შალვა პაპუაშვილი: 12 წლის წინ დათესილმა მარცვალმა გახადა შესაძლებელი, რომ მივაღწიეთ ასოცირების შეთანხმებას, ბევრი ევროპელი ოპონენტის მცდელობის მიუხედავად გავხდით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი

შალვა პაპუაშვილი: 12 წლის წინ დათესილმა მარცვალმა გახადა შესაძლებელი, რომ მივაღწიეთ ასოცირების შეთანხმებას, ბევრი ევროპელი ოპონენტის მცდელობის მიუხედავად გავხდით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი

თავისით არაფერი მოდის. დღეს ჩვენ ვიმკით იმ კეთილი მარცვლის ნაყოფს, რომელიც 12 წლის წინ ჩვენ ერთად დავთესეთ. ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდში პირველად გვქონდა 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი,’’ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა შალვა პაპუაშვილმა "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პაპუაშვილის განცხადებით, 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის პერიოდის შედეგია, რომ დღეს არცერთი ევროპული ქვეყანა ეკონომიკურად და ინსტიტუციურად არ იზრდება ისე სწრაფად, როგორც საქართველო.

,,ქვეყანამ და ხალხმა დაისვენა ომებისგან, რომელიც ჩვენს სიცოცხლეს და იმედებს კლავდა. და როგორც ჩვენს ისტორიაში ხდებოდა, მშვიდობასთან ერთად დადგა დრო ქართული გენის გამოვლენის და ქვეყნის აღმშენებლობის. სწორედ ამიტომ არის, რომ დღეს არცერთი ევროპული ქვეყანა ეკონომიკურად და ინსტიტუციურად არ იზრდება ისე სწრაფად, როგორც საქართველო; სწორედ თორმეტწლიანი უწყვეტი მშვიდობის შედეგია ახალი თაობა, რომელსაც არ უნახავს ომი და არ განუცდია ნგრევის ტკივილი. პირიქით, მშვიდობითა და უნიკალური შესაძლებლობებით ფრთაშესხმულებმა მსოფლიო მასშტაბით ამაყად გაიტანეს საქართველოს სახელი. სწორედ 12 წლის წინ დათესილმა მარცვალმა და გრძელვადიანმა ხედვამ გახადა შესაძლებელი, რომ ევროპაში ბევრი სკეპტიკოსის მიუხედავად მივაღწიეთ ასოცირების შეთანხმებას, ევროპიდან ბევრის წინააღმდეგობის მიუხედავად მოვიპოვეთ უვიზო მიმოსვლა, ბევრი ევროპელი ოპონენტის მცდელობის მიუხედავად გავხდით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. ეს შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“, განსხვავებით დამოუკიდებლობის პერიოდის ყველა სხვა ხელისუფლებისგან, არასდროს ყოფილა სულსწრაფი, არ ეძიებდა იმ წამიერ და მყიფე შედეგებს, არამედ ისახავდა გრძელვადიან და მდგრად მიზნებს. ჩვენივე ისტორია გვასწავლის, რომ ქვეყნის ცხოვრებაც ადამიანის ცხოვრებასავით არის, სადაც მოჩქარეს ყოველთვის მოუგვიანდება,’’ - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე, მადლობა გადაუხადა ,,ქართულ ოცნების’’ მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ განვლილ რთულ ქარტეხილებში ყოველთვის ინარჩუნებდნენ მთავარ ორიენტირს - საქართველოს სამშვიდობოზე გაყვანას.

,,მადლობა მინდა გადავუხადო ქართული ოცნების დიდ ოჯახს - თითოეულ პარლამენტარს, მთავრობის წევრს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელს, პარტია ქართული ოცნების წევრების და მხარდამჭერების დიდ არმიას. მადლობა იმისთვის, რომ განვლილ რთულ ქარტეხილებში ყოველთვის ვინარჩუნებდით მთავარ ორიენტირს - საქართველოს სამშვიდობოზე გაყვანას. მადლობას ვუხდი ასევე ნამდვილ მეგობრებს შიგნით და გარეთ, მშვიდობის გზაზე საქართველოს გვერდში დგომისთვის. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ეს მეგობრობა და მომავალშიც ვიქნებით ერთგული ნამდვილი მეგობრებისადმი ჭირსა თუ ლხინში,’’- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.