეში, გასაკვირი მხოლოდ ისაა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ამდენი დანაშაულის ფონზე, ჯერ კიდევ ხმების თითქმის 30 პროცენტის მიღებას ახერხებს. ეს არის ტრაგიკული მოვლენა, რომელიც თავიდან ბოლომდე გარედან არის თავს მოხვეული და ზუსტად ისეთივე შეუსაბამობაშია მრავალსაუკუნოვან ქართულ კულტურასთან, როგორც საუკუნის წინ საქართველოში ბოლშევიზმის აღზევება იყო“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.