საკლასო ოთახებში, აუდიტორიებში თუ რიგ სასწავლებლებში, ჩვენს ოპონენტებს დიდი პროპაგანდისტული, არაეთიკური ველი აქვთ გახსნილი, ჩვენ ამას არასდროს გავაკეთებთ, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „დღის ქრონიკაში“.
მინისტრმა აღნიშნა, რომ იმ სტუდენტების მიმართ, ვინც პროტესტის დღეებში რიგ საკითხებს გულწრფელად აპროტესტებდა, სამინისტროს ნეგატიური დამოკიდებულება არ გამოუვლენია.
„პირიქით, ჩვენი სამინისტრო რა სერვისებსა და მხარდამჭერ ზომებსაც სთავაზობდა ყველას, ბუნებრივია, სთავაზობდა მათაც. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. ბუნებრივია, პოლიტიკური სიმპათიები შეიძლება, ყველას ჰქონდეს. პირდაპირ, საკლასო ოთახებში, აუდიტორიებში თუ რიგ სასწავლებლებში, სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს დიდი პროპაგანდისტული, არაეთიკური ველი აქვთ გახსნილი აკადემიურ სივრცეში, ჩვენ ამას არასდროს გავაკეთებთ. ჩვენ გავაკეთებთ მხოლოდ იმას, რომ ჩვენს ახალგაზრდებს ვუთხრათ, რას ვაპირებთ მათთან დაკავშირებით როგორც საგანმანათლებლო, ასევე ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით. აქვე შემიძლია, ვუთხრა მათ, რომ საარჩევნო პროგრამაში იქნება ძალიან ამბიციური, მასშტაბური პროექტები და პროგრამები ჩადებული, რომლებიც დარწმუნებული ვარ, მათ ცხოვრებას ერთი-ორად გააუმჯობესებს“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს „ქართული ოცნება“ იწყებს საარჩევნო კამპანიას.
„ჩვენ ვიწყებთ იმ მარათონს, რომელიც აუცილებლად 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის და ბუნებრივია, ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდება“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.